დავით ქუბრიაშვილი
დაიბადა: 03.12.1986
მეტსახელი: დუდუ
თამაშობდა: "ლელო", 2006 წლამდე
"მასი" 2006-07
"მონპელიე" 2007-08
"ტულონი" 2008 წლიდან
2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე
ნაკრებში მოიხვეჭა 24 კეპი
რაგბის თამაში თბილისის "ლელოში" დაიწყო და, როგორც ამ კლუბის ყველა აღზრდილი, უაღრესი თავმდაბლობით გამოირჩევა.
ფენომენალური ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი თავისი შრომისმოყვარეობით მუდამ სამაგალითო იყო.
მან სწორედ ამის ხარჯზე შეძლო და აგერ, უკვე ოთხ წელიწადზე მეტია, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ტულონის" ღირსებას იცავს და მისი წამყვანი მოთამაშეა.
ამასთან ერთად, ტულონელები რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პირდაპირ ნახევარფინალიდან განაგრძობენ.
საკლუბო კარიერასა და საქართველოს ნაკრების სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დავით ქუბრიაშვილს საფრანგეთში დავუკავშირდით.
- "ტულონმა" საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა. არადა, ეს გუნდი დიდხანს ლიდერობდა. სატურნირო ცხრილში პირველი საფეხურის დაბევება ცუდი არ იქნებოდა...
- ცხადია, პირველი ადგილის დაკავება სჯობდა. საფრანგეთის ჩემპიონატს ექვსი თვის განმავლობაში ვლიდერობდით. თუმცა, საერთო ჯამში, პლეი ოფისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირველ ადგილს დავიკავებდით თუ მეორეს. ნახევარფინალში ორივე შემთხვევაში გუნდი პირდაპირ გადის.
- რამდენად კმაყოფილნი არიან ნაჩვენები შედეგით გუნდის მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი და კლუბის მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი?
- განვლილი ეტაპით კმაყოფილნი არიან, მაგრამ სეზონის მთავარი მატჩები წინ გვაქვს. პლეი ოფის თამაშები, ფაქტობრივად, ახალი ჩემპიონატი, ახალი ტურნირია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს.
- სანამ "ტულონი" პლეი ოფში ჩაერთვება, "ჰაინეკენის თასის" ფინალი გაქვთ სათამაშო. სეზონის წინ ბურჯელალი იქადნიდა, წლეულს ყველაფერი უნდა მოვიგოთო. შეძლებთ კი ორ ფრონტზე თანაბრად ძლიერად ბრძოლას?
- შეძლებით კი შეგვიძლია; სხვა საქმეა, მოვახერხებთ თუ არა ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებას. საგულისხმოა, რომ "ჰაინეკენის თასის" ფინალში მეტოქე "კლერმონია". გამორიცხული არ არის, საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალშიც ამ გუნდს დავუპირისპირდეთ. ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა არც ჩვენ ვართ სუსტები.
- მას შემდეგ, რაც ერთა თასის გათამაშებაში იასპარეზეთ და ეროვნული ნაკრებიდან კლუბში დაბრუნდით, "ტულონის" შემადგენლობაში ხშირად აღარ ჩანდით...
- ასე ხშირად ხდება ხოლმე. ნაკრებში სათამაშოდ რომ მიდიხარ, კლუბის ხელმძღვანელებს ეს არ უხარიათ. მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრებზეა საუბარი.
ჩვენი გუნდი ისე მკვეთრად არ ჩანს, როგორც, ვთქვათ, ექვსი ერის გათამაშების მონაწილე ნაკრებები. ხშირად ნაკრების და კლუბის თამაშების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.
თანაც მწვრთნელსაც გააჩნია. არიან ისეთები, რომლებსაც პატარა მიზეზიც ყოფნით საიმისოდ, რომ პრობლემა შეგიქმნან; თუმცა ისეთებიც არიან, ვინც ყოველივე ამას გაგებით ეკიდება. ერთი მხრივ, პირველი ტიპის მწვრთნელების მოტივაციაც გასაგებია. როცა გაქვს არჩევანის საშუალება, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა? ერთი სიტყვით, როცა გუნდში კონკურენცია დიდია, ადგილს შემადგენლობაში ადვილად კარგავ.
- ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გადაბირებით ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" და ბასკური "ბაიონი" არიან დაინტერესებულნი...
- ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. აქვე დავძენ, რომ "ტულონთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადით მაკავშირებს.
- თქვენს პოზიციაზე ქართველი კონკურენტი გყავთ. ლევან ჩილაჩავას ლაპორტი ახლა ადრინდელთან შედარებით მეტად ენდობა...
- დიახ, ლევანს ხშირად აძლევენ თამაშის საშუალებას და ის თავის შანსს შესანიშნავად იყენებს. მე თუ მკითხავთ, ლევანი გუნდში მესამე მარჯვენა ბურჯია და შარშანაც ბლომად უნდა ეთამაშა. არადა, პირდაპირ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში მოუწია თამაში. თანაც ახალგაზრდა და მზარდი სპორტსმენია.
- მისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად უწევს თამაში მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს...
- კოტეს შემთხვევა განსხვავებულია. "ტულონში" მოთამაშე მეორეხაზელები ეროვნული ნაკრებების წევრები არ არიან და ამიტომ თამაშის ნაკლები შანსი უჩნდება. თუმცა წლეულს მან მაინც შეძლო რამდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, რომ მას მწვრთნელები მეტად უნდა ენდონ და, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაამართლებს.
- "ტულონმა" მომავალი სეზონისთვის თადარიგი წინდაწინ დაიჭირა და კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს...
- დიახ, უკვე გაუფორმეს კონტრაქტი სამხრეთაფრიკელ გარემარბ ბრაიან ჰაბანას, ავსტრალიელ დრიუ მიტჩელს. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია შერკინების იტალიელი ბურჯის, მარტინ კასტროჯოვანის ჩვენს გუნდში გადმოსვლაც. აი, ჯორჯ სმითის კონტრაქტი კი ჩაიშალა, რადგან მან "ნატალ შარქსში" არჩია მენეჯერად მუშაობა.
- საქართველოს ნაკრებს ივნისში თბილისის ტურნირი და არგენტინაში ტესტ-მატჩი ელოდება. თქვენ ითამაშებთ "ბორჯღალოსნების" რიგებში?
- თბილისში გასამართ ტურნირზე ასპარეზობა რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები გვაქვს სათამაშო. არგენტინაში კი დიდი სურვილი მაქვს, გავემგზავრო. თუ ჯანმრთელობა არ მიმტყუნებს, "პუმებთან" აუცილებლად ვითამაშებ.
- ასევე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და მამუკა გორგოძე "ბარბაროსებში" მიგიწვიეს...
- მოწვევა ორივემ მივიღეთ. ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი "ლომების" წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან ორივე იმ დროისთვის კლუბში ვიქნებით დაკავებულნი. არადა, კარგი იქნებოდა, ორ ქართველს ერთად გვეთამაშა "ბარბაროსებში". ძალიან გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად არ ხერხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თქვენ გენაცვალეთ სპორცმენებიც ასეთი უნდა, ღმერთმა გამრავლოთ
თქვენ გენაცვალეთ სპორცმენებიც ასეთი უნდა, ღმერთმა გამრავლოთ