საინტერესო დიალოგი Sky TV-ზე საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის თამაშის მიზანშეუწონლობის თაობაზე უკვე ბევრი ალაპარაკდა. ნოემბრის ტესტების დასრულებისთანავე "ლელოსთან" ინტერვიუში რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა პირველმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა თასისთვის გადაიზარდა (იხილეთ ვრცლად).

ახლახან კი, ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას, ტელეკომპანია Sky TV-ზე საინტერესო დიალოგი შედგა, რომელიც ძირითადად საქართველოს ნაკრებს უკავშირდებოდა.

გადაცემაში, წამყვანთან ერთად, ირლანდიური რაგბის ლეგენდა, "სამყურების" ყოფილი კვაჭი ქის ვუდი და შოტლანდიის ნაკრების ცხრა ნომერი ენდი ნიკოლი მონაწილეობდნენ.

აი, დაახლოებით რაზე ისაუბრეს მათ:

წამყვანი:
იტალიელები, ალბათ, გულდაწყვეტილნი იქნებიან ხელიდან გაშვებული რამდენიმე შანსის გამო. ირლანდიამ სრულიად დამსახურებულად დაამარცხა შოტლანდია. რამდენად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდათ იტალიას და შოტლანდიას, ექვსი ერის გუნდებსა და მეორე დონის ნაკრებებს შორის გავარდნა-აღზევება რომ იყოს?

Sportall.Ge
ენდი ნიკოლი:
ვფიქრობ, ღირებული შენიშვნაა. რამდენიმე მზარდი გუნდია: პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი...

წამყვანი: საქართველო!

ენდი ნიკოლი: დიახ, საქართველო... არ ვიცი, არ მგონია, რომ ისინი ჯერ... მგონია, რომ პროდუქტი უნდა გაუმჯობესდეს. როცა იტალია დაემატა ხუთ ერს, შეჯიბრება გაუმჯობესდა. არ მგონია, რომ გავარდნა-აღზევების შემთხვევაში იგივე დადებითი ეფექტი გვქონდეს.

ქის ვუდი: მე მინდა... ვინაიდან საქართველო ძალიან შთამბეჭდავად გამოვიდა მსოფლიოს თასზე.

წამყვანი: ...და ძალიან ბევრი ქართველი საფრანგეთში თამაშობს.

ქის ვუდი: მე მინდა, რომ უფრო ხშირად ეთამაშონ ამ ბიჭებს, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. მე არ ვარ გავარდნა-აღზევების მომხრე, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, იქნებიან თუ არა შოტლანდიელი და იტალიელი მორაგბეები წნეხის ქვეშ იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ექვსი ერის გათამაშებაში აღარ იყვნენ.

არ მგონია, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება, მაგრამ ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ მონაწილეობენ კონკრეტულად ეს ქვეყნები.

წამყვანი: მაშინ წინა წელს საფრანგეთი უნდა გავარდნილიყო.

ქის ვუდი: დიახ. საფრანგეთი გავარდებოდა, მაგრამ ძალიან მინდა საქართველოს ნახვა ამ გუნდების წინააღმდეგ.

ენდი ნიკოლი: ანუ საკითხი ასე დგას: შეიძლება თუ არა, რომ პირველი დონის ქვეყნებმა უფრო ხშირად ითამაშონ მეორე ეშელონის ქვეყნებთან, რათა ეს უკანასკნელნი განვითარდნენ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა - დიახ. მაგრამ არ ვიცი, რაგბის კალენდარში ეს როგორ აისახება.

Sportall.Ge
ქის ვუდი: ექვს ერში დამატებამდე ჩვენ იტალიას ვეთამაშებოდით ყოველწლიურად, მათ ჩვენ სამჯერ დაგვამარცხეს.

წამყვანი: ისიც აღსანიშნავია, რომ დიდ ბიჭებს ძალიან არ სურთ ნოემბრის ტესტებზე ერთზე მეტი თამაში მეორე ეშელონის გუნდებთან და იმასაც ხანდახან დიდი ძალდატანებით აკეთებენ, ვინაიდან სურთ დიდებთან თამაში, რასაც ფული მოაქვს. საერთოდ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ჩანს ელიტარული გუნდებისგან მეორე ეშელონის გასავითარებლად.

ქის ვუდი: მაგრამ სწორედაც რომ ასეთი სურვილი იყო იტალიის შემთხვევაში, სანამ ხუთ ერს დაემატებოდა. იტალია უფრო მეტჯერ თამაშობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა და სწორედ ასეთი ხშირი თამაშის შედეგად ითქვა, რომ ესენი საკმარისად კარგები არიან, რათა დაემატონ ხუთ ერს.

ვინ არის მეორე ეშელონის საუკეთესო წარმომადგენელი? ეს საქართველოა. მაშინ ისინი უნდა თამაშობდნენ 1 ან 2 მატჩს ნოემბრის ტესტებზე.

ენდი ნიკოლი: ახალი ზელანდია არასოდეს ჩასულა ტონგაში, სამოასა და ფიჯიზე. არასოდეს უთამაშია მათთან სტუმრად.

წამყვანი: ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენელს ორიოდ კვირის წინათ და მან მიპასუხა: რატომ უნდა ვეთამაშოთ?

ენდი ნიკოლი: იმიტომ, რომ თამაში განვითარდეს. ძალიან ცინიკურად გამომივა, მაგრამ კუნძულელი მოთამაშეები რომ მოვაშოროთ, ვისაც წლების განმავლობაში ახალ ზელანდიაში უთამაშია...

* * *
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ყინული დაიძრა. როდესაც ასეთი ლეგენდარული პიროვნებები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნაკრებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე მოსაზრებები რაგბის საერთაშორისო საბჭოშიც მუსირებს.

ახლახან აშშ-ის ნაკრების თავკაცმა მაიკ ტოლკინმა twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოთქვა მოსაზრება ექვსი ერის მეორე დივიზიონის შექმნასთან დაკავშირებით.

მოკლედ, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როგორ მოხერხდეს ელიტური და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოება. რამდენად სერიოზულადაა IRB ამით დაინტერესებული, სავარაუდოდ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენზე რომ ასეტი საუბარი დაიწყეს ეს უკვე ბევრის მთქმელია!სწორედ ამიტომაა საჭირო რუმინელებთან მუდმივი წარმატება ..რომ ლიდერად ჩვენ გვთვლიდნენ!მოგიწოდებთ რომ მარტო რუსებტან კიარა რუმინელებტან უფრო მეტი გულშემატკივრის მობილიზებას!მათან წარმატება უფრო მნიშვნელოვანია პერსპექტივაში..
dadu
11:01 10-02-2014
0
ჩვენ რომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ამაზე საუბარიც ზედმეტია

ისიც მართალია რომ ფაქტის წინაშე დამდგარი აი-არ-ბი ვეღარაფერს მოიმოქმედებს - ასე მოხდა არგენტინის რეალობაშიც და ხედავთ რა დონეზე თამაშობენ პუმები

ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, აი ინგლისელი გულშემატკივარი ჩამოვა თუ არა ეგ სულ არ მაინტერესებს
ragbi-STI
02:12 08-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული