"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ორი ავსტრალიელი მწვრთნელი იმუშავებს

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების პირველ მატჩამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და მისმა ასისტენტმა ლევან მაისაშვილმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას სამწვრთნელო შტაბის ორი ახალი წევრი წარუდგინა.

ორივე ავსტრალიელია - შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი და ხაზის კონსლუტანტი, ცნობილი სპეციალისტი რიჩარდ გრემი, რომელიც ბორჯღალოსნებს ოკეანეთის ტურნეშიც ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა უშუალო მოვალეობისა, ორივე სპეციალისტი ჩაერთვება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების და სარაგბო აკადემიის საქმიანობაში, რაც ქართულ რაგბის დიდ წარმატებას მოუტანს.

პრესკონფერენცია გოჩა სვანიძემ გახსნა:

"მინდა
წარმოგიდგინოთ ბორჯღალოსნების ორი ახალი მწვრთნელი - რიჩარდ გრემი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ის სხვადასხვა დონეზე წარმატებით მოღვაწეობდა და ივნისში, ოკეანეთის წარმატებულ ტურნეზე, წარმატებით თანამშრომლობდა საქართველოს ნაკრებთან. ბრედ ჰარისი შედარებით ახალი სახეა, თუმცა ის გუნდს კარგად მოერგო და დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წავა.

გარდა ნაკრებისა, ორივე მათგანი დახმარებას გაუწევს ახალგაზრდულ ნაკრებებს და რაგბის აკადემიას, ახალგაზრდა მწვრთნელებს, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ერთი კონკრეტული თამაშის მოგება კი არა, სარაგბო ელიტაში შესვლა და იქ დამკვიდრებაა. ამას სისტემური მიდგომა ჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ორი ადამიანის გამოცდილების გაზიარებით, მიზნის მიღწევა უფრო ადვილი იქნება".

ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი ავსტრალიელებზე შეაჩერა:

"დავეთანხმები ბატონ გოჩას და ვიტყვი, რომ ოკეანეთის წარმატებულ ტურნეში რიჩის წვლილი უდიდესია. მის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. წინ რთული ნოემბერი გველის - სამი ურთულესი შეხვედრა უძლიერეს კონკურენტებთან და თუ გვსურს წარმატებული სვლა გავაგრძელოთ, გუნდში ძლიერი მწვრთნელების ყოლა აუცილებელია. ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენს ტექნიკურ განვითარებას და მე და ლევანს დიდ დახმარებას გაგვიწევენ.

გაგვიმართლა და კარგია ორი ასეთი დონის მწვრთნელებმა ჩვენთან მუშაობისთვის დრო რომ გამონახა. ბრედს ავსტრალიის ნაციონალურ ჩემპიონატში და სუპერ რაგბის "ბრამბისის" მეორე გუნდთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ჩვენი მორკინალების თამაშის ტექნიკურ მხარეს გააძლიერებს.

რიჩარდს "სარასენსში" ედი ჯოუნზთან მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის სუპერ რაგბში "რედსსა" და "ვესტერნ პროვანსში" მუშაობდა და ზურგს უზარმაზარი სანაკრებო გამოცდილებაც უმაგრებს. მათი გამოცდილება და ცოდნა, სიახლეები, რასაც ისინი ჩვენს გუნდში შემოიტანენ, აუცილებლად დაგვეხმარება განვითარებაში და უკეთ გახდომაში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა კარგი სპეციალისტებისა, ბრედი და რიჩარდი კარგი ადამიანები არიან. მათ პირველივე დღიდან გაითავისეს ჩვენი გუნდის, მენტალობა, ფასეულობები და მოთამაშეებთან მარტივად გამონახეს საერთო ენა. ამრიგად, გარდა კარგი სპეციალისტებისა, ჩვენი გუნდი ორი კარგი ადამიანითაც გაძლიერდა".

ბრედ ჰარისი: "ჩემთვის დიდი პატივია რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო დონეზე და საქართველოს ნაკრებში. ქართული შერკინების ძალა მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და ნოემბრის ტესტებისთვის რაიმე განსაკუთრებული ცვლილებების შეტანას არ ვაპირებ. მორკინალებთან ტექნიკური მხარეების და სისტემების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ, როგორებიცაა შერკინება, დერეფანი, რაქი და მიწაზე თამაში. რა თქმა უნდა იქნება ინდივიდუალური მუშაობებიც".

რიჩარდ გრემი: "ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც უყურებს რაგბს, იცის თუ რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც მილტონ ჰეიგი დამიკავშირდა და მომცა ამ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა. მე ბორჯღალოსნებთან ერთად ერთი თვე გავატარე ოკეანეთის ტურნეზე და კარგად შევიცანი ქართველი მორაგბეების მენტალური მხარე. ჩემი მიზანია, რომ გავაუმჯობესო ქართველი უკანახაზელების თამაშის ხარისხი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და დავამყაროთ ბალანსი მორკინალებსა და ხაზის მოთამაშეებს შორის, რათა ვითამაშოთ ბოლომდე 15-კაცა რაგბი.

მილტონთან ბევრს საუბრობდი იმ სისტემაზე, რაზეც აწყობილია საქართველოს ნაკრები. ასევე, ბევრს ვსაუბრობდი ლევანთან, რათა გამეგო როგორია ნაკრების ხედვა ადგილობრივი მწვრთნელის მხრიდან, როგორია შიდა პირველობა. ამ ყველაფრის შემდეგ, მე უკვე ვიცი როგორ შეიძლება ჩემს მიერ დასახული გეგმების განხორციელება".

ლევან მაისაშვილი: "ორივე მწვრთნელი ძალიან კარგი, უშუალო ადამიანია. რიჩარდთან ოკეანეთის ტურნეზე ერთი თვე გავატარე. იშვიათად მინახავს უცხოელი ბიჭებთან ურთიერთობაში ასე მარტივად შესულიყოს. ბრედი შედარებით ახალი ჩამოსულია და უმოკლეს დროში აუღო ალღო ჩვენს სპეციფიკას. მათი პიროვნული თვისებები და გუნდური მუშაობის პრინციპები კარგადაა შერწყმული. ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ, ორივე მაღალი დონის სპეციალისტია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

დოსიე
ბრედ ჰარისი - სამწვრთნელო კარიერა 11 წლის წინ ირლანდიაში დაიწყო, როდესაც რაგბის კლუბ "ნევენის" მწვრთნელადდაინიშნა და კლუბის 85-წლიან ისტორიაში პირველად, "ოლ აირლანდ ლიგში" (ახლა ცნობილია როგორც "ალსთერბანკ ლიგი") გუნდის აყვანა შეძლო. შემდეგ დაბრუნდა ავსტრალიაში, სადაც კანბერა "ვაიკინგსში" ჯერ დუბლიორებს წვრთნიდა, ხოლო შემდეგ სამწრთნელო პროგრამის ხელმძღვანელადდაინიშნა, მოგვიანებით კი, პირველი გუნდის მწვრთნელი გახდა. იგი ასევე წვრთნიდა სუპერ რაგბის ავსტრალიური ფრანჩიზის, ბრამბიზის "ა" გუნდს. 2015 წელს ავსტრალიელმა ბარბაროსების ახალ ზელანდიურ ტურნეში დამხმარე მწვრთნელად მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდებში მის სამწვრთნელო პროგრამის უმნიშვნელოვანეს როლს შერკინების მწვრთნელობა წარმოადგენდა, ხოლო 2016 წელს იგი NRC-ის (National Rugby Championship - სარაგბო ეროვნული პირველობის უმაღლესი ლიგა, რომელიც სუპერ რაგბის შემდეგ სიდიდით მეორეა ავსტრალიაში) "ქანთრი იგლზის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

რიჩარდ გრემი - მან ბორჯღალოსნებთან პირველად წლევანდელი ოკეანეთის ტურნეს დროს იმუშავა, როდესაც მილტონ ჰეიგს უკანა ხაზის გაწვრთნაში ეხმარებოდა. რაგბის მოყვარულთათვის იგი კარგადაა ნაცნობი, ვინაიდან წლების განმავლობაში სუპერ რაგბის ავსტრალიური "რედსისა" და "ვესთერნ პროვანსის" თავკაცი იყო, თუმცა სამწვრთნელო დებიუტი ევროპაში ჰქონდა - 2002 წლიდან 2006 წლამდე პრემიერშიპის "ბასში" დამხმარე მწვრთნელი იყო. შემდეგ იგი "სარასენსში" გადავიდა, სადაც ედი ჯონზის ასისტენტი იყო, ბოლოს კი, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2009-2010 წლებში გრემი ვოლაბების უნარების მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო შემდეგ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კარიერა სუპერ რაგბში გააგრძელა.

რიჩარდ გრემი ნოემბრის ტესტებისთვის ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ხაზისა და დაცვის საკითხებში, კონსულტანტის სტატუსით დაეხმარება. მის მოვალეობებში შევა მთავარი მწრვთნელის დახმარება ტესტ მატჩებისთვის შესაბამისი სტრატეგიის შერჩევისას, დაცვის და ხაზის მწვრთნელების დახმარება.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სპეციალისტები ახალგაზრდებთან იმუშავებენ. ასეთ მიდგომას სპორტში სხვა სახეობებში ვიყენებთ?
gogig
19:43 08-11-2016
0
ეს არი სცორი მიდგომა ხალხს საქმის კურსსჰი აყენებენ.
bajo
23:37 07-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული