"ვითამაშოთ და თუ შევრცხვებით, ხელებს ავწევთ და ვიტყვით, ბოდიში, ბიჭებო"

AutoSharing Option
ლაპარაკი ექვსი ერის გათამაშების გაფართოებასა თუ ფორმატის შეცვლაზე არ წყდება. ის კიდევ უფრო აქტუალური გახდა "ბორჯღალოსნების" წარმატებული ტურნეს შემდეგ კუნძულებზე, ივნისის ტესტებისას. თვის ბოლოს ექვსი ერის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკითხზე (სხვა თემებთან ერთად) იმსჯელებენ. იქამდე კი, სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ ამ თემაზე პუბლიკაცია მოამზადა.

ჟურნალისტი ბენ კოლსი საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს ესაუბრა.

წერილში დეტალურად არის განხილული ჩვენი გუნდის ტურნე ოკეანეთში. ასევე - ზოგიერთი თემები, რომლებიც ერთა თასსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეხება.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, რომელიც უშუალოდ ექვსი
ერის გათამაშებაში მილტონ ჰეიგის პოზიციას აფიქსირებს.

"მილტონ ჰეიგისთვის სულ ერთია, როგორ მოხვდება საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში, ეს იქნება პლეი ოფი თუ პირდაპირ გასვლა-გავარდნა. მას, უბრალოდ,  სურს მიიღოს შანსი, რათა დაამტკიცონ, რომ ევროპის უმაღლესი ეშელონის წევრები არიან.

მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსა და ქომაგებს კი, ჰეიგი თბილისში შესანიშნავ მასპინძლობას და ახალი, შესანიშნავი შთაბეჭდილებების შექმნას ჰპირდება.

- ჩვენ, უბრალოდ, გვინდა იქ მოვხვდეთ. მართალი გითხრათ, კარგი იქნებოდა, პლეი ოფს თუ შემოიღებენ. თუ სათანადოდ ძლიერები ვიქნებით, მოვიგებთ და ექვს ერზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ.

ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, მხოლოდ ამ შანსის მიღებაა. თუ სათანადოდ კარგები არ ვიქნებით და შევრცხვებით, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც ხელებს ავწევთ და ვიტყვით - ბოდიში, ბიჭებო, იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ვცადოთ.

რეალობა კი ისეთია, რომ ვფიქრობთ, ექვსი ერისთვის მზად ვართ. ცხადია, ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ.

საქართველოში თამაშისას განსაკუთრებული ატმოსფეროა. რუმინეთის ნაკრებთან მატჩში 54 ათასი მაყურებელი მოვიდა სტადიონზე და ეს მაშინ, როცა ერთა თასი უკვე მოგებული გვქონდა. კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი იქნება, თბილისში ექვსი ერის გუნდი რომ ჩამოვა.

გუნდები და მათი ქომაგები ქართული სტუმართმოყვარეობით განცვიფრებულნი დარჩებიან და ძალიან მოეწონებათ თბილისი. ასე რომ, თუ მუდმივად ექვს ერში თამაშის საშუალება გვექნება, მათთვის თბილისი ისეთივე დანიშნულების პუნქტი იქნება, როგორიც პარიზი და რომია.


მილტონ ჰეიგს საქართველოს ნაკრებთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი პლუს ორი სისტემით. არადა, სპეკულაციები მისი საქართველოს ეროვნულ გუნდში დარჩენის თაობაზე საკმარისზე მეტი იყო. საინტერესოა მომავალი იმ ახალზელანდიელი მწვრთნელებისა, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, ჯო შმიდტი (ირლანდია), ვერნ კოტერი (შოტლანდია), უორენ გეთლენდი (უელსი), როდის დაბრუნდებიან ისინი შინ?

ჰეიგის წარმატებული საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ ის მწვრთნელთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებიც ზე რაგბის პოტენციური თავკაცები იქნებიან. თუმცა, ამის შანსი ნაკლებია. მის მეუღლეს, რომელიც ოჯახში მთავარია, ევროპა უყვარს.

ეს შესაძლოა, ნიშნავს, რომ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ კარიერას რომელიმე ევროპულ გუნდში განაგრძობს.

თუმცა, ახლა ის მთლიანად საქართველოს ნაკრებზეა კონცენტრირებული. ასეც უნდა იყოს, მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და სანერვიულო აქვს, რათა ქართული რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც არ უნდა მოხდეს მე პირადად უკვე კმაყოფილი ვარ ამ ადამიანის!
dima
16:58 21-07-2016
0
ამ კაცმა საქართველოში დარჩა რომ აქაური ჰაერი ესუნთქა და გაეგო რითი ვსუნთქავდით რაც ფეხბურთში არ ხდება.
Gogita
18:45 21-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული