მილტონ ჰეიგი: რაგბი ქართველებისთვის ზედგამოჭრილი თამაშია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში ყველა თამაში მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. მეტიც, მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ და "ექვსი ერის" ბინადარ იტალიას გავუსწარით.

დიდი ხნის წინათ გაცხადებული იყო, რომ ახლახან დასრულებული შეჯიბრება ინგლისში წლეულს გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო.

ვფიქრობთ, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესოა, როგორ აფასებს უკვე განვლილ ეტაპს "ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ცნობილია, რომ ის საკმაოდ გულღია, უბრალო ადამიანია და, ცხადია, სხვა საინტერესო თემებზეც სიამოვნებით გველაპარაკა.

- მსოფლიოს თასისთვის მზადების პირველი ეტაპი,
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გათამაშება დასრულდა. როგორ შეაფასებთ განვლილ ეტაპს?

- ყველაზე კარგი, რაც ამ ტურნირზე მოხდა, ის არის, რომ შევძელით რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოცდა. მათ საკმაოდ რთულ მატჩებში მოუწიათ ასპარეზობამ და ვნახეთ, რამდენად შეუძლიათ ფსიქოლოგიური თუ ძალისმიერი წნეხის ქვეშ დადებითი სარაგბო თვისებების შენარჩუნება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მწვრთნელთა შტაბს სერიოზული თავსატეხი გაგვიჩნდა, დიდი ფიქრი მოგვიწევს არა მარტო მსოფლიოს თასზე წასაყვანი შემადგენლობის, არამედ მოსამზადებელ ეტაპზე გამოსაძახებელი მორაგბეების ასარჩევად.

- მიგაჩნიათ, რომ ნაკრებში კონკურენცია ასე გაიზარდა?
- დიახ, მწვრთნელებმა უკვე ვიცით, რომ რამდენიმე კარგი მოთამაშე, შეიძლება, მსოფლიოს თასზე ვერ მოხვდეს. ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის მსოფლიოს თასის წინ იყო. ხშირად მისაუბრია მაშინდელ მწვრთნელ რიჩი დიქსონთან და მისგან ვიცი, რომ ნაკრებში იმ დროს მხოლოდ 20 მორაგბე იყო ისეთი, რომელიც საერთაშორისო დონეს აკმაყოფილებდა, დანარჩენებით კი გუნდი, უბრალოდ, შეავსეს.

ამჟამად, სულ სხვა მდგომარეობა გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სანაკრებო დონის 45 მორაგბე გვყავს. ისინი მსოფლიოს თასზე წასვლის კანდიდატები არიან.

- ეს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში გამოჩნდა თუ რაიმე პროცესის შედეგია?
- ეს სამწლიანი მუშაობის შედეგია. კონკურენცია ნაკრებში ნამდვილად გაიზარდა. ბუქარესტში მატჩის შემდეგ რუმინეთის ნაკრების მწვრთნელები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ ბევრი ახალი მორაგბე ვათამაშეთ და ეს ნაკრებს არ დასტყობია. სამი წელიწადია ამ პროცესს შეგნებულად ვმართავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივ ნაკრებებში კარგი მწვრთნელები მუშაობენ, რომლებიც ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარნენ. მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში მოდიოდნენ, კარგად განსწავლულები იყვნენ და გარდამავალ პერიოდს იოლად გადიოდნენ. გუნდში ინტეგრირება არ უჭირდათ.

- თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია. ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები მას უმტკივნეულოდ გადის. გუნდის განახლების პროცესი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარია ჩვენი რაგბის საფუძველი, მოდის კი სათანადოდ მომზადებული თაობა?
- ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: რაგბი ქართველებისთვის ზედგამოჭრილი თამაშია! ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ქართველები ამ სპორტს ზუსტად ერგებიან. ძალიან დიდ შევსებას ველით 15-16 წლის თაობის მორაგბეებიდან. მათ თამაშს რომ ვუყურებდი, თავი ახალ ზელანდიაში მეგონა.

თამაშის სტილით ისინი ძალიან გვანან ზელანდიურს - სისწრაფე, პასები, ოფლოუდები... რომ ვუყურე, აღფრთოვანებული დავრჩი. ვფიქრობ, მომდევნო სამი-ოთხი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ქართული რაგბისთვის, რადგან ეს მოთამაშეები წინა პლანზე წამოიწევენ და ნაკრები უფრო ძლიერი გახდება.

- მსოფლიოს თასისთვის მზადების შემდგომი პროგრამა ცნობილია. უბრალოდ, საინტერესოა, თქვენ რაზე გააკეთებთ აქცენტს ამ პროცესში?
- მომდევნო ეტაპი ივნისში "თბილისის თასი" იქნება. აქაც ბევრ მოთამაშეს გამოვცდით. იმათაც, ვისაც ტრავმების გამო თუნდაც უკვე 8 თვეა არ უთამაშიათ. ამის შემდეგ შევარჩევთ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც მერე 12-კვირიანი მზადების ციკლს შეუდგება.

მსოფლიოს თასზე ჩვენი წარმატებული გამოსვლა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად მოვემზადებით, ფიზიკურად, გამძლეობისა და თამაშის თანმიმდევრულობის დაცვის კუთხით. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იქნება იმ "ქაოსის" მართვა, რაც იქნება მსოფლიოს თასზე. მორაგბეები იქ ქომაგების, მედიის დიდი ყურადღების ქვეშ იქნებიან. ზოგს ამ ვითარებაში ავიწყდება მსოფლიოს თასზე რისთვის არის. ამიტომ, ნაკრების მენეჯმენტს დიდი ჯაფა დაადგება ამ პროცესის სწორად წარსამართად.

- ცნობილია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე მინიმუმ ორი მატჩის მოგებას გეგმავს. პირველი მატჩი ტონგას ნაკრებთან გვაქვს. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ იცით ის ტაქტიკა, რომლითაც ტონგას ნაკრების დამარცხება შეიძლება...
- პირველი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ მსოფლიოს თასზე ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებული, ვიდრე ტონგას ნაკრები. მათ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი ისე ძლიერად არ ივარჯიშებენ, როგორც ჩვენ.

შეკრებიდან შინ დაბრუნებულები ახლობლებს მოინახულებენ და არასათანადო რაოდენობის საკვებსაც მიიღებენ... ერთი სიტყვით, დისციპლინაში მოიკოჭლებენ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება. მხედველობაში მაქვს დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, ბურთთან ერთად სირბილის სიყვარული...

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად გაუვალ დაცვას დავახვედრებთ მათ.

აღსანიშნავია, რომ ისინი ძლიერები არიან ხელდახელ ბურთაობით წინსვლისას და როცა ბურთს ზურგსუკან გადაუკიდებ, იბნევიან. უფრო სწორად, არ უყვართ უკან სირბილი და სიღრმიდან ბურთის ამოტანა. თბილისში ამ ხერხისთვის არ მიგვიმართავს და ინგლისში მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

- დავუშვათ, ტონგას მოვუგეთ, მომდევნო მეტოქე არგენტინაა. როგორ ფიქრობთ, ამაღლებულ განწყობაზე შესაძლებელი იქნება მათი დამარცხება?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდმა, მოთამაშეებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, ვინ არის მოწინააღმდეგე, არამედ იმაზე, რომ კარგად მოემზადოს, ის სისტემა რითიც თამაშს აპირებს, მაქსიმალურად დახვეწოს და როცა ეს ყველაფერი აჟურში იქნება, შედეგი თავისით მოვა.

ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, დასახვეწი. არგენტინის ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-8 ადგილზეა, რაც თავისთავად მეტყველებს, თუ რა ძალის გუნდია. თუმცა, მოდი, ვნახოთ, სად თამაშობს ამ ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა. ისინი ფრანგული კლუბების ღირსებას იცავენ. იქ თამაშობს საქართველოს ნაკრების მორაგბეთა დიდი ნაწილი. ჩვენი და არგენტინელი მოთამაშეები ან თანაგუნდელები არიან, ანდაც ხშირად ასპარეზობენ ერთმანეთის წინააღმდეგ. ასე რომ, ერთმანეთს კარგად იცნობენ და ჩვენს მოთამაშეებს არგენტინელების შიში არა აქვთ. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ისინი რეიტინგში მე-8 ადგილზე არიან და ჩვენ მე-14-ზე.

- მომდევნო მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრებია. არც კი ვიცი, რა გკითხოთ...
- ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ყველასთვის, მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავი. უნდა ვეცადოთ კარგად, ლაღად, ფსიქოლოგიური შეზღუდვების გარეშე ვითამაშოთ. თუმცა, ძალიან ძნელი იქნება.

- ნამიბია ბოლო მეტოქეა, რომელთან მსოფლიოს თასზე უკვე გვაქვს ერთი მოგება...
- ნამიბია რეიტინგში 22-ე ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ კარგი შერკინება და არანაკლებ ძლიერი უკანა ხაზი ჰყავთ. ნაკრები სამხრეთ აფრიკაში "ვოდაკომის თასზე" ასპარეზობს და სამ კვირაში ერთხელ სერიოზულ გუნდთან უწევს თამაში. ერთი სიტყვით, ნამიბია სათანადოდ უნდა შევაფასოთ და მათთან მატჩს მთელი სერიოზულობით მივუდგეთ.

- რა აპირებთ მსოფლიოს თასის შემდეგ?
- არ ვიცი. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ საქართველოში დავრჩები. მეც და ჩემს ოჯახსაც აქ ყოფნა გვინდა. თუმცა, კარგად ვიცი, რომ მეც და სხვა მწვრთნელებიც შედეგზე დამოკიდებული ინდუსტრიის ნაწილი ვართ. ვფიქრობ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგს ვაჩვენებთ მსოფლიოს თასზე. მინდა საქართველოში დავრჩე. აქ კიდევ ბევრია საკეთებელი. ოთხი წელიწადია საქართველოში ვარ, ამ ქვეყნის ნაკრებთან ვმუშაობ, ის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა.

ვფიქრობ, მეხუთე და მეექვსე წელი საქართველოს ნაკრების განვითარებაში, წინსვლაში უმნიშვნელოვანესი იქნება და მინდა მასში მეც მივიღო მონაწილეობა.

- ახალი ზელანდია არ გენატრებათ?
- დიახ, მსოფლიოს თასის მერე ჩავალ ახალ ზელანდიაში, მეგობრებს მოვინახულებ, მაგრამ იქ დაბრუნება არ მინდა, აქ მირჩევნია.

- რატომ გარბის ახალი ზელანდიიდან ყველა?
- იქ ცხოვრება ძვირია. ძალიან ბევრი ავსტრალიაში გადადის, რადგან იქ უკეთესი პირობებია. თუ მწვრთნელებს გულისხმობთ, ახალ ზელანდიაში სულ 27 პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მუშაობს და ხელფასს იღებს. რიგში კიდევ 27 ათასია. ამიტომ, უმრავლესობა ევროპასა და იაპონიაში მიდის კარიერის გასაგრძელებლად.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 8 /
"აჟურში" დაგლიჯა? :D
giorgi
17:25 06-04-2015
0
კარგი ინერვიუა. ავტორს მადლობა. მელიტონა ხო, უაფშე, კაცია კაცური შემოვევლე!
dudu
14:51 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული