ცხადია, ამბიცია და მიზნები ამჯერად ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა, უმჯობესია, ყოველივე ამის შესახებ, მზადების პროცესზე, გეგმებსა და დასახულ ამოცანებზე რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს დავეკითხოთ.
- კარს მოგვადგა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი", რომელსაც აქამდე ერთა თასი ერქვა. როგორ ემზადება გუნდი ამ შეჯიბრებისთვის?
- დიდი სარაგბო სეზონი იწყება. პირველი მატჩი შაბათს, გერმანიაში გვაქვს
გუნდი ტულუზში შეიკრიბება და თამაშისთვის იქ მოემზადება. სამწუხაროდ, გერმანელებმა ვერ შეძლეს მარტივი პრობლემის მოგვარება, სავარჯიშო მოედანი ვერ გამოგვინახეს. ამიტომ მოგვიწია დამატებითი ხარჯების გაღება და ნაკრები, გერმანიის ნაცვლად, შეკრებას საფრანგეთში გაივლის.
- წინასამატჩო გაფართოებულ შემადგენლობას რომ გადავხედეთ, რამდენიმე ახალი გვარი აღმოვაჩინეთ, მათ შორის, მწვრთნელთა შტაბშიც...
- სამწუხაროდ, ერთი თვის წინათ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა რაგბის თამაშს დაანება თავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სხვა სტატუსით ის ნაკრებში დარჩენილიყო და ინგლისში ჩვენთან ერთად ყოფილიყო.
მაჩხანელი დიდი ხანია რაგბის განვითარების ჯგუფის წევრია. მან აიღო სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია, დაინიშნა თბილისის "არმაზის" მთავარ მწვრთნელად. ამასთან ერთად, გუნდში სარგებლობს ავტორიტეტით. მას შეუძლია, დადებითი მუხტი შეიტანოს გუნდში.
ირაკლი მსოფლიოს თასის ბოლომდე მწვრთნელის ასისტენტი იქნება და სრულ მზადყოფნაშია, ეს ფუნქცია შეასრულოს.
ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტი გამოიძახეს. ესენია: ახალგაზრდული ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე და ბოლნისის "ყოჩების" გარემარბი ალექსანდრე ხუციშვილი.
მათ გარდა, არის კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე, რომლებმაც ეროვნულ გუნდში უკვე ითამაშეს. იყო მოსაზრება, რომ წლევანდელი ტურნირი ექსპერიმენტული, ახალგაზრდული შემადგენლობით გვეთამაშა, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს თასისთვის მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ და ამიტომ ყველა უძლიერესი გამოიძახეს; ცხადია, მათ გარდა, ვისაც ტრავმა აწუხებს.
- მსოფლიოს თასი ახსენეთ... ქომაგების ნაწილი შეძლებს ინგლისში გამგზავრებას, ნაწილს კი ტელეეთერიდან მოუწევს მატჩებისთვის თვალყურის დევნება. რომელი სატელევიზიო არხით შეძლებენ ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების რაგბობის ხილვას?
- ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც შეუძლია და ვალდებულიც არის, მსოფლიოს თასის მატჩები აჩვენოს, "საზოგადოებრივი მაუწყებელია".
ამ დროისთვის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს ნაყიდი ჩვენების უფლება. დრო ცოტაა დარჩენილი და, იმედი მაქვს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა არ დატოვებს რაგბის უამრავ ქომაგს მსოფლიოს თასის მატჩების გარეშე. ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს.
- წლევანდელ მსოფლიოს თასზე ქომაგები ჩვენი გუნდისგან უკეთეს შედეგს ელიან, ვიდრე ეს განვლილ ტურნირებზე იყო. როგორია "ბორჯღალოსნების" მზადების პროგრამა მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმისთვის?
- უწინარესად, მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი პროგრამა უპრეცედენტოა ქართული რაგბის ისტორიაში. ის შეიქმნა ტურნირის დაწყებიდან წელიწადნახევრით ადრე და დეტალურადაა გაწერილი ყველა ნიუანსი. ჩვენი გუნდის მოსამზადებლად ასევე უპრეცედენტო თანხა, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მზადების პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე გუნდი თბილისში მოემზადება და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" სამი კვირის განმავლობაში დარჩება.
მეორე ეტაპს პოლონეთში გავივლით საკმაოდ ცნობილ ბაზაზე, სადაც ოთხი წლის წინათ უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები ემზადებოდნენ. ბოლო, მესამე ეტაპს ინგლისში გავივლით, სადაც სამ საწვრთნელ შეხვედრას გავმართავთ კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან, პლუს, ერთ-ერთ ინგლისურ კლუბთან.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა დამტკიცებულია და ბიუჯეტი გამოყოფილია, მაინც მოგვიწია შესწორების შეტანა. თანამედროვე რაგბი მზდების თანამედროვე სისტემას მოითხოვს.
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" არსებული ფიტნეს-დარბაზი უკვე აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. საჭიროა მისი გაფართოება და ულტრათანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვა. რეალობამ დაგვანახვა, რომ აუცილებელია მოვიწვიოთ ტოპ-კლასის მწვრთნელები, რომლებიც ვიწრო სპეციალობით არიან დაკავებულნი.
მაგალითად - ფეხის დარტყმის მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი; ამასთან ერთად, საჭიროა მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგი.
საჭიროა სპეციალური კომპიუტერული, კარდიოგრამული პროგრამები; ახალი, ულტრათანამედროვე ვიდეოანალიზის პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დეტალურად შევისწავლოთ მეტოქე.
ყოველივე ამით მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოს თასისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც ამას წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები აკეთებენ. კონკურენცია მარტო მოედანზე არ არის, არამედ მის მიღმაცაა.
მინდა მადლობა გადავუხადო "მსოფლიო რაგბის" (ყოფილი IRB), რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მივიღეთ დაპირება დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ.
- ზემოთ თქვით, რომ მზადების მეორე ეტაპს გუნდი პოლონეთში გაივლის. ეს ქვეყანა არ არის მოწინავე სარაგბო ერებს შორის. ქომაგისთვის რომ გასაგები იყოს, რატომ აირჩიეთ ის?
- პოლონეთში არის ფიზმომზადებისა და რეაბილიტაციისთვის შესანიშნავი პირობები. მათ აქვთ კრიო კამერები. ეს არის სპეციალური კამერები, რომლებშიც მორაგბეები ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, ყინვაში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ.
ეს მეთოდი შესანიშნავია ძალების აღდგენისა და მიკროტრავმების მოსაშუშებლად. 2011 წლის მსოფლიოს თასის წინ უელსის ნაკრები სწორედ იქ მოემზადა და, ალბათ, გახსოვთ, რომ ეს გუნდი ფიზიკურად შესანიშნავად იყო მომზადებული, თუ ყველაზე უკეთ არა.
- კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე?
- ეს საიდუმლო არაა, დიდი ხნის წინათ გაცხადებული ამბავია. ჩვენი სურვილი და ამოცანაა ორი თამაშის მოგება. თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება. ტონგას ნაკრები არაჩვეულებრივი გუნდია. მან ახალ ზელანდიაში ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, რომელმაც მერე ფინალში ითამაშა.
ჩვენ ნოემბერში, თბილისში ვნახეთ მათი ძალა. თუმცა, თუ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც დავგეგმეთ, ტონგას დამარცხება უტოპია არ არის.
- გასული წლის დასაწყისში გაცხადდა, რომ საქართველოს 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება სურს. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზეც იყო გატანილი, სადაც მოწონება დაიმსახურა და მხარდაჭერა აღგითქვეს. როდის გადაწყდება, ჩატარდება თუ არა აქამდე უპრეცედენტო დონის ტურნირი საქართველოში?
- მალე თბილისში "მსოფლიო რაგბის" მაღალი დონის დელეგაციას ველოდებით. ის შეხვდება ჩვენი ქვეყნის მთავრობას, რის შემდეგაც საკითხს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაიტანს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა უსწრაფესად გადაწყდეს ის საკითხები, რაც ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებელ ნუსხაშია. თუმცა ზიგიერთი უწყება, რბილად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღებისას ოპერატიული ვერ არის, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
იმედი მაქვს, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს დროში იქნება გადაწყვეტილი და საქართველო მიიღებს სპორტულ შეჯიბრებას, რომლის დონის მსგავსი სათამაშო სახეობებში ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა.
ეს ტურნირი არა მარტო ქართული რაგბის განვითარებას წაადგება, არამედ ქვეყანასაც.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის. მით უფრო, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ პროგრამაში გათვალისწინებულია ერთობლივი სავარჯიშო ბაზების მშენებლობაც.
ტონგას დამარცხება უტოპია არაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"