მინუს ოთხში, ნულზე! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგია არ გაახარეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრა ბელგიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 35:0 გაიმარჯვა.

ავჭალის სარაგბო სტადიონი, მიუხედავად უამინდობისა, გულშემატკივრებით გადაივსო, ისინი კი, ვისთვისაც ტრიბუნებზე ადგილი არ აღმოჩნდა, არენის მიმდებარე გორაკებიდან ადევნებდნენ თამაშს თვალს.

მინუს ოთხ გრადუს ყინვაში გამართული მატჩი ქართველი მორაგბეების სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანაგარიში კი უკვე მეექვსე წუთზე გაიხსნა.

"ბორჯღალოსნების" შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც დიმიტრი ბასილაიამ და კოტე მიქაუტაძემ კარგად გაითამაშეს
ბურთი და ამ უკანსკნელმა ლელოც დადო. მერაბ კვირიკაშვილს გარდასხვა გაუცუდდა, ბურთი ძელს მოხვდა - 5:0.

"მეკომ" შეცდომა მალევე გამოასწორა, როდესაც მე-9 წუთზე დავით კაჭარავასგან მიიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეირბინა. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 12:0.

Sportall.Ge

სტუმრებმა გაიბრძოლეს, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, მე-20 წუთისთვის კვლავ მილტონ ჰეიგის ბიჭებმა გაიხარეს - ბელგიელებს ლელო "ბორჯღალოსნების" ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ მერაბ შარიქაძემ დაუდო. "მეკოს" გარდასახვა არც ამჯერად გამოუვიდა - 17:0.

საქართველოს ნაკრების მეოთხე ლელო 32-ე წუთისთვის გავიდა. შერკინების შემდეგ ლევან ხმალაძემ ბურთი სტუმართა ჩათვლის მოედნისკენ ფეხით გაგზავნა, რასაც კვირიკაშვილი შეჰყვა და ლელოც დადო. "მეკომ" ვერც მარჯვენა ფლანგიდან გარდასახა - 22:0.

თუმცა, პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში მაინც კვირიკაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 25:0.

Sportall.Ge

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თითქოს კვლავ გაიბრძოლეს, მაგრამ ამაოდ, 55-ე წუთისთვის კი "ბორჯღალოსნებმა" სულაც კონტრშეტევით დასაჯეს. შარიქაძემ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩვენი ნაკრების კაპიტან ირაკლი მაჩხანელს შეუგორა, რომელსაც ხელი ვერავინ შეუშალა. "მეკოს" რეალიზაცია კი არც ამჯერად გამოუვიდა - 30:0.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მეექვსე ლელო გიორგი ჩხაიძემ გაიტანა, გარდასახვა კი ლაშა მალაღურაძემ დაარტყა, თუმცა ბურთი უკვე მეორედ ამ მატჩში, ძელს მოხვდა - 35:0.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეტოქემ, რომელიც შარშანდელ მატჩში საკმაოდ გვანერვიულა, წელს კი ბაქი-ბუქით გვესტუმრა თბილისში, ქულაც ვერ მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ერთა თასის მოქმედი გამარჯვებულია, მორიგი ხუთი ქულა მიითვალა და სატურნირო ცხრილში კვლავაც ერთპიროვნული ლიდერია.

1 თებერვალსვე ერთა თასის მეორე წრის პირველი ტურის სხვა მატჩებიც გაიმართა. ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა და ანგარიშით 25:28 დამარცხდა. რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" მთავარ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებმა შინ პორტუგალიას ანგარიშით 24:0 სძლია, თუმცა პრემიალური ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
შინაც სტუმრადაც თამაშში
სიძნელე გადაგელახოთ.
შარშანდელივით ბიჭებო
ჩემპიონები გვენახოთ.
Sota
10:59 02-02-2014
0
ესპანეთი-რუსეთი 25:28, რუმინეთი-პორტუგალია 24:0
obcheli
01:59 02-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული