ქართული რაგბი

ლეგიონერები

მალხაზ ურჯუკაშვილი: ცოტა გულნატკენი ვარ, აღარავის ვახსოვარ

AutoSharing Option
მალხაზ ურჯუკაშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველად 1997 წლის 12 ოქტომბერს ითამაშა, როცა ბორჯღალოსნებმა თბილისში ხორვატიის ეროვნულ გუნდს 29:15 მოუგეს.

მახო მაშინ 17 წლის იყო. მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ რჩება, ვისაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების კვართი მოურგია.

ბოლოს ურჯუკაშვილმა ეროვნულ გუნდში 14 წლის შემდეგ, 2011 წლის 2 ოქტომბერს ითამაშა არგენტინასთან მატჩში.

ამ დროის განმავლობაში მან 69 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 313 ქულა შესძინა. მახომ თვრამეტჯერ შეძლო მეტოქეთა დალელოვება. ის უნივერსალია.

უკანა ხაზში, ცხრა ნომრის გარდა, ყველა პოზიციაზე უთამაშია, თუმცა დღემდე
მიაჩნია, რომ ამპლუით ფულბეკია. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა.

მისი კარიერა საფრანგეთში ევროპულ გრანდში, "ტულუზში" დაიწყო, მერე კი "ნიმის", "ტურის", "კანის", "ორიაკისა" და "ფიჟაკის" ღირსებას იცავდა.

ამჟამად მალხაზ ურჯუკაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2 დივიზიონის "დეკასვილში" ასპარეზობს. მის შესახებ დიდი ხანია, ქართული რაგბის ქომაგს აღარაფერი სმენია. ამიტომ, როცა საფრანგეთში სასაუბროდ დავუკავშირდით, ძალიან გაუკვირდა.

- დიდი ხანია, საქართველოდან არავინ შემხმიანებია. მეგონა, ყველას დავავიწყდი. ძალიან გამეხარდა, რომ დამირეკეთ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვახსოვარ.

- თქვენს შესახებ ერთ წელიწადზე მეტია, არაფერი გვსმენია. თუ შეგიძლიათ, მოკლედ გვიამბეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს სპორტულ კარიერაში...
- გასული სეზონი "ფიჟაკში" გავატარე, რომელიც ფედერალ 3-დან ერთი დივიზიონით მაღლა, ფედერალ 2-ში გადავიყვანეთ. მერე ეს გუნდი დავტოვე და ამჟამად ამავე დივიზიონის "დეკასვილში" ვთამაშობ. კარგი გუნდია, სამი ტურის შემდეგ რვა ქულა გვაქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე ვართ.

- ბოლო წლებში ტრავმები ხშირად გაწუხებდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- შარშან ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ სერიოზული პრობლემები მქონდა. ფიჟაკში მხრის ოპერაცია გავიკეთე.

მერე მიკრო-ტრავმები მაწუხებდა ხშირად. ამჟამად ეს საშინელი პერიოდი უკან მოვიტოვე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მშვენივრად ვთამაშობ, კარშიც ძველებურად ვურტყამ. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობას აღარ ვუჩივი.

- რა დონის გუნდია "დეკასვილი" და რა მიზნები აქვს მას მიმდინარე ჩემპიონატში?
- სამოყვარულო გუნდია. აქ კონტრაქტს არავის უფორმებენ. ამიტომ სამსახურს ვეძებ. თუ გინდა, რომ სტაბილურად და ნორმალურად იცხოვრო, ეს აუცილებელია.

თანაც, ტრავმა რომ მიიღო და თამაში ვეღარ შეძლო, კლუბი ფულს არ გადაიხდის. არადა, ძნელია, ცოლი და სამი შვილი მყავს. მეუღლე არსად მუშაობს, რადგან უმცროსი ბიჭი ერთი წლისაა, ვერავის უტოვებს. ისევ მე უნდა ვიმუშაო სადმე.

აი, ასეთი მდგომარეობაა "დეკასვილში". ფედერალ 1-ში გადასვლას არ აპირებენ. ამათთვის კარგი იქნება, პლეი ოფში თამაშის უფლებას თუ მიიღებენ, თუმცა, თუ შანსი მიეცემათ, რატომაც არა, რანგით უფრო მაღალ დივიზიონში თამაშზე უარს არ იტყვიან.

- მახსოვს, თქვენ ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკი" გიწვევდათ, სადაც სამი ქართველი მორაგბე თამაშობს...
- დიახ, იყო ეგ ლაპარაკი. მაშინ "ორიაკში" შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი თამაშობდა. გუნდის მწვრთნელს და განსაკუთრებით პრეზიდენტს, ძალიან უნდოდათ მისი კლუბში დატოვება, მაგრამ მაუმ "ოიონაქსში" თამაში არჩია, რადგან "ორიაკში" სათანადო ფინანსურ პირობებს არ სთავაზობდნენ.

გაბრაზდა პრეზიდენტი, ადგა და ჩემთანაც არ გააფორმა ხელშეკრულება. არადა, ხშირად მიწევდა თამაში. კარშიც ვურტყამდი, ლელოებსაც არ ვაკლებდი, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა.

"ორიაკის" ქართველი მორაგბეები ახსენეთ. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ და მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი და კარლენ ასეიშვილი გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან, ხშირად უწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში.

წლეულს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ბოლო ტურში შინ რომ არ წაეგოთ, ახლა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნებოდნენ.

- საფრანგეთში თამაშობს თქვენი ძმიშვილი ბექა ურჯუკაშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე ითამაშა...
- ბექა ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ობენაში" თამაშობს. ამ გუნდში ის შუამარბის (#12) პოზიციაზე ირჯება და წინა ტურში ლელოც მიითვალა.

ძალიან კარგ ფორმაშია და მიკვირს, ნაკრებში რატომ აღარ ეძახიან. ვფიქრობ, რომ ასეთი აღნაგობის და მონაცემების მოთამაშეებს უნდა ეძებდნენ და სამომავლოდ ამზადებდნენ.

2010 წელს მან ერთა თასის გათამაშების თითქმის ყველა მატჩში ითამაშა, მაგრამ მერე აღარ გამოიძახეს. მესმის, რომ მაშინ ნაკრებში მწვრთნელები შეიცვალა, მაგრამ ახლაც ხომ სხვა თავკაცები ჰყავს ჩვენს ეროვნულ გუნდს.

- ბექა საქართველოს A ნაკრებში იყო გამოძახებული, როცა გუნდი ბრიტანულ ტურნეში იმყოფებოდა...
- დიახ, მახსოვს. მაშინ მან ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხა. ახლა კი შესანიშნავ ფორმაშია. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმიშვილია. ის ახალგაზრდაა და, ვფიქრობ, მომავალში სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის.

- თქვენ არ აპირებთ "ბორჯღალოსანთა" რიგებში დაბრუნებას?
- მე, ალბათ, ასაკის გამო აღარ გამომიძახებენ, 32 წლის ვარ. არ მიმაჩნია, რომ ბებერი ვარ. ნებისმიერ ახალგაზრდას დავუდგები და გავეჯიბრები, ბარე ორს კიდევ ვაჯობებ, მაგრამ... თანაც, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გულნატკენი ვარ.

- რატომ? რა მოხდა ახალ ზელანდიაში?
- იმოტომ ვარ გულნატკენი, რომ, ფაქტობრივად, თამაშის საშუალება არ მომცეს. არადა, მეტი შემეძლო. ერთი კი გვითხრეს ასაკოვან მოთამაშეებს, თუ გინდათ, გაცილებას მოგიწყობთო. რატომ არ მინდა?! მირჩევნია, კარგად წავიდე, ვიდრე ასე ვიყო, არავის რომ აღარ ახსოვხარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"