ნიუკასლ ფალკონზი VS საქართველო - კბილებალესილი "ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპს ინგლისში გადის, დღეს, 28 აგვისტოს, საკონტროლო მატჩში, ნიუკასლში პრემიერშიფის კლუბ "ნიუკასლ ფალკონზს" დაუპირისპირდება. თამაში 22:45 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრაზე არანაირი ტელეგადაღება არ იწარმოებს და თამაშის ხილვა არც ინტერნეტსტრიმით იქნება შესაძლებელი. მატჩის მსვლელობისას ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) და "ნიუკასლ ფალკონზის" თვითერზე იწარმოებს.

ადგილობრივ მედიაში ამ მატჩთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"ნიუკასლ ფალკონზი" ახალ სეზონში ღირსეულად წარმოჩენას ეცდება, რადგან ის საქართველოს ეროვნულ
ნაკრებს უმასპინძლებს. დინ რიჩარდსის გუნდი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-13-ადგილოსან ქვეყანას "კინგსტონ პარკზე" შეხვდება.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონი საქართველოს ნაკრები 9-კვირიანი შეკრების შემდეგ კბილებს ილესავს და ერთი სული აქვს, როდის ითამაშებს.

"მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე სამი მატჩის გამართვა გვიწევს და სანამ ტესტმატჩებს კანადასთან და იაპონიასთან გავმართავთ, ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ გვსურდა "პრემიერშიფის" გუნდი გვყოლოდა", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომლის გუნდიც ძირითადად საფრანგეთში მოასპარეზე მორაგბეებითაა დაკომპლექტებული.

"ნიუკასლი" "პრემიერშიფის" კლუბია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თამაში აუცილებლად წაგვადგება. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. მათ ძლიერი გუნდური სტრუქტურა აქვთ და ეს სწორედ ის რკენა იქნება, რომელიც ამ ეტაპზე გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ "პრემიერშიფში" "ნიუკასლის" მატჩებს თვალს ვადევნებდი, კარგად არ ვიცნობ იმ გუნდს, რომელსაც ხვალ ვეთამაშებით.

"ფალკონზის" ყოფილი მწვრთნელი პიტერ რასელი ჩემი კარგი მეგობარია და სწორედ მისგან ვიცნობ ამ გუნდს, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე ოპონენტის ვინაობა მთავარი არ არის. ჩვენი პირველი თამაშის მიზანი ბოლო თვეების მანძილზე ვარჯიშიდან დაგროვებული გამოცდილების პრაქტიკაში გადატანაა". - დასძინა მან

ჰეიგის თქმით, "ბორჯღალოსნების" თაინსაიდზე ჩამოსვლა ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ყოფილი უკანახაზელის დამსახურებაა:

"ეს თამაში ჩემთვის სპეციალურად პითერ ვინთერბოთომმა დაგეგმა, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. დიდ მადლობას ვუხდით "ნიუკასლს" ამ მატჩის მასპინძლობისთვის".

ქართული რაგბის მონაგარი ნელ-ნელა იზრდება. მეორე ეშელონის გუნდის სტატუსის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებმა" რეიტინგში ექვსი ერის მონაწილე იტალიას გადაასწრეს.

"ცხრაკვირიანი შეკრება გავიარეთ და ერთი სული გვაქვს, როდის შევუდგებით საქმეს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასისთვის ასეთი მომზადებული არასდროს ყოფილა. გავიარეთ კრიოთერაპიის პროცედურები და პოლონეთის ეროვნულ ოლიმპიურ ბაზაზეც ვივარჯიშეთ.

ჩვენი გუნდი ახლა მართლაც სხვა დონეზეა, კარგ ფორმაში ვართ და მიზნის მისაღწევად ახლა გეგმის თითოეული დეტალის შესრულება მნიშვნელოვანია. "ნიუკასლთან" პირველ თამაშს გავმართავთ და ეს მატჩი იმით იქნება გამორჩეული, რომ მატჩში ყველა მორაგბეს ჩავრთავთ. 80 წუთის განმავლობაში ყველას მიეცემა სათამაშო დრო და პირველი ნახევრიდან მეორე ნახევრამდე გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვლება.

ცხრაკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებს თამაში მოენატრათ. ამიტომაც მოუთმენლად ველით ამ მატჩს", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

სარაგბო სამყაროში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ქართველებს მხოლოდ შერკინება ჰყავთ კარგი, რასაც ამ სამი გიგანტის: დავით ზირაქაშვილის (კლერმონი), ზურაბ ჟვანიას (სტად ფრანსე) და მამუკა გორგოძის (ტულონი) დასახელებაც კი უსვამს ხაზს.

თუმცა ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ახლა ქართულ არსენალში ბევრი სხვა იარაღიცაა:

"თამაშის განვითარების ბოლო სამწლინახევრიანი პროექტი ფორვარდებზე იყო დაფუძნებული. სწორედ ამიტომ საქართველო ყველასთვის ამ ტენდენციასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალას არ უარვყოფთ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი შერკინებისა და არცთუ ისე კარგი უკანა ხაზის ტენდენციას კარგა ხანია გავცდით - მას შემდეგ, რაც ბურთის გამოყენების შესაძლებლობები გავაფართოეთ.

თამაშს თუ მხოლოდ ერთი განზომილებით ითამაშებ, მოწინააღმდეგე უფრო ადვილად დაიცავს შენ წინააღმდეგ თავს. ჩვენ ვიცოდით, რომ უკანა ხაზის უნარ-ჩვევებიც უნდა განგვევითარებინა, რათა ნაკლებად პროგნოზირებადები გავმხდარიყავით და ვფიქრობ, ამ კუთხით ღირსეული პროგრესიც გვაქვს".

რადგან მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან მხოლოდ ორი გადის, ჰეიგმა იცის, რომ მეოთხედფინალზე ფიქრი მისთვის ჯერ ადრეა და ამიტომ ალტერნატიული მიზანი დაისახა.

"ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისეთი გუნდების დამარცხება, როგორიც სამოა და იაპონიაა, ნამდვილად აჩვენებს იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით. ჩვენ მოვიგეთ "რაგბი ევროპის" თასი. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ გუნდი ნამდვილად ვითარდება.

რამდენჯერმე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიოს თასზე შესარჩევის გარეშე მოხვედრაა, რაც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მიიღწევა. ეს ის მიზანია, რომელიც საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია. თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევქმნით ისტორიას, რისიც ნამდვილად გვჯერა".

ნიუკასლი
15. კრეიგ ვილისი, 14. ალექს ტაიტი, 13. კრის ჰარისი, 12. ადამ პოული, 11. ანდი ტულაგი, 10. ტომ კატერიკი, 9. რუკი ტიპუნა. 1. რობ ვიკერერსი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. სკოტ ვილსონი, 4. კალუმ გრინი, 5. სკოტ მაკლოიდი, 6. რიჩარდ მეიჰეუ, 7. ვილ ველში, 8. ალი ჰოგი.
16. ბენ ჰარისი, 17. ჯორჯ მაკგიგანი, 18. ალექს როჯერსი, 19. შონ რობინსონი, 20. მარკ ვილსონი, 21. დანიელ ტემმი, 22. დენ მარშალი, 23. რუარიდ დოუსონი, 24. ბრეტ კონონი.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
სიახლეები პოპულარული