საფრანგეთის ელიტურ პირველ დივიზონში "ქართველების გუნდები" მოწინავეობენ

AutoSharing Option
ევროთასების ჯგუფური ტურნირის ორი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდები საფრანგეთის ჩემპიონატსა და "კელტთა ლიგის" გათამაშებას მიუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში ხუთი მოწინავე პოზიცია "ქართულ გუნდებს" უკავიათ. ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "კლერმონი", "კასტრი" და "მონპელიე".

პირველადგილოსანი დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" სტუმრად ეთამაშება ბოლოსწინა მე-13 ადგილზე მყოფ "აჟენს".

ტულონელებმა ევროთასებზე შესანიშნავად იასპარეზეს. მათ შინ ინგლისური "სეილ შარქსი" გაანადგურეს - 62:0, რითაც დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი გამოწვევის მიღება შეუძლიათ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეტოქე, ფრანგული კლუბი თუ
უცხოური.

"ტულონს" ინგლისელებთან დაპირისპირებაში დაშავებული სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი ბაკის ბოთა დააკლდება. ამასთან ერთად, ჩემპიონატის ლიდერს, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ აჟენში ბოლო სამი სტუმრობის შემდეგ შინ სამივეჯერ ხელმოცარული დაბრუნდა.

ქუბრიაშვილი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაშია, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.

* * *
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია, სტუმრად ეთამაშება დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლს". "ალპელები" ყველასთვის მოულოდნელად ბრწყინვალედ ასპარეზობენ და ამჟამად საპლეიოფო ექვსეულში არიან.

ტულუზელთა თავკაცი გი ნოვე მასპინძლებს უფრთხის, მით უფრო, "ჰაინეკენის თასზე" "ოსფრიზთან" უფერული თამაშის შედეგად წაგების ფონზე. ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ ტრავმა მოიშუშა, ვარჯიში დაიწყო და სათამაშოდ ექვს კვირაში იქნება მზად.

ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან "ბორჯღალოსნებს" ერთა თასის გათამაშების პირველ თამაშამდე სწორედ ექვის კვირა აშორებთ.

* * *
ამასობაში უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა "ტულუზის" პრეზიდენტ რენე ბუსკატელსა და "ტულონის" მულტიმილიონერ მეპატრონე მურად ბურჯელალს შორის.

კონფლიქტის ინიციატორი ვინ იქნებოდა, თუ არა ბურჯელალი, რომელმაც ტულუზელთა მისამართით თავს უფლება მისცა, არაკორექტულად ელაპარაკა. ცხადია, ბუსკატელმა ამაზე კორექტულად უპასუხა, რაზეც მურადის "კონტრიერიშმაც" არ დააყოვნა.

ყველაფერი ნათელია, "ტულონის" ყველაზე რეალური კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მხოლოდ "ტულუზია" და "თავნება" მილიონერიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს.

სავარაუდოდ, "ტულუზის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი.

* * *
"ტულუზს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც მე-13 ტურში სტუმრად ეთამაშება ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოს".

"ვულკანების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საამმატჩოდ თითქმის მეორე შემადგენლობა დააყენა.

დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა და სათადარიგოთა შორისაა კოლელიშვილი, ზირაქაშვილს კი კოტერმა ამჯერად დასვენების საშუალება მისცა.

* * *
"ვულკანებს" სამი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც შინ ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს".

კასტრელებმა "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში დიდი გაჭირვებით მოუგეს შოტლანდიურ "გლაზგოს" - 9:6. ასეთი დაბალი შედეგიანობა ამ გუნდისთვის უჩვეულოა.

სამაგიეროდ პარიზელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს ასევე შოტლანდიურ "ედინბურგთან". თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "კასტრი" სახლის გუნდადაა შერაცხილი და საკუთარ მოედანზე თითქმის დაუმარცხებელია.

* * *
მოწინავე სამეულში შესვლის კარგი შანსი აქვს მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს", რომელიც "კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება "პერპინიანს".

ორივე გუნდმა ევროთასებზე წარმატებით იასპარეზა და ერთმანეთთან საბრძოლველად შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. თუმცა ამ მატჩს მაინც პრობლემებით ხვდება "მონპელიე".

გორგოძეს 20-დღიანი დისკვალიფიკაცია აქვს და არ ითამაშებს, ჟღენტი ტრავმირებულია, ნარიაშვილი, სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის იქნება.

* * *
ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე". ამ უძველესმა ფრანგულმა კლუბმა კრიზისს თავი ვერაფრით დააღწია.

პარიზელები მე-13 ტურში შინ ეთამაშებიან ბასკურ "ბიარიცს" და გამარჯვების შემთხვევაში საგრძნობლად გაიუმჯობესებენ მდგომარეობას.

* * *
თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომელიც გათამაშების დებიუტანტია, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. ჩვენებურის გუნდს 6 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "აჟენს" ათი ქულით ჩამორჩება.

მარსანელებმა "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ბოლო ორ თამაშში ორივე მოიგეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ გუნდმა თამაშის საკუთარ ხელწერას მიაგნო და მომავალში თავს ადვილად არავის "გაალახვინებს".

"მონ დე მარსანი" მე-13 ტურში სტუმრად ეთამაშება ბასკურ "ბაიონს", რომელიც ასევე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის და შინ მხოლოდ გამარჯვებისთვის გაირჯება. მჭედლიძე განაცხადში არ არის.

I დივიზიონი
XIII ტური
ბორდო-კლერმონი, გრენობლი-ტულუზი, კასტრი-მეტრო რასინგი, პერპინიანი-მონპელიე, სტად ფრანსე-ბიარიცი, ბაიონი-მონ დე მარსანი, აჟენი-ტულონი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 47 ქულა, 2. ტულუზი - 42, 3. კლერმონი - 40, 4. კასტრი - 37, 5. მონპელიე - 36, 6. გრენობლი - 30, 7. ბიარიცი - 28, 8. პერპინიანი - 26, 9. მეტრო რასინგი - 25, 10. სტად ფრანსე - 24, 11. ბაიონი - 21, 12. ბორდო - 17, 13. აჟენი - 16, 14. მონ დე მარსანი - 6.


* * *
ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაში მე-16 ტურის წინ საპლეიოფო ხუთეულში მოსახვედრად ერთბაშად ისევ ხუთი გუნდი იბრძვის.

საუკეთესო მაჩვენებელი "ქართულ გუნდებს" შორის ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიეშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 45 ქულით მესამე ადგილზეა.

ორიაკელები შინ ეთამაშებიან ერთ-ერთ აუტსაიდერს, ტარიელ რატიანიძის "დაქსს", რომელიც 24 ქულით მე-13 ადგილზეა.

* * *
"ორიაკს" ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომლის მეტოქეც, 17 ქულით, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" იქნება.

ბრიველებს გამარჯვების კარგი შანსი აქვთ და გამორიცხული არ არის, მეხუთედან მეორე ადგილზე გადასკუპდნენ.

* * *

"ბრივს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეექვსე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი".

ჩვენებურთა ეს გუნდი შინ ეთამაშება ერთ-ერთ ფავორიტს, გურამ კავთიძის "ლიონს", რომელსაც "ტარბზე" ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-7 ადგილზეა.

* * *
საპლეიოფო ხუთეულში მოხვედრის შანსი აქვს სანდრო თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვხტანგ ახობაძის, გიორგი კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბის", რომელიც 37 ქულით მე-9 ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდის ბანაკიდან ცუდი ამბებია. 21 დეკემბერს დილით ალბელთა თავკაც ანრი ბორნკანს მსუბუქი ინსულტი ჰქონდა და ის ქალაქის მუნიციპალიტეტის კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ანრი ბრონკანი 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების კონსულტანტი იყო.

"ალბი" მე-16 ტურში სტუმრად ეთამაშება "კოლომიეს".

* * *
ისევე როგორც პირველ დივიზიონში, აქაც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე "ქართული გუნდია".

შალვა სუთიაშვილისა
და დავით აშვეთიას "მასიმ" დღემდე 16 ქულის დაგროვება შეძლო. პარიზელები სტუმრად ეთამაშებიან უშუალო კონკურენტ "ექსს". გამარჯვების შემთხვევაში მასელები წინ ორი საფეხურით წაიწევენ.

გათამაშებას კი 61 ქულით ლიდერობს "ოიონაქსი", რომელიც უახლოეს მდევარ "ლა როშელს" 15 ქულით უსწრებს.

II დივიზიონი
XVI ტური
ოიონაქსი-ლა როშელი, ექსი-მასი, პო-ნარბონი, კოლომიე-ალბი, ორიაკი-დაქსი, კარკასონი-ოში, ტარბი-ლიონი, ბრივი-ბეზიე.

სატურნირო მდგოამრეობა
1. ოიონაქსი - 61 ქულა, 2. ლა როშელი - 46, 3. ორიაკი - 45, 4. პო - 44, 5. ბრივი - 43, 6. ტარბი - 42, 7. ლიონი - 41, 8. კარკასონი - 40, 9. ალბი - 37, 10. ნარბონი - 30, 11. კოლომიე - 29, 12. ოში - 29, 13. დაქსი - 24, 14. ექსი - 20, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 16.


* * *
"კელტთა ლიგაში" მე-11 ტურის წინ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" 21 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ედინბურგელები სტუმრად ეთამაშებიან "გლაზგოს", რომელიც ჩვენებურის გუნდს შვიდი ქულით უსწრებს და მეხუთე ადგილზეა.

ბასილაია "ედინბურგის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ სათადარიგო გუნდში გაამწესა.

გათამაშებას 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ირლანდიური "ალსტერი", რომელიც უახლოეს მდევარ უელსურ "ჰლანეჰლის" ცხრა ქულით უსწრებს.

კელტთა ლიგა
XI ტური
ალსტერი-ლენსტერი, გლაზგო-ედინბურგი, ნიუპორტი-ოსფიზი, ჰლანეჰლი-კარდიფი, ზებრე-ბენეტონი, ქონოთი-მანსტერი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 43 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 34, 3. ლენსტერი - 31, 4. მანსტერი - 29, 5. გლაზგო - 28, 6. ოსფრიზი - 27, 7. ედინბურგი - 21, 8. ბენეტონი - 19, 9. კარდიფი - 19, 10. ქონოთი - 15, 11. ნიუპორტი - 13, 12. ზებრე - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული