საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მსოფლიოს თასზე გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად" უცხადებენ.
პრესკონფერენციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდნენ.
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"რის წინააღმდეგაც ჩვენ ერთად ვიბრძვით, უბრალოდ, არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებობდეს.
მზად ვართ ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის და რაც მთავარია, ამას გავაკეთებთ გულით. ქალთა მიმართ ძალადობა იმდენად ეწინააღმდეგება ქართველების კულტურას, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებას, ქალისადმი პატივისცემის ტრადიციებს, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს სიმახინჯე დამთავრდეს.
ჩვენთვის უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო ამ ხნის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მოგვეცემა საშუალება, მსგავს კამპანიებში მივიღოთ მონაწილეობა".
მილტონ ჰეიგი, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცა ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. უკვე მეოთხე წელიწადია საქართველოში ვიმყოფები და როგორც მთელი გუნდი, ისე მენეჯმენტი, დიდი სიამაყით ვიღებთ მსგავს შემოთავაზებებს.
ჩვენ ვართ მორაგბეები, ვართ ქმრები, ძმები, მამები და მსგავსი აქტივობები ძალიან ახლოს არის ჩვენს გულებთან. მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ასეთი წარმატებით ახორციელებს ამ პროექტს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ აქ ვთამაშობთ თუ საზღვარგარეთ, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ამ ინიციატივებს და კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობასა და თანადგომას".
ერიკა კვაპილოვა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი:
"საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონების და, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში.
უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბის, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში".
ერიკა კვაპილოვამ "ბორჯღალოსნებს" საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად" ლოგოტიპიანი სპორტული ატრიბუტიკა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" აღნიშნულ კამპანიაში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველმა მორაგბეებმა არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.
რაგბის კავშირის პრესსამსახური