საქართველო-მზ.იტალია 10:26 - კარგი რაგბი ვერ ვითამაშეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასის გათამაშების მეორე ტურში მზარდი იტალიის ნაკრებთან წააგო 10:26..

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პირველი მატჩისგან განსხვავებით საგრძნობლად გადახალისებული იყო. მილტონ ჰეიგმა საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის საქმეში ნახვა გადაწყვიტა. მათი თამაშის შემხედვარე რა დასკვნებს გააკეთებს, ეს ჯერ კიდევ უცნობია. მას არც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეუფასებია ისინი.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მაღალი დონის რაგბის თამაში არ გამოგვივიდა. დასაწყისშივე, მე-10 წუთზე შესაცვლელი შეიქნა ჩვენი გუნდის მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თამამად, შეიძლება ითქვას, რომ ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა. ის ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს შესანიშნავად ასრულებდა,
რაც იტალიელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

მატჩის პირველი ნახევარი, რომელშიც ოდნავ სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, ფრედ, 3:3 დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენმა მორაგბეებმა ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს. ჯერ ვაჟა ხუციშვილმა ააცილა კარს ხელსაყრელი პოზიციიდან, მერე თითქმის ცენტრიდან გიორგი აფციაურმა ვერ დაარტყა ზუსტად.

შესვენების შემდეგ იტალიელები ბევრად აგრესიულად ათამაშდნენ. მათ მაღალი სიჩქარეები ჩართეს და ძალიან კარგი, გააზრებული კომბინაციების წყალობით სამი ლელო გაგვიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა, როცა უკვე 26:3-ს აგებდა, ბოლო წუთებზე წამოიწყო მრავალფაზიანი, საკმაოდ სახიფათო იერიში, რომელიც ლელოთი შერკინების ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა დაასრულა. შეცვლაზე შესულმა ბექა წიკლაურმა გარდასახა - 10:26.

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დაზუსტებით რაიმეს თქმა გამიჭირდება. აუცილებლად ვნახავთ ვიდეო ანალიზს და მარცხის მიზეზები იქ გამოჩნდება. პირველი ტაიმი ფრედ, 3:3 დამთავრდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქემ 20 ქულაზე მეტის აღება მოახერხა.

იტალიის ნაკრები კარგი გუნდია. სწრაფი, აგრესიული, ფიზიკურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. სერიოზულად გაგვირთულეს თამაში, რასაც რიგი შეცდომები მოჰყვა.

ლაშა მალაღურაძეს მგეზავის პოზიციაზე ვცდით. მსოფლიოს თასისთვის გვინდა მოვამზადოთ. მისმა ტრავმამ, იმან, რომ მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე დატოვა მოედანი, ცხადია, გუნდის თამაშზე გავლენა იქონია. მის შემცვლელად გიორგი ტალახაძეს მოვიაზრებდით და, ვფიქრობ, მან მოვალეობას ნორმალურად გაართვა თავი. რამდენად მძიმეა მალაღურაძის ტრავმა, ამას ჯერ ვერ გეტყვით.

წინ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, მსოფლიოს თასი გვაქვს სათამაშო. თბილისის თასი კი ის შეჯიბრებაა, სადაც ახალი მოთამაშეები უნდა გამოვცადოთ. ვნახოთ მათი შესაძლებლობები.

ამ ტურნირზე ირლანდიის ნაკრები ყველაზე ძლიერი გუნდია. ძალიან რთული იქნება ამ გუნდთან თამაში. ამიტომ, უკვე მათთან ასპარეზობაზე გადავერთვებით და ხვალიდანვე მზადებას დავიწყებთ".

ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"პირველი კეპი მინდა მივულოცო ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეს ოთარ გიორგაძეს. მისთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა.

იტალიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. რაკში თამაშისას ბურთს გვიყოვნებდნენ და დაცვაში გადაწყობას, ორგანიზებას ასწრებდნენ. მეორე ტაიმში გადამწყვეტი მომენტი, როცა ლელოს გატანა და მეტოქის გატეხვა შეგვეძლო, ვერ გამოვიყენეთ. მერე იტალიელებმა მატჩის სადავეების ხელში აღება შეძლეს.

ცხელ გულზე ძნელია მარცხის მიზეზებზე ლაპარაკი. ვნახავთ ვიდეოანალიზს და ცივი გონებით განვსაზღვრავთ, რა არ მოვიმოქმედეთ სათანადოდ.

ირლანდიის ნაკრები ძალიან მაღალი დონის გუნდია და მის დასამარცხებლად მაღალი დონის რაგბის თამაშია საჭირო. ვეცდებით, რომ კარგი რაგბი ვითამაშოთ და ვნახოთ რა გამოვა".

თბილისის თასი 2015. II ტური
საქართველო-მზ.იტალია 10:26
საქართველო (15-9) აფციაური, მ. გიორგაძე, ტალახაძე (წიკლაური 60), მჭედლიძე, ხუციშვილი, მალაღურაძე (ფრუიძე 10), ხუციშვილი (ბეგაძე 59). (1-8) ფეიქრიშვილი (ბეჯიაშვილი 55), მაისურაძე (ბრეგვაძე 55), მირცხულავა (ხატიაშვილი 55) დათუნაშვილი (მიქაუტაძე 65), ჩხაიძე, შუბითიძე (ო. გიორგაძე 70), გორგაძე, ბიწაძე.
ლ: ფეიქრიშვილი. გ: წიკლაური. ს: მალაღურაძე.
სინბინი: გორგაძე.

მზ.იტალია (15-9) კიეზა, გვარდუჩი, ბენვენუტი, კვარტაროლი, დი ჯულიო, კანა, მარინარო (პარიზოტო 69). (1-8) ძანი (ნაკა 58), ფაბიანი (ბიჯი 68), დი სტეფანო (ჩეკარელი), რუძა (ამნეტა 72), ჯეროზა, ნეგრი, კაფინი, მბანდა.
2ლ: მბანდა, მარინარო. 3ს,2გ,ა: კანა.
მსაჯი: მორის ფან დერ ვესტჰოიზენი (ს.აფრიკა)

მზ.ირლანდია-ურუგვაი 33:7

სატურნირო მდგომარეობა
1. მზ.ირლანდია - 10 ქულა, 2. მზ.იტალია - 4, 3. საქართველო - 4, 3. ურუგვაი - 0.

III ტური
საქართველო-მზ.ირლანდია
ურუგვაი-მზ.იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰეიგი ყველანაერად ემზადება მსოფლიოსთვის თუ კარგად დააკვირდებით, - ამ ტურნირს არავითარი პრესტიჟი და რეიტინგი არ აქვს - სამაგიეროდ ასნავნოი სასტავს ეხლა ტრამვები არაფრად ჭირდება როცა მსოფლიო იწყება 2 თვეში, შესარჩევია ღირსეული შემცლელი სკამი და თამაშის სტრატეგიები ასე რო ამ წაგებაზე ნუ ნერვიულობტ ეს ტაქტიკური თამაშებია
burzgla
21:32 19-06-2015
0
როცა 6 ერზე ჩართვის სურვილი გაქვს, მზარდ იტალიას უნდა უგებდე. ექსპეტიმენტული გუნდით ვთამაშობთ და ჩვენს მზარდი საქართველოს სტატუსით გვეთამაშა კიმაინც. ამ ეს თამაში უნდა მოგვეგო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული