საფრანგეთში პლეი ოფში ქართველი მორაგბეების ხუთი გუნდი იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლო, მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა. პრეტენზიას აქ ერთბაშად ცხრა გუნდი აცხადებს, მათ შორის ხუთი ქართველი მორაგბეებისაა. საკმაოდ მწვავე გახდა ბრძოლა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვისაც. სამწუხაროდ, აუტსაიდერთა შორის სამი "ქართული გუნდია".

ჩვენებურთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 45 ქულით მესამე ადგილზეა. ორიაკელებმა მე-15 ტურში შინ დაამარცხეს ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 33:24.

ლანგედოკელებმა, რომლებიც 17 ქულით ბოლოსწინა, მე-16 ადგილზე არიან,
მასპინძლებს პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთი ხანობა ანგარიშშიც წინ იყვნენ, თუმცა "ორიაკმა" შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა.

დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა; ძირითად შემადგენლობაში იყო ასეიშვილიც, რომელიც არბიტრმა 25-ე წუთზე გაასინბინა. მან მოედანი 63-ე წუთზე დატოვა; ნაცარაშვილი თამაშში 14 წუთის შემდეგ ჩაერთო; შეყლაშვილი სტუმართა გუნდის რიგებში 41-ე წუთიდან გამოჩნდა.

"ორიაკს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელმაც შინ მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ექსს" - 24:8.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიველები თავიდანვე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი თამაშში 14 წუთის შემდეგ ჩაერთო.

"ბრივში" კიდევ ერთი ქართველი, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი ირიცხებოდა. მან ახლახან ელიტური, პირველი დივიზიონის "მეტრო რასინგთან" გააფორმა ხელშეკრულება და ამიერიდან ამ უძველესი ფრანგული გუნდის ღირსებას დაიცავს.

ბრიველებს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავას, დავით დადუნაშვილისა და გიორგი ნემსაძის "ტარბი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 21:14.

აღსანიშნავია, რომ 50-ე წუთისთვის ტარბელები მშრალი ანგარიშით, 21:0-ს იგებდნენ. სტუმრებმა ისარგებლეს რა მასპინძელთა მოდუნებით, მატჩის დარჩენილ დროში ორი ლელო გაიტანეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მირცხულავა თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძე 12 წუთის შემდეგ შეცვალეს, დადუნაშვილი განაცხადში არ იყო.

კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი ქომაგებს გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელსაც შინ "კარკასონთან" მარცხის შემდეგ (13:15) 41 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. კავთიძე განაცხადში არ იყო.

ვახტანგ მაისურაძის, ალექსანდრე თოდუას, კახაბერ კობერიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "ალბიმ" სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 13:15. აღსანიშნავია, რომ ალბელები მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში წინ იყვნენ და თამაში მხოლოდ ბოლო წუთზე დათმეს.

მაისურაძემ და თოდუამ სრულად ითამაშეს; კობერიძე, თეთრაშვილი და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

ტარიელ რატიანიძის "დაქსმა", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ მოუგო უშუალო კონკურენტ "ოშს" - 19:12. თამაში ძალზედ დაძაბული გამოდგა.

არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა. აქედან სამი სტუმართა გუნდის მოთამაშე იყო. რატიანიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მე-60 წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვა შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ".

პარიზელებმა, რომლებიც 16 ქულით ბოლო ადგილზე არიან, შინ დაამარცხეს "კოლომიე" - 13:9 და დივიზიონში დარჩენის იმედი შეინარჩუნეს. მასელებს ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "ბეზიე" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, მეთოთხმეტეადგილოსანი "ექსი" კი - ოთხი ქულით.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი
XV ტური
მასი-კოლომიე 13:9, ტარბი-ნარბონი 21:14, დაქსი-ოში 19:12 , ლა როშელი-ალბი 19:12, ოიონაქსი-პო 26:21, ორიაკი-ბეზიე 33:24, ბრივი-ექსი 24:8, ლიონი-კარკასონი 13:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 61 ქულა, 2. ლა როშელი - 46, 3. ორიაკი - 45, 4. პო - 44, 5. ბრივი - 43, 6. ტარბი - 42, 7. ლიონი - 41, 8. ალბი - 37, 9. კარკასონი - 36, 10. ნარბონი - 30, 11. კოლომიე - 29, 12. ოში - 29, 13. დაქსი - 24, 14. ექსი - 20, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 16.

XVI ტური
ოიონაქსი-ლა როშელი, ექსი-მასი, პო-ნარბონი, კოლომიე-ალბი, ორიაკი-დაქსი, კარკასონი-ოში, ტარბი-ლიონი, ბრივი-ბეზიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული