ამ ტურში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა - გათამაშების დებიუტანტმა, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა.
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა", რომელიც 42 ქულით გათამაშების ლიდერია, სტუმრად წააგო დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონთან" - 24:21. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ იყო, თამაშს დაძაბულობა და სანახაობრივი
არანაკლებად შესუსტებული იყო კლერმონელების შემადგენლობაც - ვესლი ფოფანა და ტომას დომინგო საფრანგეთის ნაკრებში იყვნენ მიწვეულნი; ნათან ჰაინსი, ჟულიენ მალზიო და გერჰარდ ვოსოლო კი ტრავმირებულნი არიან.
ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ოთხი ქულის სხვაობით, 13:9 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, 15 წუთში ცხრაქულიან უპირატესობას მიაღწიეს - 18:9.
ტულონელებმა ტემპს უმატეს და ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინოსის ფეხჩუბინობის წყალობით ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრეს - 21:21. მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, როცა "კლერმონის" მთავარმა მექულემ ბრუკ ჯეიმზმა მორიგი საჯარიმო გაიტანა და მასპინძლებს მოაგებინა - 24:21.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშვილი, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.
საფრანგეთის ჩემპიონმა, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელიც 38 ქულით მესამე ადგილზეა, შინ მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს" მოუგო - 27:9.
ტულუზელებს ამ მატჩში 15 მორაგბე დააკლდათ. აქედან ნახევარზე მეტმა თავის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო ამ მხრივ "მონპელიე". მას მხოლოდ ორი - ფრანსუა ტრინ-დუკი და ფულენსე უოდაროგო არ ჰყავდა. თუმცა ეს ორი მოთამაშე მონპელიეს ლიდერია და მათი არყოფნა გუნდს საგრძნობლად დაეტყო.
მონპელიელებმა მეტოქეს თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველი ტაიმის 35-ე წუთამდე გაუმართეს. ამ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო - 9:9. მეორე ტაიმში "ტულუზის" უპირატესობა იმდენად საგრძნობი გახდა, რომ სტუმართა გუნდმა მონაგარს ვეღარაფერი შემატა.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟღენტი, კაკოვინი და ბრეგვაძე განაცხადში არ იყვნენ.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბორდოსთან" 16:13 და სატურნირო ცხრილში "მონპელიეს" გადაასწრო. ჩვენებურის გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა შორისაა, სტუმრად თამაში უჭირს. ასე იყო ამჯერადაც.
მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, 10:10 დასრულდა. ბორდოელებმა შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს, რაზეც სტუმრებმა ორით უპასუხეს. ამათგან ერთი ცხრა ნომერმა რორი კოქოთმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა - 16:13.
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" შინ დაამარცხა "აჟენი" - 20:13 და ახლა 24 ქულით მე-8 ადგილზეა. მეტოქის დამარცხება ჩვენებურის გუნდს ძალიან გაუჭირდა, რადგან მათ დააკლდათ ნაკრებში მიწვეულები პასკალ პაპე (საფრანგეთი), სერჯო პარისე (იტალია), ფელიპე კონტეპომი (არგენტინა) და აშშ-ის ნაკრებში გამოძახებული სკოტ ლა ვილა.
პარიზელებმა, რომლებიც კრიზისს თავს ნელ-ნელა აღწევენ, პირველი ტაიმი 6:8 წააგეს. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და ჰაერივით საჭირო გამარჯვების მოპოვება. ჟვანია განაცხადში არ იყო.
სენსაციურად დამთავრდა მატჩი პარიზში, სადაც პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა "მეტრო რასინგმა" მინიმალური სხვაობით წააგო ჩემპიონატის დებიუტანტთან და აუტსაიდერთან, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანთან" - 16:17.
პარიზელებმა პირველი ტაიმი შვიდი ქულის სხვაობით, 13:6 მოიგეს და თითქოს საფრთხე არსაიდან ემუქრებოდათ. თუმცა ჩვენებურის გუნდმა საარაკო ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. ჯერ 61-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 14:16, მერე კი, თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, მგეზავმა ენტონი ვინაუმ არეკნით თავისიანებს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. მჭედლიძეს არ უთამაშია.
I დივიზიონი
XI ტური
ტულუზი-მონპელიე 27:9, კლერმონი-ტულონი 24:21, მეტრო რასინგი-მონ დე მარსანი 16:17, სტად ფრანსე-აჟენი 20:13, გრენობლი-ბაიონი 9:6, ბორდო-კასტრი 13:16, ბიარიცი-პერპინიანი 15:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 42 ქულა, 2. კლერმონი - 40, 3. ტულუზი - 38, 4. კასტრი - 32, 5. მონპელიე - 32, 6. გრენობლი - 30, 7. ბიარიცი - 24, 8. სტად ფრანსე - 24, 9. მეტრო რასინგი - 21, 10. პერპინიანი - 21, 11. ბაიონი - 20, 12. ბორდო - 16, 13. აჟენი - 16, 14. მონ დე მარსანი - 6.
XII ტური
მონპელიე-ბაიონი, ბიარიცი-ბორდო, პერპინიანი-აჟენი, ტულონი-გრენობლი, მონ დე მარსანი-კასტრი, ტულუზი-კლერმონი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"