ირაკლი მაჩხანელი: სულსწრაფი ხალხი ვართ, ყველაფერი ახლავე გვინდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში მოსახვედრად მარტო კარგი მორაგბეობა არ კმარა. გერქვას "ბორჯღალოსანი", ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, უდიდესი პატივია და მას დამსახურება სჭირდება.

კარგ მორაგბესთან ერთად, უნდა იყო ზრდილი, თავმდაბალი, ზნეობრივად სუფთა და
ჭეშმარიტი მამულიშვილი. "ბორჯღალოსნების"

გარემარბი და ამჟამინდელი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი სწორედ ყველა ამ თვისებითაა შემკული.

მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში ასპარეზობა სათქმელადაა იოლი, რეალურად კი, საამისოდ მუხლჩაუხრელი შრომა და ყოველივე ამქვეყნიურ სიამეზე უარის თქმაა საჭირო.

ეს ირაკლიმ შეძლო. მეტიც, გამორიცხული არ არის, მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს მეოთხედაც ეწვიოს, თანაც კაპიტნის რანგში.

თბილისის
"აკადემიის" აღზრდილმა რვა წლის წინათ საფრანგეთს მიაშურა. მერე უეცრად, თავისთვის მოულოდნელადაც, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და წლევანდელი სეზონის დასაწყისში თბილისის "არმაზში" ჩაირიცხა. ირაკლი მაჩხანელს მის საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე სასაუბროდ შინ ვეწვიეთ.

მაგიდას რომ მივუსხედით, იქვე წიგნი შევნიშნე. ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი" აღმოჩნდა.

- წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს. ამჟამად იმ წიგნებს ვკითხულობ, "კვირის პალიტრის" პროექტში - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - რომ შედის. კარგი წამოწყებაა, ძალიან მომწონს.

- რაგბიზე გადავიდეთ. საქართველოს ნაკრების პირველი მორაგბე ხართ, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდით და აქ განაგრძობთ კარიერას. რატომ მოიქეცით ასე?
- სანამ საქართველოში წამოსვლას გადავწყვეტდი, დიდხანს ვყოყმანობდი. არადა შინ დაბრუნება მინდოდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ზურა ამონაშილი ჩემი მეგობარია.

ხშირი, თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. მასთან საუბარში ვთქვი, რომ თბილისში დაბრუნება მინდოდა. მან შემომთავაზა "არმაზის" ვარიანტი. "არმიაში" თამაში არ მინდოდა.

იმიტომ კი არა, რომ ცუდი გუნდია. თითქმის ყველა ძლიერი მოთამაშე იქ გადადიოდა და ამიტომ. თუმცა, სერიოზული პირობები რომ შემოეთავაზებინათ, ალბათ დავთანხმდებოდი.

მერე ზურამ "არმაზის" ხელმძღვანელებსაც უთხრა ჩემ შესახებ. ისინიც დაინტერესდნენ.

დამიკავშირდნენ და სიტყვიერად შევთანხმდით. ისეთი ადამიანები არიან, რომ სიტყვაზე ნდობა ნამდვილად შეიძლება. გუნდის მწვრთნელებს დავით ვართანიანს და დავით კიკნაძეს ძალიან კარგად ვიცნობდი და კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია.

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ "არმაზმა" წლეულს თავის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სეზონი ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონატში გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. ასე შორს არმაზელები არასდროს წასულან. რა შეიცვალა გუნდში?
- უწინარესად პროფესიონალიზმი. სეზონის დაწყების წინ, როგორც წესი და რიგია, ყაზბეგში საწვრთნელი შეკრება გავმართეთ.

იქვე დავისახეთ პროგრამა მინიმუმი. შევთანხმდით, რომ იმ კონტინგენტით, რაც გუნდში იყო, წარმატება მეოთხე ადგილზე გასვლა იქნებოდა. მიზნად ფინალში მოხვედრა რომ დაგვესახა, არ იქნებოდა სწორი.

ამასთან ერთად, გაგვიმართლა კიდეც. თითქმის მთელი სეზონი ერთი და იმავე შემადგენლობით ვითამაშეთ.

სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. ასე რომ არ ყოფილიყო, რესურსი ნამდვილად არ გვეყოფოდა დასახული მიზნის მისაღწევად. თანაც მწვრთნელებმა შესანიშნავად იმუშავეს, საქმეში მთელი სული და გული ჩადეს.

შედეგად, დავით ვართანიანი საქართველოს 19-წლამდელთა მწვრთნელად დაინიშნა. ძალიან უშუალო, კარგი მწვრთნელია.

მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ და დამეხმარეთო - გვეუბნებოდა. მოთამაშეებიც ბოლომდე ავყევით. მერე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა.

თითქმის ყველა ბავშვობიდან ერთად თამაშობს, ერთმანეთის მეჯვარეები, ნათელ-მირონები არიან. ერთმანეთის დანახვა უხარიათ. ეს გუნდის ერთ მუშტად შესაკრავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

- რა გეგმები აქვს სამომავლოდ "არმაზს"?
- მალე გუნდის კრება გაიმართება და კლუბის ხელმძღვანელები გეგმებზე იქ ისაუბრებენ. ვიცი, რომ გარკვეული მონახაზი არსებობს. უნდათ, რამდენიმე პროფესიონალი მოთამაშე დაიმატონ, რათა მომავალ სეზონში კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ.

- რით განსხვავდება საქართველოს ამჟამინდელ ჩემპიონატი იმ პერიოდის გათამაშებისაგნ, როცა საფრანგეთში გადაბარგდით?
- ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ თამაშის ტემპი გაცილებით გაზრდილია. ამის თქმა განსაკუთრებით მოწინავე გუნდებზე შეიძლება. ორი საუკეთესო გუნდი ამჟამად უფრო მაღალ ტემპში, ბევრად უკეთეს რაგბის თამაშობს, ვიდრე იმ პერიოდში, როცა საქართველო დავტოვე და საფრანგეთში გადავედი.

- საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე უცხოელი მსაჯი გამოჩნდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველები სულსწრაფი ხალხი ვართ. ახლავე გვინდა ყველაფერი.

უმაღლესი დონის მსაჯი რომ ჩამოვიდეს, იმასაც კრიტიკის ქარცეცხლში გავატარებთ. საფრანგეთის ელიტურ დივიზიონშიც კი, მსაჯები მატჩის მსვლელობისას 4-5 შეცდომას უშვებენ.

ამიტომ, დრო გვჭირდება საიმისოდ, რომ ქართველი მსაჯები გაიზარდონ. ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რა არის მსაჯობისას მთავარი. იმედია, ამ პროექტის მეშვეობით სქართველოში მსაჯების კვალიფიკაცია საგრძნობლად გაიზრდება.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. წლეულს თქვენ გუნდის კაპიტნობა განდეს. რამდენად მძიმეა ეს ტვირთი?
- ძალიან ძნელი ყოფილა. აბსოლუტურად განსხვავებული განცდაა. პირველ ორ მატჩში ისე საკუთარ თავზე არ ვნერვიულობდი, როგოიც თანაგუნდელების თამაშზე. ასე მეგონა, რომ თუ ვინმეს რამე არ გამოუვიდოდა, მე ვიყავი პასუხისმგებელი.

ძირითადად სულ გუნდურობაზე ვფიქრობდი. მერე ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და რუმინეთთან მატჩში ჩემს ახალ ამპლუასთან უკვე შეგუებული ვიყავი.

ამაში ძალიან დამეხმარა ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. ის ძალიან გამოცდილია და კარგად იცის ყველა ნიუანსი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოთამაშე ის ნაკრებში აღარ არის, მაინც ჩვენთანაა.

2003 წლიდან მოყოლებული საწვრთნელ შეკრებებზე ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ახლაც ასეა და მუდმივად მეუბნება, რას უნდა მივაქციო ყურადღება, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტნობისას.

- მუდმივად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი გუნდში თამაშის ახალ სტილს ნერგავს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?
- საქართველოს ნაკრები აქამდე ერთ-ერთი ყველაზე დაუბალანსებელი გუნდი იყო. საქმის 80 პროცენტს მორკინალები აკეთებდნენ და ეს გარკვეულ დონეზე ამართლებდა კიდეც.

ახლა ვცდილობთ თამაშში თანაბრად მიიღონ მონაწილეობა როგორც მორკინალებმა, ისე უკანახაზელებმაც.

ბოლო ერთა თასის გათამაშებაში, მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც გამოგვივიდა ახალი სტილით თამაში.

პორტუგალიის ნაკრებთან შესანიშნავი ხუთი წუთი გვქონდა. გვინდა, რომ ასეთი დონის თამაში ტაიმში 15-20 წუთი მაინც რომ ვანახვოთ.

როცა დიდი ხნის განმავლობაში ერთი ტაქტიკით თამაშობდი, ახალზე გადაწყობა სწრაფად ვერ მოხდება.

ამას დრო უნდა. ახლა ახალგაზრდულ ნაკრებებში სწორედ ამ სტილით ათამაშებენ ბიჭებს და როცა ეროვნულ ნაკრებში მოვლენ, უკვე მზად იქნებიან. მათთვის ღია, გაშლილი თამაში ახალი ხილი არ იქნება.

საქართველოს ნაკრებს თავდადება არასდროს აკლდა. ახალმა ტაქტიკამ კი ბევრი კრიტიკა გამოიწვია.

ზოგჯერ შეიძლება ეს გადაჭარბებულიც იყო, შეიძლება ზომიერიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაკრებს კარგი ტაქტიკა აქვს არჩეული და სწორი მიმართულებით ვითარდება.

გუნდში მორაგბეებს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ბევრი დამსახურებული მოთამაშე წავიდა ნაკრებიდან, ბევრი ახალგაზრდაც მოვიდა, რომლებმაც გუნდში ინტეგრირება ადვილად შეძლეს.

მიმაჩნია, რომ ყველასთვის დიდი პატივია ისეთი მაღალი კლასის მორაგბეების გვერდით თამაში მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე რომ არიან. ესენი მეც ძალიან მეხმარებიან.

- ნაკრების თითქმის ყველა წევრი საუბრისას აღნიშნავს, რომ მილტონ ჰეიგი მაღალი დონის სპეციალისტია. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ ახალზელანდიელი საუკეთესოა მათ შორის ვისაც ჩვენს ეროვნულ გუნდში უმუშავია...
- ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები. ყველა ის უცხოელი, ვისაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია, ერთა თასის დასრულების შემდეგ ქუდს დაიხურავდა და შინ ბრუნდებოდა. ჰეიგი კი თბილისში ცხოვრობს, ძალიან დიდი მონდომებით მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად ესაუბრება, რეკომენდაციებს აძლევს. ამას რომ ხედავ, შენ, მოთამაშეც მეტად ინდომებ.

- იმედია, 2015 წლის მსოფლიოს თასზე მაგარი გუნდი გვეყოლება...
- თუ ერთა თასზე პირველი ადგილი დავიკავეთ ინგლისში C ჯგუფში მოვხვდებით. საკმაოდ რთული ჯგუფია და ძნელია წინასწარ რამის თქმა. ხელშესახები წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება.

დოსიე

ირაკლი მაჩხანელი
დაიბადა: 18.07. 1981 წელი
თამაშობდა: "აკადემია" 2005 წლამდე
"ბეზიე" 2005-2007
"მონ დე მარსანი" 2007-2008
"აჟენი" 2008-2009
"სენტ ეტიენი" 2009-2010
"მონლუსონი"" 2010-2011
"სენტ ეტიენი" 2011-2012
"არმაზი" - 2012 წლიდან
მსოფლიოს თასის 2003, 2007 და 2011 წლების გათამაშების მონაწილე.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2013 წლიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ბიჭებო...ერის ღირსეული და საამაყო შვილები ხართ,მთელი რაგბის სამყარო,თითოეული რაგბისტი,სადაც არ უნდა თამაშობდეს და მოხდება თუ არა ნაკრებში...ყველანი ამ ვაჟკაცური სპორტის განვითარებას და განმტკიცებას უწყობთ ხელს.... თქვენი სულისკვეთება მთელ ერს გადაედება და მტკიცე,ჯანსაღი,უაღრესად მამაცი,ამავე დროს თანმდაბალი, ,სიმართლისა და სამართლიანობისათვის დამცველი,ალალი,გულწრფელი და ეროვნული ღირებულებების მქონე თაობა და თაობები გაიზრდება (!!!) და ასე,ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ რუს-მონღოლთა ბუნებაში გამჯდარ:კრიმინალურ მენტალიტეტს და ცბიერი ცხოვრების წესს,რაც უპირველესი მიზეზია,რომ დღეს ძალიან გვიჭირს ეროვნულ-სამართლებრივი ,თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა! თქვენი წარმატებებით ერი ხარობს!!!
glaxuna
15:19 28-04-2013
0
ტემპის მომატებამ ქართული რაგბი უფრო სანახაობრივი გახადა. ნეტავ ჩვენი ფეხბურთელები როდის ისწავლიან ტემპის მომატებას?
guja_kakhadze
15:30 28-04-2013
0

სიახლეები პოპულარული