"ბორჯღალოსნები" მზადების მესამე ეტაპს გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც კრიოთერაპიას გაივლიან. მერე ისევ თბილისში დაბრუნდებიან და 24 აგვისტოს გეზს "ნისლიანი ალბიონისკენ" აიღებენ.
აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი შეკრება დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა შერკინების ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა (ბრივი). ვარჯიშში მიკროტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ ბექა წიკლაურს (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილს (ბათუმი) და დიმიტრი ბასილაიას (პერპინიანი). პირველი ორი საზარდულმა შეაწუხა, ბასილაია კი წელს იტკიებს.
ვარჯიშს გვერდიდან ადევნებდა თვალს მეორეხაზელი
ვარჯიში, ტრადიციისამებრ, მოთელვით დაიწყო, თუმცა ის რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ჩვენი გუნდი უწინ აკეთებდა. მორაგბეებმა ჯერ გაჭიმვები აკეთეს, მერე კი ბურთით სახალისო, მინი-თამაში მოაწყვეს.
ფოტოზე: მამუკა გორგოძე, საბა შუბითიძე, სიმონ მაისურაძე
მერე საკმაოდ დიდხანს გუნდმა შეტევისას ხელდახელ ბურთაობაში ივარჯიშა. არსი კი შემდეგი იყო: მეტოქე ბურთს კარგავს და ჩვენი გუნდი ცდილობს კონტრშეტევის წარმატებულად განვითარებას. ამას "ბორჯღალოსნები" შესანიშნავად ახერხებდნენ. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ბურთი წინ სამჯერ გაუვარდათ.
ბოლოს გუნდმა ისევ ფიზმომზადებაში, უფრო სწორად, გამძლეობაში ივარჯიშა. საკმაოდ საინტერესო და რთულ ვარჯიშში შერკინებიდან ყველაზე სწრაფად მამუკა გორგოძე და ვიქტორ კოლელიშვილი ირჯებოდნენ, უკანა ხაზიდან კი - გიორგი აფციაური.
ფოტოზე: ბურთით ვიქტორ კოლელიშვილი
"ღია ვარჯიში", რომლის დროსაც ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, ამით დამთავრდა. საგულისხმოა, რომ წვრთნა საკმაოდ ინტენსიური იყო და ვარჯიშის მსვლელობისას მორაგბეებს წუთითაც არ შეუსვენიათ. აშკარად ჩანს, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ახლა მთელი აქცენტი გამძლეობაზეა გადატანილი.
აღსანიშნავია, თვით ფიზიკური კონდიციების ამაღლების პროცესი მრავალფეროვანია და ბურთით ვარჯიშთან ერთად ტაქტიკურ განსწავლულობასაც შეიცავს.
ფოტოზე: გიორგი აფციაური, მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ოთარ გიორგაძე (აია).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი ტალახაძე (ლელო).
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).
მსოფლიოს თასი
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა
25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა
2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია
7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"