უკანახაზელები კი, რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, უმთავრესად ფედერალ 1 დივიზიონის კლუბებში თამაშობდნენ.
შუამარბი რევაზ გიგაური ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობდა და მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა.
იქიდან მოყოლებული, დღემდე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, თუმცა საუკეთესო სეზონი აქამდე მხოლოდ წლეულს ჰქონდა, როცა "მონლუსონთან" ერთად პლეი ოფში გასვლამდე ცოტა დააკლდა.
დოსიე
რევაზ გიგაური
დაიბადა: 09.05.1984
თამაშობდა: "მგლები"
ასკ - 1999-2001
"ლოკომოტივი" - 2002-2005
"მონლუსონი" - 2006-2008
"მასი" - 2008-2009
"ფიჟაკი" - 2009-2010
"ბულონი" - 2010-2011
2012 წლიდან ისევ "მონლუსონი"
ეროვნულ ნაკრებში: 36 კეპი, ორი ლელო (10 ქულა).
მსოფლიოს თასის 2007 და 2011 წლების გათამაშების მონაწილე.
საკლუბო კარიერასა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ რევაზ გიგაურს საფრანგეთში დავუკავშირდით.
- წლევანდელი სეზონით კმაყოფილი ვარ. მართლაც კარგად ვასპარეზობდით. დასანანია, რომ პლეი ოფში გასვლა შეგვეძლო და საამისოდ ერთი მოგება დაგვაკლდა. საბოლოოდ, მართალია, მე-5 ადგილზე გავედით, მაგრამ ჩვენი დონის გუნდისთვის წლეულს ნორმალურ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ.
- რა დონის კლუბია "მონლუსონი? რამდენად კარგად გამართული ინფრასტრუქტურა აქვს?
- ფედერალ 1 დივიზიონის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამართული ინფრასტრუქტურა აქვს. ახალი სტადიონი ააშენეს, რომელზეც პირველად წლეულს ვითამაშეთ.
საწვრთნელი ბაზაც ნორმალურია. ერთი სიტყვით, ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ რანგით უფრო მაღალ დივიზიონში ვითამაშოთ.
კლუბის ხელმძღვანელობა სამომავლოდ გეგმავს, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ელიტურ, მეორე დივიზიონში გადავიდეთ. გუნდში უკვე მოიწვიეს "კლერმონის" ცხრა ნომერი კევინ სენიო და სამოელი შუამარბი გევინ ვილიმასი, რომელიც ამ სეზონში "სტად ფრანსეში" თამაშობდა.
ეს იმის დასტურია, რომ მომდევნო სეზონში ბევრად ძლიერი გუნდის გაკეთება უნდათ და ვეცდებით ელიტაში ავიდეთ.
- თქვენ გარდა "მონლუსონში" კიდევ ერთი ქართველი, შერკინების პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძეც თამაშობს. გუნდის ხელმძღვანელები ქართველი მორაგბეების გარჯით კმაყოფილნი არიან?
- დიახ, "დაჩიც" "მონლუსონში" თამაშობს, მწვრთნელები ჩვენით კმაყოფილნი არიან და გვენდობიან. უნდათ მომავალ სეზონშიც აქ ვითამაშოთ. ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით ხელშეკრულებაზე ხელი არ მოგვიწერია.
- სხვა გუნდიც გეპატიჟებათ?
- ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, თუმცა გამორიცხული არ არის, სხვა გუნდშიც გადავიდეთ.
- "მონლუსონში" უცხოელები ბევრნი ხართ. ლეგიონერებზე შეზღუდვები არ მოქმედებს?
- დიახ, უცხოელები მართლაც ბევრნი ვართ, სამხრეთაფრიკელები, არგენტინელები, ბელგიელები და ჩვენ. შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ პრობლემას არ გვიქმნის. ქალაქში ბევრი ქომაგი გვყავს, რაგბი აქ ძალიან უყვართ და ყველა გასვლით თამაშზე თან დაგვყვებიან.
- მოდით საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ბოლოს ჩვენს ეროვნულ გუნდში 2012 წელს ითამაშეთ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან. იმ მატჩში "ბორჯღალოსნები" დამარცხდნენ. რა იყო ამის მიზეზი?
- ერთა თასზე იმ წელიწადს ეგ პირველი მატჩი იყო. გადახალისებული შემადგენლობა გვყავდა, ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ ითამაშა.
არ ვიყავით სათანადოდ შეთამაშებულნი. ამასთან ერთად, ესპანელებმაც კარგად ითამაშეს, ძლიერი ნაკრები ჰყავდათ. ვფიქრობ, ყოველივე ამან ერთობლიობაში განაპირობა ჩვენი მარცხი.
- იმ მატჩის შემდეგ წელიწადზე მეტია, ნაკრებში არ გეძახიან. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ეს, ალბათ, მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის გამოუძახებლობის მიზეზი არავის უთქვამს.
- 2011 წელს ახალ ზელანდიაში ფულბეკად ითამაშეთ. მიმაჩნია, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ახლაც ესპანეთთან იმავე პოზიციაზე იდექით. არადა თქვენ ხომ ფულბეკი არ ხართ?
- დიახ, ფულბეკი არ ვარ. ამას ვამბობ კიდეც, ჩემი სათამაშო ამპლუა შუამარბი და გარემარბია. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მსოფლიოს თასზე ფულბეკის პოზიციაზე უნდა მეთამაშა და ვითამაშე კიდეც.
- ესპანეთთან ის მატჩი მილტონ ჰეიგისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი იყო. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ჩვენი გუნდის თამაშში მას შემდეგ?
- ძალიან ძნელია შეადარო ესპანეთთან მატჩში იმ შემადგენლობით თამაში, მაგალითად ფიჯისთან და იაპონიასთან გასული გუნდის თამაშს.
უკვე ვთქვი, რომ ესპანელებთან ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, ამიტომ თამაშის ხარისხის შედარებას ვერ გავაკეთებ.
- ზოგადად თუ შეიცვალა რამე? ვთქვათ, სათამაშო სტილი...
- გაშლილი თამაშის მცდელობა ჰეიგის წინამორბედ მწვრთნელებსაც ჰქონდათ. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამისკენ იყო მიმართული. ასე რომ, ჩვენი გუნდის ახლანდელი თამაშის მანერა სიახლე არ არის. უბრალოდ, მისი უფრო დახვეწაა საჭირო.
- დარწმუნებული ვარ, ნაკრებში დაბრუნება გინდათ. რა უნდა მოხდეს, რომ მწვრთნელმა ისევ გამოგიძახოს?
- რასაკვირველია ნაკრებში დაბრუნება მინდა. ეროვნულ გუნდში თამაში ყველა მორაგბეეს ოცნებაა.
რა უნდა მოხდეს? ალბათ, ის, რომ მომეცეს საშუალება ჩემს პოზიციაზე ვითამაშო და მაქსიმალურად გამოვავლინო რაც შემიძლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"