ეს მეორე შემთხვევაა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში, როცა რუსებმა მონაგარს ვერაფერი შემატეს. პირველად მშრალი ანგარიშით ჩვენმა გუნდმა ამ მეტოქეს 2012 წელს, ასევე ვაკეში 46:0 სძლია.
რუსებთან მატჩი, ტრადიციულად, დიდი ინტრიგის მატარებელია. ამ გუნდთან მოგება, გასაგები მიზეზების გამო, ქომაგს ათმაგად ახარებს. ეს კი ჩვენს მორაგბეებზე ფსიქოლოგიურ წნეხს ზრდის, რაც ხანდახან ხელის შემშლელიც არის ხოლმე.
რუსები თბილისში ახალი მწვრთნელითა და
რუსების დაცვას თითქმის ტაიმ-ნახევარი არა უშავდა. მორაგბეები მთელი ძალით, თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მაგრამ ბოლო 15 წუთში, ძალაგამოცლილები ჩვენი მორაგბეების მიძალებას ვეღარაფერს უპირისპირებდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს შეტევაშიც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და, ის მცირედი შანსიც, რაც ქართველი მორაგბეების შეცდომების გამო მიიღეს, ვერ გამოიყენეს.
სულ რუსებზე ვლაპარაკობთ. მოდით, ახლა ჩვენებზეც ვთქვათ. თამაში აქტიურად დავიწყეთ. მალევე დაინიშნა შერკინება, რომელშიც "ბორჯღალოსნების" უპირატესობა უმალვე გამოჩნდა. ძალიან სწრაფად მეტოქეს თამაშის წესის დარღვევაც ვაიძულეთ და ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც იმ დღეს მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მე-3 წუთზე საჯარიმოდან ანგარიში გახსნა - 3:0.
სამწუხაროდ, ამას ქართველი მორაგბეების რამდენიმე შეცდომა მოჰყვა. რამდენჯერმე წავაგეთ დერეფანი და იმის ნაცვლად, რომ შეტევაზე გადავსულიყავით, მოედნის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება და მეტოქის მოგერიება მოგვიწია.
გუნდმა მაინც შეძლო ნელ-ნელა თამაშის დალაგება. ჩვენი მორაგბეები ხელდახელ ბურთაობით, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების გამოყენებით ცდილობდნენ მეტოქის ხაზის გაჭრას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. 30-ე წუთზე კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად საჯარიმოდან - 6:0.
იქამდე კი რუსების მგეზავმა რამილ გაისინმა სამი საჯარიმო ვერ გაიტანა. ცხადია, ამან რუსებზე დამთრგუნველად იმოქმედა და 25-ე წუთიდან მოყოლებული, ქულების მოპოვების შანსი აღარ ჰქონიათ.
პირველი ტაიმი მხოლოდ ექვსი ქულის სხვაობით მოვიგეთ. სამწუხაროდ, მე-20 წუთისთვის ჩვენი გუნდის მგეზავი ლაშა ხმალაძე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. მის ნაცვლად მოედანზე გარემარბი თამაზ მჭედლიძე გამოვიდა. მგეზავის პოზიცია "მეკომ" დაიკავა, ფულბეკად კი ახალგაზრდა გიორგი აფციაური გამწესდა, რომელმაც ერთი-ორჯერ ბურთი შესანიშნავად ამოიტანა.
ამ გადაადგილებებს ჩვენი გუნდისთვის პრობლემა არ შეუქმნია. აფციაური, რომელიც იქამდე გარემარბად თამაშობდა, უნივერსალია. მას შუამარბადაც შეუძლია თამაში და მგეზავადაც, თუმცა ამის საჭიროება რუსეთთან მატჩში არ დამდგარა.
შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეზე ზეწოლა ნელ-ნელა გაზარდეს. 55-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო 49 მეტრიდან დაარტყა და გაიტანა. ცხრა წუთში მანვე კიდევ ერთხელ დაჰკრა ზუსტად და საქართველოს ნაკრები 12 ქულით დააწინაურა - 12:0.
თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა. რუსები, ალბათ, მიხვდნენ, რომ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას ვერაფრით შეძლებდნენ. მით უფრო, რომ უპირატესობას უკვე მთლიანად მასპინძლები ფლობდნენ.
შერკინებაში ჩვენი გუნდის უპირატესობამ, ოდნავ გვიან, მაგრამ მაინც გამოიღო შედეგი. პირველი სალელოვე შეტევა "ბორჯღალოსნებმა" მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს.
ბურთი შერკინებიდან მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ აიტაცა და თითქმის ცენტრის ხაზამდე ირბინა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და მეტოქის ხაზი მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს გააჭრევინა. მან 40-მეტრიანი ხაზი გადაკვეთა. მას მამუკა გორგოძე წამოეშველა. ისევ რაკი და ხუციშვილმა უკვე მარცხნივ, გრძელ ფრთაზე შეტევაში კვირიკაშვილი ჩართო. ამან უფრო მარცხნივ შუამარბ მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც უმალვე მოძებნა თავისი მეწყვილე დავით კაჭარავა. მან ბურთი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მიიღო, ცრუ მანევრით ორ მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა; სანამ ლელომდე მიაღწევდა, კიდევ ორი ჩამოიშორა და ბურთი ისე დაამიწა.
კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 19:0.
ეს უკვე გამარჯვება იყო. თუმცა "ბორჯღალოსნებს" წამითაც არ უფიქრიათ მეტოქის "დანდობა". 76-ე წუთზე რუსებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი მოიგეს და მოლის დაყენება სცადეს. "ბორჯღალოსნებმა" არ დაანებეს.
ბურთი ხელთ ბიწაძემ იგდო, რომელმაც 15 მეტრი ირბინა და შებოჭეს. რაკიდან ბურთი გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო, მაგრამ არბიტრმა ეს ვერ შენიშნა. თამაში რაკში გადავიდა. იქ კი ყველაზე უკეთ შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭი ზურაბ ჟვანია გაისარჯა. მან ლელოში ისე შეაღწია, რუსებმა თვალის შევლებაც ვერ მოასწრეს. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 26:0.
თამაშის დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ნახევარზე საკუთარი დერეფანი მოიგეს. მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთს კვირიკაშვილი დაეუფლა. ის მოხდენილი ცრუ მოძრაობით ორ რუსს ხელიდან დაუსხლტა, მერე მესამეც უსაქმოდ დატოვა და ფარული გადაცემით გარღვევაზე შეცვლაზე შესული პირველხაზელი კარლენ ასეიშვილი გაიყვანა, რომელმაც კარიერაში პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა.
კვირიკაშვილმა ეს გარდასახვაც გაიტანა - 33:0.
მატჩის შემდეგ:
ალექსანდრ პერვუხინი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირველ ლელომდე თითქმის 70 წუთი გავძელით. იქამდე თანაბარი თამაში მიდიოდა და ინტრიგაც შენარჩუნებული იყო. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენი დამრტყმელი ახალგაზრდა მორაგბეა და პირველ ტაიმში სამი საჯარიმო ვერ გაიტანა. 9 ქულა ვერ ავიღეთ და მატჩის მსვლელობაზე ამანაც იმოქმედა.
პირველ ტაიმში უპირატესობასაც კი ვფლობდით. თუ არ ჩავთვლით დასკვნით 10-15 წუთს, დაცვაში კარგად ვითამაშეთ. შერკინებაზე ილუზია არ გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში დერეფანში შეცდომების დაშვება დავიწყეთ, რაც მოულოდნელი იყო. ზედიზედ ორი მოთამაშის გაძევებამაც გაგვტეხა, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.
ჩვენი ფედერაცია უპირატესობას შვიდკაცა რაგბის ნაკრებს ანიჭებს და, რადგან 2015 წელი ოლიმპიადის შესარჩევი წელიწადია, შვიდი მორაგბის დათმობა მოგვიწია. ასე რომ, თამაში საქართველოს ნაკრებთან, როდესაც ყველა საჭირო მორაგბე გვეყოლება, ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
მადლობა ქართველ გულშემატკივარს მთელი გუნდის სახელით. მართალია, ზოგი უწმაწური სიტყვებით მოგვიხსენიებდა, მაგრამ მაინც მადლობა მინდა გითხრათ და გთხოვთ, რომ ნუ ავურევთ რაგბის და პოლიტიკას ერთმანეთში".
ანდრეი ტემნოვი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი:
"სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. მერე რა, რომ გულშემატკივარი ჩვენ კი არა, საქართველოს ქომაგობდა. ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში თამაში. არსად ასეთი ატმოსფერო არ არის ტრიბუნებზე, როგორიც აქაა.
დაცვაში 70 წუთი თამაში, თანაც საქართველოს ნაკრებთან, ძალიან ძნელია. ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას და გამოგვდიოდა კიდეც, მაგრამ ორი მოთამაშის სინბინში გაშვებამ მთლიანად აგვრია".
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სისტემამ პირველ ტაიმში მთლად კარგად ვერ იმუშავა. თანმიმდევრულობა გვაკლდა. მოვიპოვებდით ბურთს, ავიღებდით ჯარიმას და მერე დერეფანს ვაგებდით. როდესაც თანმიმდევრულობა არაა, მეტოქეს წნეხში ვერ მოაქცევ, უპირატესობას ვერ მოიპოვებ.
ვიცით, რა პრობლემებიც გვაქვს თამაშში და რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. რუმინეთთან პირველ ტაიმში 5 ჩვენი დერეფანი რომ წავაგოთ, მოგება გაგვიჭირდება. როდესაც ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მაშინ შედეგიც სათანადოა და ეს ამ თამაშის დასკვნით წუთებშიც გამოჩნდა.
ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია და მოწინააღმდეგემ ძლიერად ითამაშა, მაგრამ მათ კლასით ვაჯობეთ და დასკვნით ათ წუთში 21 ქულა ავიღეთ. შესვენებისას გასახდელში ბიჭებს სწორედ იმაზე ვესაუბრე, რომ თანმიმდევრულობა უნდა დაგვეცვა.
მთავარი ისაა, რომ თამაში კარგი ანგარიშით მოვიგეთ. ხვალ დავისვენებთ, თამაშს გავაანალიზებთ, ზეგიდან კი რუმინეთისთვის შევუდგებით მზადებას. ჩვენი მიზანი მსოფლიოს თასისთვის მზადებაა და იქამდე ყველა შეხვედრა სწორედ ამ ასპექტში განიხილება".
შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ვფიქრობ, საწყის წუთებში მოთმინება გვაკლდა და ამის გამო შეცდომებს ვუშვებდით. ძნელია, გამოხვიდე ამდენი გულშემატკივრის წინაშე და თავისუფლად ითამაშო. ადამიანები ვართ და ემოციამ გვძლია. ბოლოსკენ, როდესაც დავიღალეთ, ემოციამ იკლო და ყველაფერი კარგად გამოვიდა.
ნაკრებში ბევრი ახალი მოთამაშე გამოიცადა. რუმინეთის ნაკრებთან საბოლოოდ გამოჩნდება, რამდენად შეძლებენ ისინი გუნდში ადგილის დამკვიდრებას. ჩემს კლუბში ერთი რუმინელი თამაშობს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენთან თამაშისთვის საგანგებოდ ემზადებიან".
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
საქართველო-რუსეთი 33:0
3ლ: კაჭარავა, ჟვანია, ასეიშვილი. 3გ,4ს: კვირიკაშვილი.
საქართველო: კვირიკაშვილი, აფციაური, კაჭარავა, შარიქაძე, ა. ხუციშვილი (გიორგაძე 77), ხმალაძე (მჭედლიძე 22), ლობჟანიძე (ვ. ხუციშვილი 68), ნარიაშვილი (ასეიშვილი 65), ს. მაისურაძე (ჟვანია 47), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 70), ნემსაძე, გ. მაისურაძე (მიქაუტაძე 52), სუთიაშვილი, გორგოძე (ლომიძე 73), ბიწაძე.
სინბინი: ნარიაშვილი.
რუსეთი: არტემევი (კუშნარიოვი 37), ბაბაევი, გერასიმოვი, რუდენკო (ოტროკოვი 12), კურაშოვი, გაისინი, შერბანი (იაგუდინი 76), ნოვოსიოლოვი (სეკისოვი 45), სელსკი (კორშუნოვი 65), ზიკოვი (იგრეცოვი 76), გარბუზოვი, ოსტრიკოვი (სერკოვი 66), ტემნოვი, ბუტენკო, გრესევი (ფატახოვი 73).
სინბინი: სერკოვი, ბუტენკო.
მსაჯი: ნილ ჰენესი (უელსი)
გერმანია-რუმინეთი 12:17
გერმანია: 3ს - ტეჰუია. ა - გარნერი.
რუმინეთი: ლ - აპოსტოლი. 4ს - ვლაიკუ.
პორტუგალია-ესპანეთი 8:19
პოტუგალია: ლ - ნორონა. ს - კოშტა.
ესპანეთი: 2ლ - გოია, ობანელი. 3ს - ობანელი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +107 1 17
2. რუმინეთი 4 3 0 1 +50 3 15
3. ესპანეთი 4 2 0 2 0 1 9
4. რუსეთი 4 2 0 2 -29 1 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 -35 1 5
6. გერმანია 4 0 0 4 -93 1 1
V ტური
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-გადამეტებული შედარება იქნება, მაგრამ ჩვენ რუსებთან ჰოკეიში გვაქვს შანსი?ლამის იგივეა მათტვის რაგბი...
-კარგია რომ პუტინის სათაყვანებელ ძიუდოში ვამარცხებთ,მაგრამ გაცილებით მეტი რეზონანსი ექნება ,თუ ეხბუირთში დავამარცხებთ!!!მიხედოს ჩვენმა უუნარო ხელისუფლებამ ფეხბურთს!!!