"ბორჯღალოსნებმა" პირველი სამკვირიანი შეკრება დაასრულეს

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიო თასამდე 60 დღე რჩება. პარასკევს "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსწინა მზადების პირველი ფაზა, სამკვირიანი ფიზმომზადების შეკრება "შევარდენზე" დაასრულეს და ერთ კვირას დაისვენებენ.

მწვრთნელები პირველი ფაზით და გუნდის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, ვინაიდან ბიჭებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში მზარდ დატვირთვას კარგად გაუძლეს.

ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, გუნდი შემდგომ 9-დღიან შეკრებას კვლავ "შევარდენზე" გაივლის. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მეორე ფაზა კიდევ უფრო რთული და დატვირთული იქნება, მაგრამ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბიჭები ამას თავს კარგად გაართმევენ.

მილტონ ჰეიგი პირველ შეკრებას აფასებს:

"რა თქმა უნდა, მწვრთნელები
კმაყოფილები ვართ ამ შეკრებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებსაც ახარებთ შედეგები. გარდა იმისა, რომ ისინი პირველი სამი კვირის შემდეგ თავს მხნედ გრძნობენ, მათ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულეს.

დარწმუნებული ვარ, აქამდე, არცერთ შეკრებაზე ამ დონის სამუშაო არ შეუსრულებიათ. გულწრფელად რომ გითხრათ, საქმე 95 პროცენტით შევასრულეთ, რაც დამაკმაყოფილებელია და აუცილებლად წაგვადგება.

რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ის, რომ მოთამაშეებმა კვირიდან კვირამდე მზარდ დატვირთვას თავი კარგად გაართვეს, რისი ნათლად ნახვაც პარასკევს შუადღეს იყო შესაძლებელი - ეს რომ პირველი კვირა ყოფილიყო, ბიჭებს სადილის თავიც არ ექნებოდათ.

აქედან გამომდინარე, მეორე კვირა პირველზე უკეთესი იყო, ხოლო შეკრების ბოლოს კი ბიჭები შესაშურ ფორმაში იყვნენ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო ვარჯიში ყველაზე რთული იყო.

9-დღიანი შეკრების დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ მომზადებას. სპეციალური კრიო-კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი, ასევე, ფიზმომზადებას დაეთმობა.

რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.

პოლონეთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ერთ კვირას შინ დაისვენებენ და 24 აგვისტოს, მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზის გასავლელად ინგლისში გაემგზავრებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული