საქართველო 2017: მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
8 თვეში, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეუდგებიან. სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.

დღეს, ტურნირისთვის მზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღეა, ვინაიდან მსოფლიო რაგბი და საქართველოს რაგბის კავშირი ჩემპიონატის განრიგს და ჯგუფებს აქვეყნებენ.

სტადიონები
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები
ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

ჩემპიონი ავჭალაში იწყებს
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ტიტულის დასაცავად A ჯგუფში ავსტრალიას, უელსს და სამოას დაუპირისპირდება. სამოა 20-წლამდელთა 12 გუნდიან ელიტას წელს, მსოფლიო ალაფის მოგების შემდეგ დაუბრუნდა.

ზელანდია ქუთაისში იბურთავებს
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ

შინაურ კედლებში
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატის ფერხულში პირველად წელს ჩაებნენ, მას შემდეგ რაც შარშან ალაფა მოიგეს და საქართველოში გასამართ ტურნირამდე ერთი წლით ადრე მანჩესტერში იასპარეზეს, სადაც ჯგუფში ახალ-ზელანდიას, უელსს და ირლანდიას ეთამაშნენ.

საპლეიოფო ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს შეხვდნენ და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო ბოლო სამატჩო დღეს საფრანგეთს შევხვდით და სამი ქულის სხვაობით, 24-27 დავთმეთ შეხვედრა. ამ შედეგით ჩვენმა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის სტატუსით ისედაც მივიღებდით მონაწილეობას 2017 წლის ტურნირზე, ელიტაში თამაშის უფლება სპორტული შედეგითაც დავიმსახურეთ.

წელს კი ჯგუფურ ეტაპზე ავჭალაში არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს ვერკინებით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ მნიშვნელობითა და სიდიდით მეორე ტურნირია. მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს.

საქართველოში ამ დონის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ. თუმცა მსოფლიო რაგბის ეგიდით ტურნირები შინ აქამდეც გაგვიმართია - 2011 წელს თბილისში მაშინდელი რაგბის მსოფლიო საბჭოს ახალგაზრდულ ალაფას ვუმასპინძლეთ, ხოლო 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ავჭალის სტადიონზე ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი, თბილისის თასი იმართებოდა.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა 2015 წელს მოგვანიჭა, რაც თავისმხრივ ქართული რაგბის მზარდ განვითარებაზე და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე მეტყველებს, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი არაელიტარულ სარაგბო ქყვეყანაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი: "მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ტურნირად ჩამოყალიბდა ჩვენს სპორტში. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის რაგბის მომავალი ვარსკვლავების აღზრდაში.

საქართველოში რაგბი ზრდის ტალღაზეა და მოსახლეობის უდიდეს ინტერესს იზიდავს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წელს, როდესაც თბილისის და ქუთაისის სტადიონებზე მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მაღალი კლასის რაგბის საჩვენებლად შეიკრიბება, მათ მხურვალე და ენერგიული მაყურებლებით სავსე ტრიბუნები დახვდებათ.

"2019 წლის მსოფლიო თასიც აღარაა შორეული პერსპექტივა. იმ მორაგბეთა შორის, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვიხილავთ, მრავალი სულ რაღაც სამ წელიწადში გაიბრწყინებს იაპონიაშიც, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ტურნირზე".

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე: "დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგანაც 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფები დასახელდა. დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირი, არამედ მთლიანად საქართველო აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში თბილისი და ქუთაისი რაგბის მომავალ მსოფლიო ვარკვლავებს უმასპინძლებს.

გულშემატკივრებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში და უგულშემატკივრონ რაგბის ამომავალ ვარკვლავებს, უყურონ სანახაობრივ რკენებს და დატკბნენ საქვეყნოდ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით.

ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი პატივია კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის და მსოფლიო რაგბის მხარდაჭერითა და საქართველოს რაგბის კავშირის ჩართულობით ეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იქნება ყველაზე წარმატებული ტურნირი".

მას მერე რაც 2008 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის (ყოფილი ) გათამაშება დაიწყო, ამ ტურნირიდან მსოფლიო არენაზე 400-ზე მეტი მოთამაშე ამოვიდა.

სამმა გუნდმა აღმართა ნანატრი ჯილდო - ახალმა ზელანდიამ (2008-11 და 2015 წლებში), სამხრეთ აფრიკამ (2012 წელს) და ინგლისმა (2013, 2014 და 2016 წლებში).

ცხრა კაპიტანი, რომლებსაც წილად ხვდათ 20-წლამდელთა თასის აღმართვის პატივი, არიან: ქრის სმითი (ახალი ზელანდია, 2008 წელი), აარონ ქრუდენი (ახალი ზელანდია, 2009 წელი), თაილერ ბლეიენდაალი (ახალი ზელანდია, 2010 წელი), ლიუქ უაითლოქი (ახალი ზელანდია, 2011 წელი), უაიაან ლიბენბერგი (სამხრეთ აფრიკა, 2012 წელი), ჯეკ კლიფორდი (ინგლისი, 2013 წელი), მარო იტოჯე (ინგლისი, 2014 წელი), ატუ მოლი (ახალი ზელანდია, 2015 წელი) და ჰარი მალინდერი (ინგლისი, 2016 წელი).

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედი მქონდა უფრო ადვილ ჯგუფში მოვხვდებოდით. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე ადვილი მეტოქეები არ არიან. იქნებ სხვა ჯგუფებიც გაგვაცნოთ.
gogig
19:13 21-09-2016
0
ე.ი. ახალი ზელანდიელები და ირლანდიელები ბიკენტიას საქაბაბეში დაჩექინდებიან მომავალ წელს? :)
კაია, სიმონ! :)
ქუთაისელი
09:54 22-09-2016
0

სიახლეები პოპულარული