ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტონგას ვძლიოთო [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

AutoSharing Option
ბრისტოლში გამოიდარა. დილის ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებისთვის წვიმას ხელი აღარ შეუშლია. მილტონ ჰეიგმა გუნდი სავარჯიშოდ დანიშნულ დროზე 45 წუთით ადრე მიიყვანა. ფაქტობრივად, ეს 19 სექტემბერს ტონგას ნაკრებთან გასამართი პირველი მატჩის რეპეტიცია იყო.

ისევ არ უვარჯიშია "ბორჯღალოსნების" მგეზავ ლაშა ხმალაძეს. გარემარბი ალექსანდრე თოდუა კი გუნდს შეუერთდა და საკმაოდ აქტიურიც იყო. სამაგიეროდ, ინდივიდუალურად ივარჯიშა შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა, რომელიც მუხლმა შეაწუხა, თუმცა სერიოზული არაფერია.

მსოფლიოს თასისთვის მზადება დასრულდა. დღეს ნაკრების მოთამაშეები დაისვენებენ. ხვალ კიდევ ერთხელ ივარჯიშებენ და გლოსტერთან ახლოს ჩეთელჰემში დაიდებენ ბინას, სადაც
ტონგასთან მატჩამდე დარჩებიან.

ცხადია, ქართველი რაგბის ქომაგისთვის საინტერესოა, რას ფიქრობს განვლილ სამზადისზე და მომავალ მატჩზე "ბორჯღალოსანთა" თავკაცი მილტონ ჰეიგი, რომელსაც სასტუმრო "ბრისტოლ მერიოტ როიალში" ვესაუბრეთ.

- მსოფლიოს თასისთვის სამზადისი რამდენიმე ეტაპად დავყავით. პირველი ორი ეტაპი, თბილისსა და პოლონეთში მთლიანად ფიზმომზადებას დაეთმო. მესამეზე კი ინგლისში, სათამაშო ტაქტიკის დახვეწაზე ვიზრუნეთ. ცხრა დღეში სამი ძალიან რთული მატჩი გავმართეთ. ეს შეხვედრები წელიწად-ნახევრის წინათ დავგეგმეთ. აუცილებლად უნდა გვეთამაშა, რათა ჩვენი დონე აგვემაღლებინა.

- საქართველოს ნაკრებმა პირველივე მატჩში "ნიუკასლ ფალკონზთან" მოულოდნელად, საკმაოდ სოლიდური სხვაობით წააგო...
- "ნიუკასლთან" მატჩამდე ნახევარ გუნდს რამდენიმე თვე არ ჰქონდა ნათამაშები. მეტოქე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა და მიგვახვედრა, რომ რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, თუ არ ითამაშე, არაფერს აქვს აზრი. ამან ხელი შეგვიწყო, რომ კანადასთან და იაპონიასთან უკეთ გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მათთან დაპირისპირებაში მოგება უფრო გაგვახარებდა, თუმცა თამაშის ხარისხის ზრდით მაინც კმაყოფილი ვარ.

- საქართველოს ნაკრების მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადების დაწყებამდე, თქვენ განაცხადეთ, რომ "ბორჯღალოსნები" ტურნირს ისე კარგად მომზადებული შეხვდებიან, როგორც არასდროს...
- ასეა, და ჩვენ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. პოლონეთში ყოფნისას მორაგბეები სიმძიმეების აწევაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ წონებს მიუახლოვდნენ. იგივე შეიძლება ითქვას რბენის სისწრაფეზე. თვითონ ამბობდნენ, რომ ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილან. ვის ნათქვამს შეიძლება ენდო, თუ არა იმ მორაგბეებისას, რომლებსაც წინა, 2011 წლის მსოფლიოს თასზე აქვს ნათამაშები.

- ხომ არ არის საშიშროება, რომ სათამაშო ფორმის პიკი ტონგას ნაკრებთან თამაშამდე გავიაროთ?
- არა, ვფიქრობ, მაგის საშიშროება არ არის. ფიზმომზადება ისეა გაწერილი, რომ ის აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. სხვა საქმეა თამაშის ტექნიკური დეტალები, სტრატეგია და ტაქტიკა. ტონგას ნაკრების თამაშს დიდი ხანია ვსწავლობთ, ვაანალიზებთ. მთავარია, ჩვენმა მორაგბეებმა შეძლონ მეტოქის წნეხის ქვეშ სათამაშო გეგმის სწორად განხორციელება. მთელი 80 წუთის განმავლობაში თავდადებით უნდა ვიბრძოლოთ.

- სათამაშო გეგმა ახსენეთ, როგორია ის?
- ჩვენი თამაშის ძლიერი მხარეებია: შერკინება, აუტი, სტატიკური მდგომარეობები. უნდა ვეცადოთ ამ დროს ბურთი სუფთად, შეფერხების გარეშე მოვიგოთ, მეტოქეს კი ამაში ხელი შევუშალოთ. დაცვაში აგრესიულები უნდა ვიყოთ. ისე უნდა შევბოჭოთ მეტოქე, რომ როცა დაეცემა, ვეღარ უნდა ადგეს, სირბილი ვეღარ შეძლოს.

უნდა ვეცადოთ ბურთი მუდმივად მათ ზურგს უკან გადავიტანოთ და ფეხით დარტყმული სწრაფად ჩავხუროთ. შეტევაში ლელოს გატანის ორი ან სამი შანსი გვექნება და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

- ორი ან სამი? მეტი არა?
- ასეთ მძიმე თამაშებში ძნელია მეტის შექმნა. რაც გექნება, უნდა გამოიყენო. ასე იყო თუნდაც თბილისურ მატჩში ტონგას ნაკრებთან. მათ სამი შანსი მიეცათ და სამივე გამოიყენეს.

- თქვენ თქვით, რომ ტონგას ნაკრებს დიდი ხანია სწავლობთ. ეს, სავარაუდოდ, ტონგელებმა ძალიან კარგად უწყიან. რა შეიძლება შემოგვთავაზონ რაიმე ახალი, რაც მათ თამაშში არ ყოფილა?
- მოიფიქრებენ, ალბათ, რამეს, ისევე როგორც ჩვენ. მაგალითად, ისინი ძირითადად შვიდი ნომრის მეშვეობით თამაშობენ. თუ მის გათიშვას შევძლებთ, შეიძლება დალაგებული თამაში ავურიოთ.

- თამაშამდე სამი დღე დარჩა. რას ეტყოდით რაგბის ქართველ გულშემატკივრებს?
- რაგბის ქართველ გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ ჩვენ, ყველამ, მოთამაშეებმა, სამწვრთნელო შტაბმა, მენეჯმენტმა, რაგბის კავშირმა ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ტონგასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით. საკმარისი იქნება თუ არა ეს მაქსიმუმი ამ მეტოქის დასამარცხებლად, არ ვიცი. ჩვენ ცდა არ დაგვიკლია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგას მოვუგოთ.

ფოტოს ავტორი: ლაშა ლორთქიფანიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არიფდი ეტყობა ვინც არის...
meco
05:09 17-09-2015
0
წარმატებიბ ლომებო
dato
19:18 16-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული