თემურ ბენდიაშვილი: უძლეველი გუნდები არ არსებობენ

AutoSharing Option
ქართული რაგბის ფლაგმანი, თბილისის "ლოკომოტივი" გასულ სეზონში მისთვის უჩვეულო, მეექვსე ადგილს დასჯერდა.

კლუბისთვის, რომლისთვისაც, პირველი ადგილის გარდა, ყველა სხვა წარუმატებლობად მიიჩნევა, ცხადია, ეს ძალიან ცუდი შედეგი იყო.

რკინიგზელები საქართველოში ყველაზე ტიტულოვანნი არიან და, სავარაუდოდ, წლეულსაც უმაღლესი სინჯის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

გუნდი მუდმივად გამოირჩეოდა სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თამაშის ხელწერით.

შეძლებს თუ არა "ლოკომოტივი" მის შენარჩუნებას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამის თაობაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს ვესაუბრეთ.

- გასული სეზონი "ლოკომოტივისთვის" წარუმატებელი გამოდგა. მეექვსე ადგილი ის არ არის, რისთვისაც გუნდი
მუდმივად იბრძვის. რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი ჩავარდნა?
- ყველანაირ ჩავარდნას თავისი ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. ის ყალიბდება მოთამაშეების დამოკიდებულებით ერთმანეთის, ვარჯიშისა და მწვრთნელების მიმართ.

როცა გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული, როცა ვაჟკაცური და პატიოსანი სულისკვეთებაა გამეფებული, ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი რომ გვქონოდა, ზოგიერთ ისეთ თამაშს, რომელიც შარშან წავაგეთ, არაფრით დავთმობდით.

წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ტრავმების გამო გუნდის ლიდერი ბობა კვინიხიძე დაგვაკლდა.

ამან გამოიწვია დალაგებული ურთიერთობის არევა. მწვრთნელებმა ვერ შევძელით ისეთი ლიდერის მონახვა, რომელიც მის ფუნქციებს შეითავსებდა. ლიდერი, ზოგადად, არის სამი სახის:

პირველი - ის თვითონ არის ვარსკვლავი; მეორე - ლიდერს შეუძლია, თანაგუნდელებს განწყობა აუმაღლოს, უფრო შემართებით ათამაშოს; და მესამე - ლიდერი, რომელიც თამაშს ალაგებს, წარმართავს. ბობა კვინიხიძე ამ სამივე თვისების მატარებელი იყო. ეს ყველაფერი რომ მოიშალა, ვერ შევძელით ისეთი ადამიანის მონახვა, ვინც ლიდერობას იკისრებდა.

ამასთან ერთად, ისევე, როგორც ყოველთვის, გასული სეზონის წინაც გვქონდა ფინანსური პრობლემები. რამდენიმე მოთამაშემ გუნდი დატოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი რამ წარმატებული სეზონის დროსაც ხდებოდა. მთავარი კი ის არის, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

- წლევანდელი სეზონის წინ კლუბების უმრავლესობა რთული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მათ შორის თქვენ არ იყავით, რადგან სპონსორის მოძიება შეძელით...
- სახელმწიფო წლეულს ყველა გუნდს დაეხმარა. ეს დროული აქცია იყო. ცხადია, თანხის რაოდენობა არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ახალგაზრდა მორაგბე პროფესიონალი გახდეს, მაგრამ გუნდის არსებობისთვის სასიხარულოა, რომ ათწლიანი შესვენების შემდეგ "ლოკომოტივი" რკინიგზას დაუბრუნდა.

ამ დარგის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ყოფილი მორაგბეა და მის მიერ მიღებული ეს პატრიოტული გადაწყვეტილება, "ლოკომოტივს" დაეხმაროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

- რამდენიმე წლის წინათ თქვენს კლუბს დიღომში არსებული "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა გადაეცა. რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს ნაგებობა?
- სავარჯიშო პირობები კარგი გვაქვს, თუმცა ვიცი, რომ ამ ბაზის რეკონსტრუქცია "ფონდ ქართუს" რაგბის განვითარების პროგრამაში აქვს შეტანილი და ველოდებით სამუშაოების დაწყებას.

- მომავალი სეზონისთვის ამ ბაზაზე ემზადებით?
- დიახ, ვარჯიში ჯერ კიდევ 10 ივლისიდან დავიწყეთ. ახლახან ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება დაბა ურეკში გავმართეთ. იქვე ორი საკონტროლო თამაში ჩავატარეთ "ბათუმთან" და ქუთაისის "აიასთან".

ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ და ორივე მატჩი წავაგეთ. მორაგბეები მოტივირებულნი არიან. თავდადებას ვერ დავუწუნებ, მაგრამ ტაქტიკური გადაადგილება რომ მოახერხონ და თამაშის მონახაზი შეასრულონ, ტექნიკისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების სინთეზია საჭირო.

ეს დარღვეულია. რამდენიმე მოთამაშეს, რომელსაც საკვანძო პოზიციებზე მოუწევს გარჯა, ტექნიკური არსენალი აქვს გასამდიდრებელი.

- სეზონებს შორის შესვენებისას რა ცვლილებებია გუნდში?
- გუნდი სამმა მორაგბემ დატოვა: ზვიად მაისურაძე და ირაკლი ღვინჯილია "არმიაში" გადაბარგდნენ, ზურაბ კორკოტაძე კი "ჯიქებში" გადავიდა. "ლოკომოტივში" თამაშის სურვილი გამოთქვეს "ჯიქების" მორაგბეებმა - ჯაბა კიკვიძემ და ალეკო ზაბახიძემ. "ლელოდან" მგეზავი გოდერძი ჭინჭარაული დავიმატეთ. რუსთავის "ხარებიდან" მეორეხაზელი რატი ხარძიანი მოვიწვიეთ, ხოლო ქუთაისის "აიადან" ლევან თხელიძე და ჯემალ ვასაძე შემოგვიერთდნენ.

- ამ შემადგენლობით, რაც ამჟამად "ლოკომოტივს" ჰყავს, რა პოტენციალი გააჩნია გუნდს, შეუძლია, ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?
- დიახ, ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. შარშან, მაგალითად, მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება შეგვეძლო.

ვფიქრობ, რეალურად შეგვიძლია, პირველობისთვის გავისარჯოთ. გვყავს სათადარიგო გუნდი, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, იმედისმომცემი მოთამაშეა.

ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდებიდან უკვე მივიღეთ შევსება. ჩვენი კლუბის სკოლა ნაყოფიერად მუშაობს. თუმცა მიმაჩნია, რომ მეტი შეგვიძლია, უფრო უკეთაა საჭირო გარჯა. ტექნიკის სწავლება ბავშვობიდანაა საჭირო, სწორი მოძრაობა, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე - აი, აქ გვჭირდება მეტი მუშაობა.

ყოველივე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ კომპონენტში ხარვეზს ვერაფრით გადაფარავ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებთ, მაგრამ, ალბათ, ისიც ცნობილია თქვენთვის, რომ წლეულს კონკურენცია ძალიან დიდი იქნება...
- უძლეველი გუნდები არ არსებობენ. გააჩნია, იმ წუთში რა განწყობით, რა ხასიათზე გავიდა სათამაშოდ შენი და მეტოქის მორაგბე. წესით, წლევანდელი სეზონი უწინდელზე უკეთესი უნდა იყოს.

ბათუმში მივიდა სამუშაოდ კარგი მწვრთნელი ლევან მგელაძე და ამ გუნდს ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაეტყო, რომ წლეულს პროგრესს მიაღწევდა, უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თავისი მორაგბეები დაიბრუნა "ყოჩებმა", საკმაოდ გაძლიერდა "არმაზი", ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები დაიმატა "ჯიქებმა".

საქმეში ვნახეთ ქუთაისის "აია", რომელიც ძალიან მობილური და კარგი გუნდია. ქუთაისელთა მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე საინტერესოდ მუშაობს და გუნდს კარგ რაგბის ათამაშებს.

ტრადიციულად ძლიერები იქნებიან და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ თბილისის "ლელო" და "არმია". ასე რომ, თავად განსაჯეთ, რა საინტერესო ბრძოლები გველის წინ. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს "აფხაზეთის ხმა" გადასცემს, მაყურებელი სტადიონებზე არ უნდა მოგვაკლდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: თბილისის "ლოკომოტივი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
RESPECT
GiorgiG83
11:59 15-04-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული