"როცა "დინამოზე" ვთამაშობთ, ასე მგონია, რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მქომაგობს..."

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში რაგბიში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა და აღწერა, თუ რა განცდა ეუფლება, როდესაც "დინამო არენაზე" სათამაშოდ გადის.

- მამაჩემი, გოგი სუთიაშვილი ძველი მორაგბეა. თბილისის "ლოკომოტივის" იმ თაობის წევრია, საბჭოთა კავშირის თასი რომ მოიგეს. სწორედ, მამაჩემის გავლენით დავიწყე რაგბის თამაში.

სხვათაშორის, თავიდან, არავის ეგონა თუ რაგბიში წარმატებას მივაღწევდი, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი. ჩემი მეგობრები დღემდე იხსენებენ: პირველად რომ მოხვედი რაგბიზე, ისეთი გამხდარი იყავი, როცა დადიოდი, ძვლების ჭახაჭუხი ისმოდაო.

ძალიან ბევრი ვარჯიშით ნელ-ნელა წარმატებაც
მოვიდა. თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. "ლოკომოტივთან" ერთად ვიყავი საქართველოს ჩემპიონი.

- რას გრძნობ, როცა იცი, რომ შენი ოჯახის წევრები არიან სტადიონზე. ეს სტიმულია თუ უფრო დამაბრკოლებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი?
- როცა რაგბის თამაში დავიწყე, როცა ვიცოდი, რომ თამაშს მამაჩემი ესწრებოდა, განსაკუთრებულად ვინდომებდი, თითქოს ვცდილობდი, მამაჩემისთვის მომეწონებინა თავი.

სამწუხაროდ, დედა მხოლოდ ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს. 18-წლამდელთა ნაკრების თამაში იყო "დინამოზე" და ისიც კი მახსოვს, სად იჯდა. ის თამაში წავაგეთ, თუმცა მახსოვს, რა ბედნიერი იყო დედა, სიხარულისაგან ტიროდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაც მორაგბე იყო, მანამდეც მქონდა თამაშები, დედა მხოლოდ იმ დღეს იყო სტადიონზე პირველად და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად (შალვას დედა გარადაცვლილი ყავს. ავტ.). ამ ფაქტორის გამო, "დინამოს" სტადიონი სხვა დატვირთვას ატარებს ჩემთვის. როცა "დინამოზე" მიწევს თამაში, ასე მგონია, რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მგულშემატკივრობს. მახსოვს მისი ბედნიერი სახე და სულ ვცდილობ, ის სახე დავიჭირო ადამიანებში.

ძალიან მწყდება გული, რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, არადა სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბევრისთვის მიმეღწია.

ერთხელ, მაშინ ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი, ვარჯიშის მერე მთელი გუნდი დავპატიჟე სახლში, არადა აზრზე არ ვიყავი, რა გვქონდა ოჯახში, რით ვაპირებდი გამასპინძლებას, მაგრამ დედაჩემი მეგულებოდა და თამამად წამოვიყვანე მთელი გუნდი. ბიჭები დღემდე ტკბილად იხსენებენ ამ დღეს და ძალიან მიხარია.

რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრები სტადიონზე ყოფნას, ძალიან დიდი სტიმულია. მაგ. ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშზე ჩემი მეუღლე და შვილები რომ იყვნენ, ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. სამი და მყავს და სამივე ყველა თამაშს ესწრება. ჩემი დების და მათი შვილების დასწრება კიდევ უფრო დამატებითი სტიმულია, მათი ხმაც კი მესმის ხოლმე.

- რა განცდაა როდესაც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ნაკრების კაპიტნის რანგში გადიხარ მოედანზე?
- ჯერ პირველად როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო კაპიტანი, არის ძალიან რთული, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად თამამდები. ბუნებრივია, სიამაყის განცდაა, როცა ამხელა ნდობას გიცხადებენ და ცდილობ, რომ ეს ნდობა გაამართლო, ცდილობ იყო ყველა კონტექსტში სამაგალითო.

თან ქართველები ცოტა ფიცხი ხასიათის ადამიანები ვართ, ზოგჯერ ემოციების მოთოკვა გვიჭირს, კაპიტანს ამის უფლება არ აქვს. გაწონასწორებული უნდა იყოს. ბუნებრივია მწვრთნელის დარიგებებით გავდივართ სტადიონზე, მაგრამ უშუალოდ მოედანზე შენ გიწევს ბევრი გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღება.

კაპიტნის რანგში თამაში ასჯერ მეტად ემოციურია ჩემთვის.

იხილეთ სრული სტატია

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 12 /
დასაფიცებელი კაცები ხართ. ძლიერი ყოველთვის თავაზიანია, რასაც ვერ ვიტყვით პრანჭია ფეხბურთელებზე, რომლებსაც სირბილი ეგრეხებათ. აღარც მწვრთნელები გვყავს და არც ფეხბურთელები სამწუხაროდ. თავიდან ბოლომდე სულით რაგბისტი გავხდი და ამისთვის დიდი მადლობა ჟილკიანო ქართველო დევებო, ყველანაირ კარგს იმსახურებთ, მზად ვარ პერიოდულად ყულაბაში ჩემი წვლილი შევიტანო.....
viva
22:38 11-04-2016
0
უცრემლოდ ვერ წავიკითხე,გამარჯვებას გისურვებ
ნიკოლოზ
12:38 09-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული