საინტერესო დიალოგი Sky TV-ზე საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის თამაშის მიზანშეუწონლობის თაობაზე უკვე ბევრი ალაპარაკდა. ნოემბრის ტესტების დასრულებისთანავე "ლელოსთან" ინტერვიუში რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა პირველმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა თასისთვის გადაიზარდა (იხილეთ ვრცლად).

ახლახან კი, ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას, ტელეკომპანია Sky TV-ზე საინტერესო დიალოგი შედგა, რომელიც ძირითადად საქართველოს ნაკრებს უკავშირდებოდა.

გადაცემაში, წამყვანთან ერთად, ირლანდიური რაგბის ლეგენდა, "სამყურების" ყოფილი კვაჭი ქის ვუდი და შოტლანდიის ნაკრების ცხრა ნომერი ენდი ნიკოლი მონაწილეობდნენ.

აი, დაახლოებით რაზე ისაუბრეს მათ:

წამყვანი:
იტალიელები, ალბათ, გულდაწყვეტილნი იქნებიან ხელიდან გაშვებული რამდენიმე შანსის გამო. ირლანდიამ სრულიად დამსახურებულად დაამარცხა შოტლანდია. რამდენად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდათ იტალიას და შოტლანდიას, ექვსი ერის გუნდებსა და მეორე დონის ნაკრებებს შორის გავარდნა-აღზევება რომ იყოს?

Sportall.Ge
ენდი ნიკოლი:
ვფიქრობ, ღირებული შენიშვნაა. რამდენიმე მზარდი გუნდია: პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი...

წამყვანი: საქართველო!

ენდი ნიკოლი: დიახ, საქართველო... არ ვიცი, არ მგონია, რომ ისინი ჯერ... მგონია, რომ პროდუქტი უნდა გაუმჯობესდეს. როცა იტალია დაემატა ხუთ ერს, შეჯიბრება გაუმჯობესდა. არ მგონია, რომ გავარდნა-აღზევების შემთხვევაში იგივე დადებითი ეფექტი გვქონდეს.

ქის ვუდი: მე მინდა... ვინაიდან საქართველო ძალიან შთამბეჭდავად გამოვიდა მსოფლიოს თასზე.

წამყვანი: ...და ძალიან ბევრი ქართველი საფრანგეთში თამაშობს.

ქის ვუდი: მე მინდა, რომ უფრო ხშირად ეთამაშონ ამ ბიჭებს, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. მე არ ვარ გავარდნა-აღზევების მომხრე, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, იქნებიან თუ არა შოტლანდიელი და იტალიელი მორაგბეები წნეხის ქვეშ იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ექვსი ერის გათამაშებაში აღარ იყვნენ.

არ მგონია, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება, მაგრამ ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ მონაწილეობენ კონკრეტულად ეს ქვეყნები.

წამყვანი: მაშინ წინა წელს საფრანგეთი უნდა გავარდნილიყო.

ქის ვუდი: დიახ. საფრანგეთი გავარდებოდა, მაგრამ ძალიან მინდა საქართველოს ნახვა ამ გუნდების წინააღმდეგ.

ენდი ნიკოლი: ანუ საკითხი ასე დგას: შეიძლება თუ არა, რომ პირველი დონის ქვეყნებმა უფრო ხშირად ითამაშონ მეორე ეშელონის ქვეყნებთან, რათა ეს უკანასკნელნი განვითარდნენ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა - დიახ. მაგრამ არ ვიცი, რაგბის კალენდარში ეს როგორ აისახება.

Sportall.Ge
ქის ვუდი: ექვს ერში დამატებამდე ჩვენ იტალიას ვეთამაშებოდით ყოველწლიურად, მათ ჩვენ სამჯერ დაგვამარცხეს.

წამყვანი: ისიც აღსანიშნავია, რომ დიდ ბიჭებს ძალიან არ სურთ ნოემბრის ტესტებზე ერთზე მეტი თამაში მეორე ეშელონის გუნდებთან და იმასაც ხანდახან დიდი ძალდატანებით აკეთებენ, ვინაიდან სურთ დიდებთან თამაში, რასაც ფული მოაქვს. საერთოდ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ჩანს ელიტარული გუნდებისგან მეორე ეშელონის გასავითარებლად.

ქის ვუდი: მაგრამ სწორედაც რომ ასეთი სურვილი იყო იტალიის შემთხვევაში, სანამ ხუთ ერს დაემატებოდა. იტალია უფრო მეტჯერ თამაშობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა და სწორედ ასეთი ხშირი თამაშის შედეგად ითქვა, რომ ესენი საკმარისად კარგები არიან, რათა დაემატონ ხუთ ერს.

ვინ არის მეორე ეშელონის საუკეთესო წარმომადგენელი? ეს საქართველოა. მაშინ ისინი უნდა თამაშობდნენ 1 ან 2 მატჩს ნოემბრის ტესტებზე.

ენდი ნიკოლი: ახალი ზელანდია არასოდეს ჩასულა ტონგაში, სამოასა და ფიჯიზე. არასოდეს უთამაშია მათთან სტუმრად.

წამყვანი: ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენელს ორიოდ კვირის წინათ და მან მიპასუხა: რატომ უნდა ვეთამაშოთ?

ენდი ნიკოლი: იმიტომ, რომ თამაში განვითარდეს. ძალიან ცინიკურად გამომივა, მაგრამ კუნძულელი მოთამაშეები რომ მოვაშოროთ, ვისაც წლების განმავლობაში ახალ ზელანდიაში უთამაშია...

* * *
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ყინული დაიძრა. როდესაც ასეთი ლეგენდარული პიროვნებები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნაკრებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე მოსაზრებები რაგბის საერთაშორისო საბჭოშიც მუსირებს.

ახლახან აშშ-ის ნაკრების თავკაცმა მაიკ ტოლკინმა twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოთქვა მოსაზრება ექვსი ერის მეორე დივიზიონის შექმნასთან დაკავშირებით.

მოკლედ, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როგორ მოხერხდეს ელიტური და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოება. რამდენად სერიოზულადაა IRB ამით დაინტერესებული, სავარაუდოდ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერ-ჯერობით 6 ერის არცერთი გუნდისთვის არ მოგვიგია, ამიტომ არ მგონია ჩვენი პრეტენზიები ძალიან სამართლაინი იყოს. სამოას რომ მოვუგეთ და ბობოლებთან 1ად გავიმარჯვეთ ძალიან კარგია. ახლა, ჯერ ერთა თასი უნდა მოვგოთ, რომ კარგ ჯგუფში მოვხვდეთ, მერე იქ მოვიგოთ 2 თამაში, რომ შესარჩევების თამაშია არ გვიწევდეს, ამასობაში 6 ერის გუნდებთან ტესტებს დაგვინიშნავენ და იქაც უნდა ვიყოჩაღოთ. ანუ, წინ ვუსწრებთ მოვლენებს. რეალობა ისაა, რომ წინა მსოფლიოზე შოტლანდიას ვეთამაშეთ და მცირე სხვაობით, მაგრამ ერთობ უიმედოდ წავაგეთ.

და კიდევ 1, პაბ-ში შეკრებილ ინგლისელებს არ ეკითხებით, რამდენად აქვთ ინტერესი ინგლის-საქართველოს უყურონ? აი მაგათთან რომ მოგებას დავიწყებთ, მერე გაუჩნდებათ მაგ სანახაობის ყურების ინტერესი.
jimsheri
16:11 07-02-2014
0
ეს უკვე სერიოზული თემაა...

გასაგებია, რომ ბრიტანელები და ფრანგები, ფარად იტალას იშველებენ და იმ საკითხს, რომ ტურნირი კომერციულია.

თუ გვაქვს რამეზე პრეტენზია გვყირდება ორი რამ:
1. ირბ -ს ნება და
2. ქართული რაგბის წინსვლა

ირბ-ს ნება მაშინ გააქტიურდება როდესაც მოვლენა როგორც ფაქტი იქნება გარდაუვალი.

აი ის რომ ჩვენი წინსვლა და ამით რაღაცის გარდაუვლობა დადგეს უმეტესად ჩვენზეა დამოკიდებული, გარეშე ფაქტორები მხოლოდ კატალიზატორი და წამახალისებელი თუ იქნება.

მაქვს წინადადება რამდენიმე საათიანი რეპორტაჟI მოამზადოს ქართულ რაგბიზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ (ეს არხი მაინც ჩვენი ჯიბით ფინანსდება და დამფინანსებლის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს) - მივაწვდინოთ ხმა (არც ეგ არ არის პრობლემა) რომ ყველა პრობლემა დაფიქსირდეს და მათი გადაჭრის გზები, ისიც რომ რამდენად საზოგადოების სურვილია რაგბიზე სახელმწიფოს პატრონაჟი.
GiorgiG83
16:17 07-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული