ლეგიონი: ევროთასების წინ ბრძოლა გამწვავდება

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მორიგი, მეთხუთმეტე ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებს ისევ სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური უჭირავთ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს რეალურად გააჩნია ჩემპიონობისთვის ბრძოლის პოტენციალი.

ახლა ფრანგულ ელიტაში განსაკუთრებული ეტაპი დგება. მე-15 ტურის შემდეგ კლუბები ევროთასების გათამაშებაში გადაინაცვლებენ, მერე ექვსი ერის ტურნირი იწყება, რომლის შეხვედრები საფრანგეთის ჩემპიონატის სამ ტურს ემთხვევა. ამიტომ, მოწინავე გუნდების უმრავლესობას შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს ასპარზობა. ყველაფერი შეიძლება აირიოს.

ამრიგად, ამ ტურს სატურნირო მდგომარეობის გამყარების მხრივ უდიდესი ყურადღება დაეთმობა. წამყვანი გუნდები ჰანდიკაპის გაზრდას შეეცდებიან და,
გამორიცხული არ არის, უმრავლეს შემთხვევაში ეს შესძლონ კიდეც.

გათამაშების ლიდერი, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", შინ ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს", რომელიც სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის მიზერულ შანსს ინარჩუნებს.

ტულონელებმა წინა ტურში დიდი ანგარიშით სძლიეს "პერპინიანს" და მოსალოდნელია, რომ პარიზელებსაც მწარედ გაუსწორდებიან.

მეტიც, ერთი კვირის თავზე ჩვენებურთა გუნდი "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში უელსურ "კარდიფ ბლუზს" მასპინძლობს და "მეტრო რასინგთან" შეხვედრა მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

მურად ბურჯელალის სამწყსოს წლეულს ყველა ტურნირის მოგება აქვს განზრახული და საამისო პოტენციალიც გააჩნია. პარიზელებთან მატჩში, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება ქუბრიაშვილი. ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.

"ტულონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც შინ დაუპირისპირდება მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს". ეს მატჩი ტურის ცენტრალური შეხვედრაა.

"ვულკანებიც" და მონპელიელებიც შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც მათ მიერ წინა ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დასტურდება.

"კლერმონმა" შინ "ბაიონი" გაანადგურა - 48:3, ხოლო "მონპელიემ" იოლად მოუგო "სტად ფრანსეს" - 54:16. ამასთან ერთად, სტუმრებს დიკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ლიდერი მამუკა გორგოძე, თუმცა ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მაინც დააკლდება.

გიორგი ჟღენტთან ერთად დაშავებულნი არიან და ვერ ითამაშებენ ალექს ტულუ, ხუან ფიგალო და ავგუსტინ კრევი. გუნდის წინასამატჩო გაფართოებულ შემადგენლობაშია მიხეილ ნარიაშვილი. სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს დავით ზირაქაშვილი, რომლის დუბლიორი, ტომას დომინგო ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიეს" 41 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. "კლერმონთან" მარცხის შემთხვევაში მას შიძლება გადაუსწროს დივიზიონის დებიუტანტმა "გრენობლმა", რომელიც სამი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უჭირავს.

"ალპელები" მე-15 ტურში შინ მიიღებენ მეოთხეადგილოსან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".

ჩვენებურის გუნდს დააკლდება რორი კოქოთი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა დის ქორწილზე დასასწრებად.

ამასთან ერთად, კასტრელებს ტრავმის გამო კიდევ ერთი დამრტყმელი რომენ ტულე დააკლდებათ. ყოველივე ეს წყალს "ალპელების" წიქვილზე ასხამს. მით უფრო, რომ სტუმართა რიგებში არც ქართველი შერკინების ბურჯი იქნება.

არადა, "კასტრი" ზედიზედ ორჯერ იშვიათად აგებს. წინა ტურში ჩვენებურის ეს გუნდი შინ დამარცხდა "ტულუზთან" და ახლა კიდევ ერთხელ ემუქრება საფრთხე, მოედანი დაღონებულმა დატოვოს.

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" კი, რომელიც 46 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერს, თამაზ მჭედლიშვილის "მონ დე მარსანს". ისე მოხდა, რომ ფრანგულ გრანდს ზედიზედ სამჯერ მოუწია სტუმრად თამაშმა.

პირველ მატჩში ტულუზელები "ბორდოსთან" დამარცხდნენ, მერე კი დერბიში უშუალო კონკურენტ "კასტრს" მოუგეს დაძაბულ ბრძოლაში - 18:16.

"ტულუზისთვის", სავარაუდოდ, იოლი გასეირნება არც მონ დე მარსანში იქნება. ჩვენებურის ეს გუნდი წინა ტურში ალალად იმსახურებდა ბასკურ "ბიარიცთან" გამარჯვებას, მაგრამ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

კაკოვინი და მჭედლიძე, სავარუდოდ, ითამაშებენ, ბრეგვაძე ჯერ კიდევ ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელიც 28 ქულით მეათე ადგილზეა, შინ ეთამაშება ბასკურ "ბაიონს".

ჩვენებურის გუნდი მეტოქეს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს და წარუმატებლობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის აუტსაიდერთა შორის მოხვდეს.

დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელიც 18 ქულით მე-12 ადგილზეა. ბორდოელები ამჯერად სტუმრად ეთამაშებიან "პერპინიანს". ნავროზაშვილი გუნდის ახალწვეულია და ჯერ თამაშის საშუალება არ ეძლევა.

I დივიზიონი
XV ტური
ბიარიცი-აჟენი, კლერმონი-მონპელიე, გრენობლი-კასტრი, პერპინიანი-ბორდო, სტად ფრანსე-ბაიონი, მონ დე მარსანი-ტულუზი, ტულონი-მეტრო რასინგი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 49, 3. ტულუზი - 46, კასტრი - 43, 5. მონპელიე - 41, 6. გრენობლი - 38, 7. ბიარიცი - 32, 8. პერპინიანი - 30, 9. მეტრო რასინგი - 30, 10. სტად ფრანსე - 28, 11. ბაიონი - 26, 12. ბორდო - 18, 13. აჟენი - 17, 14. მონ დე მარსანი - 7.

* * *

"კელტთა ლიგაში" მეცამეტე ტურის წინ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" 22 ქულითმისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზეა.

შარშანდელთან შედარებით ეს გუნდი გაცილებით უარესად ასპარეზობს. ის კი არა, ედინბურგელებმა შოტლანდიურ დერბიში "გლაზგოსთან" ორივე მატჩი წააგეს, რაც ძალზედ იშვიათი შემთხვევაა.

მე-13 ტურში "ედინბურგი" შინ ეთამაშება ირლანდიურ "ლენსტერს", რომელიც 35 ქულით მეხუთე ადგილზეა. ბასილაია ძირითად შემადგენლობაშია, ოღონდ ამჯერად ის ფლანკერის პოზიციაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს ირლანდიური "ალსტერი", მას ცხრა ქულით ჩამორჩება უელსური "ჰლანეჰლი". მე-13 ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ირლანდიაში დაუპირისპირდებიან.

კელტთა ლიგა
XIII ტური
ალსტერი-ჰლანეჰლი, ოსფრიზი-ზებრე, გლაზგო-ბენეტონი, ედინბურგი-ლენსტერი, ქონოთი-ნიუპორტი, მანსტერი-კარდიფი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 47 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 38, 3. მანსტერი - 37, 4. გლაზგო - 36, 5. ლენსტერი - 35, 6. ოსფრიზი - 31, 7. ბენეტონი - 27, 8. კარდიფი - 24, 9. ედინბურგი - 22, 10. ქონოთი - 16, 11. ნიუპორტი - 14, 12. ზებრე - 5.მ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული