ლევან დათუნაშვილი: ტესტებზე "ბორჯღალოსნებმა" სამივე ნაკრებს უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი აგერ, უკვე ცხრა წელიწადია, საფრანგეთში ასპარეზობს.

"ჩაქუჩამ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში მოასწრო თამაში და წესით, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, რათა ეროვნული ნაკრების ღირსება 2015 წელს ინგლისშიც დაიცვას.

ლევან დათუნაშვილი ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკში" თამაშობს.

ეს გუნდი ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და ისევე, როგორც შარშან, ამჯერადაც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

საკლუბო კარიერისა და ნაკრების გეგმებზე სასაუბროდ ლევანს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- წლევანდელი სეზონი
ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, შარშანდელთან შედარებით, კონკურენცია გაიზარდა. გუნდები საგრძნობლად მოღონიერდნენ. თანაც, რადგან გასულ სეზონში პლეი ოფში გავაღწიეთ და ნახევარფინალში ვითამაშეთ, ყველას მიაჩნია, რომ ფავორიტები ვართ და ჩვენ წინააღმდეგ ყველა გაათმაგებული ენერგიით თამაშობს.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე, როგორც შარშან, გუნდის მიზანი ამჟამადაც პლეი ოფში გაღწევაა...
- დიახ ასეა, რეგულარულ გათამაშებაში მინიმუმ მეხუთე ადგილზე უნდა გავიდეთ. მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გინდათ თუ არა, პირველ დივიზიონში უნდა გადახვიდეთო, არავინ გვეუბნება.

- რამდენად შესაძლებელია მიზნის მიღწევა იმ პირობებში, როცა გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა? ამ დროს "ლიონი" ვარსკვლავებითაა სავსე...
- "ლიონი" მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ მარტო ის არ არის ჩვენი კონკურენტი. "აჟენი", "ლა როშელი", "პო" ძალიან მაგარი გუნდებია და შესანიშნავად ასპარეზობენ კიდეც. ჩვენ ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით გამოვირჩევით და ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას.

- თქვენ უკვე მეორე სეზონია, სულ ძირითად შემადგენლობაში ხართ და, ამასთან ერთად, ძალიან იშვიათად გცვლიან. არ დაიღალეთ?
- რა დროს დაღლაა. წინ უმძიმესი თამაშები გველის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომდევნო ხუთი ტური. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ მატჩებში რამდენად წარმატებულად ვიასპარეზებთ. დაღლას რაც შეეხება, კვირაში ორი დღე გვაქვს გამოყოფილი დასასვენებლად და მაქსიმალურად ვცდილობ, ძალების აღსადგენად ნაყოფიერად გამოვიყენო. თანაც, აქ ძალიან კარგი პირობებია აღდგენითი პროცედურებისთვის.

- პირობები ახსენეთ და საინტერესოა, რამდენად მყარი ფინანსური გარანტიები აქვს კლუბს სამომავლოდ?
- კლუბს კარგი მომავალი აქვს. ახალი სტადიონი შენდება, რომელზეც პირველ თამაშს, სავარაუდოდ, მარტში გავმართავთ. პირველ დივიზიონში გადასვლაზე ჯერ არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ახალ სტადიონს, ალბათ, სწორედ მაგისთვის აშენებენ, რომ ელიტაში სათამაშოდ ყველანაირად მზად იყვნენ.

- "ორიაკში" კიდევ დიდხანს ითამაშებთ?
- ამ გუნდთან შარშან ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ოღონდ ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ პირველი დივიზიონის გუნდი მიმიწვევს, ხელი არ შემეშლება. ისე, მართალი გითხრათ, მეორე დივიზიონში თავს მშვენივრად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

- საქართველოს ნაკრებს ნოემბერში სამი ძალიან მაღალი დონის მეტოქე ეყოლება ტესტ-მატჩებზე. ხართ თუ არა გამოძახებული ეროვნულ გუნდში და რას ფიქრობთ აშშ-ის, კანადისა და სამოას ნაკრებების შესახებ?
- ჯერ არავინ შემხმიანებია, არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა. ნებისმიერ მეტოქესთან ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია, მით უმეტეს, აშშ-ის, კანადისა და სამოას ნაკრებებთან. პირველი ორი ძალიან ძლიერი გუნდია, სამოა კი მსოფლიოს ელიტაში შედის, მსოფლიოს რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. თუმცა ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნოემბერში სამივეს უნდა მოვუგოთ.

ლევან დათუნაშვილი
დაიბადა: 18.01.1983 წელი
სიმაღლე: 196 სმ
წონა: 114 კგ
ამპლუა: მხტომელი
თამაშობს: ორიაკი
ეროვნული ნაკრები: 54 კეპი, 4 ლელო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესო მოთამაშე ხარ ჩაქუჩ და წარმატებებს გისურვებ

0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული