6 არგუმენტი, რის გამოც საქართველო ექვს ერში მიღებას იმსახურებს

AutoSharing Option
შოტლანდიასთან 16:43 წაგებული ტესტ-მატჩის შემდეგ The Telegraph-ი წერდა: მართალია, ამ გუნდებს შორის რეიტინგში მხოლოდ ხუთი საფეხურია სხვაობა, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულიაო. ამ თამაშს ევროპაში ბევრი სწორედ იმ კუთხით უყურებდა, თუ რამდენად შეესაბამება "ბორჯღალოსანთა" ამბიციები, ითამაშოს ექვსი ერის პირველობაზე, რეალობას. მილტონ ჰეიგი არც მალავდა ჩვენს ამბიციებს თამაშამდე.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

შოტლანდიელთა დამაჯერებელმა გამარჯვებამ ექვს ერზე ჩვენი დამატების მოწინააღმდეგეებს დამატებითი არგუმენტები მისცა, ზემოხსენებული სტატიაც ამის გამოძახილია.

- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში
ეს უფსკრულია"


თუმცა შევეცდებით, 6 არგუმენტი წარმოვადგინოთ, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ექვსი ერის პირველობაზე სამომავლოდ (2019 წლის მსოფლიოს თასის მერე) მეშვიდე წევრად დამატებას და რა სიკეთეები მოჰყვება ამას ჩვენთვის.

1. ექვსი ერი უბრალოდ აუცილებელია ქართული რაგბის შემდგომი პროგრესისთვის
ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრები ზედიზედ იგებს ევროპის ერთა თასს. ბოლოდროინდელი პროგრესის წყალობით, ჩვენი ნაკრები უბრალოდ "გადაიზარდა" ამ ტურნირისთვის. რუმინეთის ნაკრებიც კი ვერ გვიწევს სათანადო კონკურენციას. ამასთან, ჩვენ გუნდს მოპოვებული აქვს მსოფლიოს თასის საგზურიც.

მოკლედ, არ არსებობს ერთა თასზე თამაშის სერიოზული მოტივაცია. მუდმივად შენზე უარეს გუნდებთან თამაშით კი პროგრესი გამორიცხულია, რეგრესი კი - სავარაუდო. ექვს ერზე თამაშის გამოცდილება კი ჩვენს ნაკრებს კიდევ უფრო წინ წასწევს.

ბუნებრივია, ჩვენთვის ეს კარგი იქნება, მაგრამ ექვსი ერის მონაწილე გუნდებისთვის? საქართველოს ნაკრებმა თუნდაც შოტლანდიაში აჩვენა, რომ აქვს ძლიერი მხარეები, თუნდაც ექვსი ერის "ბობოლებთან" შედარებით და თუ ამჟამად არა, უახლოეს ხანებში კონკურენტუნარიანი გუნდი გახდება. ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის კი თუნდაც იგივე იტალია, წლებია, ვერ იბრძვის.

2. ექვსი ერის თამაშები "დინამო არენას" უპირობოდ შეავსებს
რაგბის პოპულარულობა საქართველოში იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა იაპონიასთან და სამოასთან გადაჭედილი ვაკის სტადიონით. წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟი იქნება ინგლისის ან საფრანგეთის სტუმრობის დროს.

ვფიქრობთ, ქვეყნის უდიდესი სტადიონი ყოველთვის შეივსება, თუნდაც ტესტ-მატჩებთან შედარებით, გაძვირებული ბილეთების შემთხვევაშიც.

3. ექვსი ერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებას
თამაშამდე ინტერვიუში მილტონ ჰეიგი ამბობდა, რომ მართალია, თბილისი ლონდონი ან რომი არ არის, მაგრამ იქ სტუმრობაც საკმაოდ საინტერესო იქნება რაგბის ფანებისთვის.

წელიწადში სამი მატჩი თბილისში მართლაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებას. ექვსი ერის მონაწილე ქვეყნების რაგბის ფანებს კი ახალი თავგადასავლების შესანიშნავი საშუალება ექნებათ.

4. საქართველოს ჩართვა ხელს შეუწყობს ევროპულ რაგბიში ტრადიციული ჩარჩოების რღვევას და ნიადაგს მოუმზადებს ევროპის ჩემპიონატს
ფაქტია, რომ ექვსი ერის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურნირია, რომელიც ძნელად ეგუება ცვლილებებს (წლების წინ იტალიის დამატებას თუ არ ჩავთვლით). საქართველოს დამატება კი ხელს შეუწყობს მომავალი ცვლილებების მომზადებას.

მომზადდება ნიადაგი, რომ რაგბიშიც იყოს კონტინენტის პირველობა, რომლის არარსებობა პოპულარულ სათამაშო სახეობაში, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია.

5. ექვს ერზე ასპარეზობა რაგბის რეალურ შანსს მისცემს, მართლაც გახდეს ქვეყნის ნომერ პირველი სპორტის სახეობა
"რაგბი ჩვენი თამაშია", - ამ დევიზის გამყარების იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე ექვსი ერის პირველობაზე საქართველოს ჩართვაა, არ არსებობს. ეს გაზრდის რაგბის პოპულარულობას საქართველოში და კიდევ უფრო მეტი ბავშვი გადაწყვეტს ოვალური ბურთით თამაშს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი. როცა მე-7 და მე-12 გუნდებს შორის სხვაობას კლასში "უფსკრულს" უწოდებ, ეს პირველ რიგში, მთლიანად სპორტის სახეობის პრობლემაა.

6. ამ ტურნირში ჩართვა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას მოუგვარებს საქართველოსთვის საჭირო ტესტ-მატჩების გამოძებნის პრობლემას
წელიწადში ერთი ტესტ-მატჩი პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან, ჩვენთვის მიღწევაა, თუმცა ამავდროულად, არასაკმარისია. ექვსი ერი კი ამ პრობლემას ძირფესვიანად აღმოფხვრის.
მკითხველის კომენტარები / 17 /
საკლუბო რაგბი თუ არ განვავითარეთ მალე რუსები გაგვისწრებენ, საკლუბო რაგბში სერიოზულად მუშაობენ და ცდილობენ ახალი თაობებიც გამოზარდონ, თანაც კავკასიაში. თუმცა ეგ შეიძლება კარგიც იყოს, რუსებს ხომ უპრობლემოდ გაუხსნიან კომერციული ტურნირების კარებს და მერე იქნება ჩვენც მივყვეთ. ეს რა თქმა უნდა ნახევრადხუმრობით და არასწორი გათვლაა, მარა საკლუბო რაგბის უნდა მივხედოთ.
0
იაპონიის ნაკრებს მარტო ნატურალიზებული მოთამაშეებით არ გაუმდიდრებია მონაგარი

იაპონიის შიდა ჩემპიონატი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩემპიონატია მსოფლიოში, ტოპ 14ზეც კი

იმიტომ რომ იმ ხალხმა იცის სახლის შენებას რომ კარგი საძირკვლით იწყებ
azri
01:34 02-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული