ამ ქვეყნის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბორდომ" თავის რიგებში შერკინების ქართველი ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი მიიწვია.
ოცი წლის ქართველი მორაგბე თბილისის "ივერიაში" გაიზარდა და ბოლო ხანს ქვეყნის ჩემპიონის, "არმიას" ღირსებას იცავდა.
ის შარშან თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფრანგი სკაუტების მზერას იმედისმომცემი პირველხაზელი მხედველობიდან არ გამოჰპარვიათ.
ნავროზაშვილს კლუბში ჯერ კიდევ ნოემბერში ელოდნენ, თუმცა ტრადიციული სავიზო ციებ-ცხელების შემდეგ საფრანგეთში ჩასვლა მხოლოდ
"გუნდში იმედისმომცემი მორაგბე ავიყვანეთ და მოხარულნი ვიქნებით, თუ ის მალე შეძლებს ინტეგრირებას" - თქვა ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა ლორან მარტიმ.
ბორდოელები პირველი წრის დასრულების შემდეგ 18 ქულით მე-12 ადგილზე არიან და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. იმედი გვაქვს, ქართველი შერკინების ბურჯი ახალ გუნდს მიზნის მიღწევაში რეალურად დაეხმარება.
ნავროზაშვილის "ბორდოში" ჩარიცხვის შემდეგ ქართველ პირველხაზელთა რიცხვი საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში ათამდე გაიზარდა.
სულ კი ელიტაში რეგულარულად 13 ქართველს უწევს თამაში. ათი პირველხაზელი, ორი მესამეხაზელი და ერთიც მეორეხაზელი პატარა სარაგბო ერისთვის ცოტა არ არის.
ვინაიდან მსოფლიოს რაგბიში ქართველი პირველხაზელები ყველაზე მეტად ფასობენ, უპრიანი იქნება, თვალი გადავავლოთ, როგორი წარმატებით ირჯებიან ისინი ერთ-ერთ მოწინავე, საფრანგეთის ჩემპიონატში.
ყველაზე გამოცდილი მათ შორის "კლერმონის" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "ვულკანების" შემადგენლობაში 2004 წლიდან თამაშობს და ვინაიდან კლუბის ერთგულია, ადგილობრივი ქომაგები მას თავისიანად მიიჩნევენ.
უფრო გასაგები რომ იყოს, ზირაქაშვილის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს და უფრო უსმენენ, ვიდრე გუნდში ახალმისულ, თუნდაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავს, რომლის ავტორიტეტიც დიდია.
ზირაქაშვილმა "კლერმონის" შემადგენლობაში რამდენჯერმე ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში და 2010 წელს ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ზირაქაშვილი "კლერმონში" მას შემდეგ მივიდა, რაც ტრავმის გამო თამაშს თავი დაანება ლევან (ლეონსიო) ცაბაძემ, რომელიც საფრანგეთში დღემდე ახსოვთ და მეტწილად მისი დამსახურებაცაა ქართველ პირველხაზელთა მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესი.
შარშან საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ "ტულუზის" შემადგენლობაში მოასპარეზე ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე.
ორივე შერკინების კვაჭია და ამ პოზიციაზე ტულუზელებს მიზეზთა გამო დღემდე პრობლემები აქვთ.
გიორგაძემ თამაშს თავი დაანება და მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ბრეგვაძემ მძიმე ოპერაცია გადაიტანა და თამაშს მხოლოდ თებერვლიდან შეძლებს.
მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ვეტერანმა ვილიამ სერვამ სამწვრთნელო კარიერა შეწყვიტა და ისევ პირველ ხაზში დადგა.
ბრეგვაძეს ტრავმის გამო ჯერ კიდევ არ მიეცა საშუალება, თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოემჟღავნებინა. ის "ტულუზში" შარშანდელი ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა და მხოლოდ ექვს მატჩში თამაში მოასწრო.
წლევანდელი სეზონის წინ ფრანგული რაგბის ამ გრანდში ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც იქამდე ერთი სეზონი "ბრივში" გაატარა და საუკეთესო პირველხაზელების გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა.
ცხადია, ახალგაზრდა ქართველი მორაგბისთვის ეს დიდი პატივია, თუმცა იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან მასზე გაცემულ ავანსს გამართლება სჭირდება.
"ტულუზს" რაღაც უცნაური ეპიდემია სჭირს. კაკოვინმა ამ გუნდთან კონტრაქტი ის იყო, გააფორმა, რომ უმალვე სერიოზულად დაშავდა და ისიც საოპერაციო გახდა. ვასომ ტრავმა უკვე მოირჩინა, თუმცა ტულუზელთა თავკაცი გი ნოვე მხოლოდ თითო ტაიმში თამაშის საშუალებას აძლევს.
ახლახან კი "ტულუზის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩანახატი ვასილ კაკოვინის შესახებ, რომელშიც ავტორი იხსენებს, რომ სეზონის წინ მისი შეძენა კლუბის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრანსფერად დასახელდა, თუმცა ტრავმამ მას საშუალება არ მისცა, სრულად გამოევლინა პოტენციალი. ახალწვეულისთვის, ცხადია, ეს ძალიან რთული ვითარებაა.
"ორი თვის განმავლობაში ტრავმის გამო ვერ ვვარჯიშობდი. მერე რამდენიმე მატჩში ვითამაშე და ტკივილებმა ისევ შემაწუხეს. ძნელია, მოხვდე ასეთ ძლიერ კლუბში და არ ითამაშო. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ, ფიზიკურად კარგად მოვემზადე.
როცა "ტულუზში" მოვედი, ორ თუ სამ მოთამაშეს ვიცნობდი. თუმცა სხვებმაც ძალიან თბილად მიმიღეს და თავი უცხოდ არ მიგრძვნია" - თქვა ვასილ კაკოვინმა, რომელიც მოუთმენლად ელის თანამემამულე ჯაბა ბრეგვაძის მწყობრში ჩადგომას.
ქართველ პირველხაზელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა "მონპელიეს" შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი, რომელიც ზემოხსენებულ გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე გავიდა.
ჟღენტმა მონპელიემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო. თითქმის ყოველ წელიწადს გუნდს იცვლიდა და ბოლოს "მონპელიეში" იპოვა ნავსაყუდელი. თუმცა ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ გუნდსაც ტოვებს და კარიერას ოთხი წლით "პერპინიანში" განაგრძობს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მონპელიეს" ბოლოდროინდელი აღმასვლა მნიშვნელოვანწილად გიორგი ჟღენტის დამსახურებაცაა.
არავის ახსოვს, რომ მას ვინმესთვის ერთი გოჯი დაეთმოს შერკინებაში. პირიქით კი - რამდენიც გნებავთ.
მოწინააღმდეგეები მისი მძლავრი მხრების ბიძგებს ვერ უძლებენ და ხშირად ჯარიმდებიან, რასაც "მონპელიეს" დამრტყმელი შესანიშნავად იყენებს.
ჟღენტი ამჟამად ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, თამაში კიდევ დიდხანს არ მოუწევს. "მონპელიეშივე" ასპარეზობს საქართველოს ნაკრების შერკინების კიდევ ერთი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც ჟღენტზე ბევრად ახალგაზრდაა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
ის ჯერჯერობით სხვა გუნდში წასვლას არ აპირებს და მომავალი ორი წლის განმავლობაში მონპელიელთა ღირსებას დაიცავს.
საფრანგეთის ქართველ ჩემპიონთა რიგები წლეულს შესაძლოა გაიზარდოს. გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს "ტულონი", რომლის რიგებშიც დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ასპარეზობენ.
ქუბრიაშვილი დიდი ხანია, ტულონელთა წამყვანი შერკინების ბურჯია. შარშანდელ სეზონში მთელი დატვირთვით ითამაშა და ახალზელანდიელ კარლ ჰეიმანს სათადარიგოთა სკამი ახეხვინა.
ქუბრიაშვილს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შარშანაც შეეძლო, თუმცა "ტულონი" ფინალში "ტულუზთან" დამარცხდა.
იმ მატჩში "დუდუ" ძირითად შემადგენლობაში იყო. თამაშის მიწურულისკენ კი ლევან ჩილაჩავამ შეცვალა. ამ 21 წლის პირველხაზელზე იმედს არა მარტო "ტულონის", არამედ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებიც ამყარებენ.
თუმცა ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ იქ მოსახვედრად ლევანს დიდი გარჯა მართებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი". ეს პირველხაზელი სხვადასხვა მიზეზის გამო ჩვენს ეროვნულ გუნდში აგერ, უკვე ორი წელიწადია, არ გამოჩენილა.
არადა, ძალიან ძლიერი და, რაც მთავარია, სასარგებლო მორაგბეა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ფეიქრიშვილი ისეთი ტრადიციების მქონე გუნდის წამყვანი მოთამაშეა, "კასტრი" რომ არის, თავისთავად ბევრს ნიშნავს.
სამწუხაროდ, მას ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, რაც ხელს უშლის, პოტენციალი სრულად გამოავლინოს და ფრანგული ელიტის ერთ-ერთ წამყვან შერკინების ბურჯად ჩამოყალიბდეს. თუმცა ამის შანსი ანტონს ჯერ არ დაუკარგავს.
ფრანგული რაგბის კიდევ ერთ გრანდში, "სტად ფრანსეში" წლეულს ჩაირიცხა ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი ზურაბ ჟვანია.
მან უკვე მოახერხა გუნდის ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მატჩის გამართვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდა მორაგბე მალე აალაპარაკებს ფრანგულ სპორტულ მედიას, ისევე, როგორც ეს მისმა წინამორბედმა თანამემამულეებმა შეძლეს.
კიდევ უფრო მეტი, 14 ქართველი პირველხაზელი ასპარეზობს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში.
მათზე დეტალურად საუბარს არ შევუდგებით. თუმცა, იმას კი აღვნიშნავთ, რომ თითქმის ყველა მათგანს თანაბრად ძალუძს, სამომავალოდ პირველი დივიზიონის გუნდების კვართი მოირგოს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ მეორე დივიზიონის "ბრივს" დატოვებს და პარიზულ "მეტრო რასინგში" გადაბარგდება საქართველოს ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი. იმედია, მის ნაკვალევს სხვებიც დაადგებიან.
I დივიზიონი
ტულუზი: ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი.
კლერმონი: დავით ზირაქაშვილი.
ტულონი: დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა.
კასტრი: ანტონ ფეიქრიშვილი.
მონპელიე: გიორგი ჟღენტი, მიხეილ ნარიაშვილი.
სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია.
ბორდო: ზაზა ნავროზაშვილი.
II დივიზიონი
ბრივი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, გოდერძი შველიძე.
ლიონი: გურამ კავთიძე
ალბი: კახაბერ კობერიძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი.
ტარბი: დავით დადუნაშვილი, ირაკლი მირცხულავა.
ორიაკი: გიორგი ნაცარაშვილი, კარლენ ასეიშვილი.
მასი: დავით აშვეთია.
ბეზიე: ბექა შეყლაშვილი.
დაქსი: ტარიელ რატიანიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"