სამოამ საქართველოსთან მატჩისთვის საბრძოლო რაზმი გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" კანადის, აშშ-ისა და სამოას ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა სამოელთა სტუმრობა თბილისში. ასეთი დონის ეროვნულ ნაკრებს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჯერ არასდროს უთამაშია.

რაგბის საერთაშორისო საბჭომ უკვე გამოაქვეყნა იმ მსაჯების სია, რომლებიც ნოემბრის ტესტების მატჩებს განსჯიან.

9 ნოემბერს საქართველოსა და კანადის ნაკრებების შეხვედრას სამხრეთაფრიკელი ლოურენს ფან დერ მერვე წარუძღვება. თამაში ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ერთი კვირის თავზე "ბორჯღალოსნები" აშშ-ის ეროვნულ გუნდს რუსთავში დაუპირისპირდებიან.

მატჩის არბიტრი ახალზელანდიელი მაიკ ფრეიზერი იქნება, სამოელებთან თამაშის რეფერი კი ფრანგი
რომან პუატე გახლავთ. ამ შეხვედრას ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გასამართ სანაკრებო შეხვედრებზე პირველად დაინიშნება ვიდეორეფერი.

კანადასთან მატჩში ამ ფუნქციას ინგლისელი ჯეფ ვორენი შეასრულებს, ამერიკელებთან ეკრანს თვალს იტალიელი კარლო დამასკო არ მოაცილებს, სამოასთან კი ვიდეოგამეორების საშუალების ნახვა ფრანგ ერიკ გოზინს ექნება.

ამასობაში სამოას ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა იმ მორაგბეთა სია გააცხადა, ვინც ნოემბრის ტესტებზე ევროპაში ითამაშებს. გუნდში რვა ისეთი მორაგბეა, რომლებიც ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ. ესენია: ოლე ავეი (ბორდო), ტიი პაულო (კლერმონი), კენსუს ჯონსტონი, ჯო ტეკორი (ორივე - ტულუზი), ვილიამუ აფატია (აჟენი), დენ ლეო (პერპინიანი), პიულა ფაასალელე (კასტრი) და პოლ ვილიამსი (სტად ფრანსე).

ტესტებში არ ითამაშებენ ალესანა ტუილაგი და სეილალა მაპუსუა, რომლებიც იაპონიის ჩემპიონატში ასპარეზობენ. გუნდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშე კი კენსუს ჯონსტონია, რომელმაც ეროვნულ გუნდში 40 კეპზე მეტი მოიხვეჭა.

შეგახსენებთ, რომ სამოელები 9 ნოემბერს დუბლინში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 15 ნოემბერს "ფრანგი ბარბაროსების" წინააღმდეგ ითამაშებენ, 23 ნოემბერს კი მსოფლიოს მოწინავე ათეულში შემავალ გუნდს თბილისში ვიხილავთ.

"მებრძოლი სამოა", როგორც ამ ქვეყნის ნაკრებს ჰქვია, 80,42 ქულით რეიტინგში მე-7 ადგილზეა.

სამოას ნაკრები
შერკინება: ოლე ავეი, ტიი პაულო, კენსუს ჯონსტონი, საკარია ტაულაფო, ლოგოვი მულიპოლა, ჯეიმზ ჯონსტონი, ვილიამუ აფატია, ტეოფილო პაულო, დანიელ ლეო, პიულა ფაასალელე, ჯო ტეკორი, ფაატიგა ლამალუ, მაური ფაასავალუ, ოფისა ტრევირანუს, ჯეკ ლამი, ტაიასინა ტუიფუა, ფაიფილი ლევავე.
უკანა ხაზი: კან ფოტუალიი, ჯერემი სუა, ტუსი პისი, პატრიკ ფააპალე, ჯორჯ პისი, ჯონი ლეოტა, პოლ ვილიამსი, ისაია ტუიფუა, დავიდ ლემი, ალაპატი ლეიუა, სინოტი ვააულუ, ფაატოინა აუტაგავაია.

9 ნოემბერი
საქართველო-კანადა

16 ნოემბერი
საქართველო-აშშ

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული