საფრანგეთის ჩემპიონატის მოწინავეთა შორის ქართველი მორაგბეების ოთხი გუნდიღა დარჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-15 ტურის შეხვედრები ძალზედ საინტერესო გამოდგა.

ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე დამარცხდა გათამაშების ლიდერი "ტულონი", რომელსაც მდევრები წამოეწივნენ.

სტუმრად წააგო ქართველ მორაგბეთა კიდევ ერთმა გუნდმა "მონპელიემ", რომელმაც მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და ამჯერად სატურნირო ცხრილში "ქართულ გუნდებს" მხოლოდ პირველი ოთხი საფეხურიღა უჭირავთ.

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" მარცხს შინ პარიზულ "მეტრო რასინგთან" არავინ ელოდა.

ტულონელებს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ორი წაგება ჰქონ
დათ და ისიც ორივე გასვლით მატჩში. ფრანგულმა სპორტულმა მედიამ პარიზელთა გამარჯვებას გმირული უწოდა და ხაზი გაუსვა ამ გუნდის შესანიშნავ თამაშს დაცვაში.

მატჩის პირველი ნახევარი ტულონელებმა ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით გაჭირვებით მოიგეს - 9:6. შესვენების შემდეგ სამი წუთი იყო გასული, როცა სტუმრებმა კარგად ისარგებლეს მასპინძელთა მოდუნებით და ლელო გაიტანეს - 13:9. თამაშის დამთავრებამდე გუნდებმა ორ-ორი საჯარიმო გაცვალეს და "მეტრო რასინგმა" დამსახურებული გამარჯვება მიითვალა - 19:15.

მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტ მურად ბურჯელალს.

როგორც ჩანს, ის მსაჯობით უკმაყოფილო არ არის, თორემ კრიტიკის ქარცეცხლს ვერავინ დაასწრებდა და, სავარაუდოდ, თავისი გუნდის მარცხიც სამართლიანად მიაჩნია.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

"ტულონს" ახლა 57 ქულა აქვს და ისევ პირველ ადგილზეა. მას ოთხი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხური უჭირავს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს".

"ვულკანებმა" XV ტურში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" უმასპინძლეს და 36:18 მოუგეს.

თამაში "მონპელიემ", რომელსაც ამ მატჩში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე კაპიტნობდა, აქტიურად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ლელო მიითვალა - 7:0.

მასპინძლებმა თამაშის დალაგება მხოლოდ მე-12 წუთისთვის შეძლეს და ამ დროიდან მოყოლებული, ნელ-ნელა ზრდიდნენ უპირატესობას. პირველი ნახევარი "კლერმონმა" შვიდი ქულის სხვაობით მოიგო - 20:13.

შესვენების შემდეგ "ვულკანებმა" ტემპს კიდევ უფრო უმატეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კლერმონელები შინ იშვიათად აგებენ და ეს ბოლოს როდის მოხდა, არავის ახსოვს. მასპინძელთა სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც აისახა და საბოლოოდ "მონპელიე" 18 ქულის სხვაობით დამარცხდა - 18:36.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი მოედანზე ექვსი წუთით ადრე გამოჩნდა, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო, ჟღენტი ტრავმირებულია.

დაგეგმილი, თუმცა საკმაოდ ძნელი გამარჯვება მიითვალა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა" სტუმრად აუტსაიდერთან, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანთან" - 16:12. ტულუზელებმა ბოლო ტურებში არასტაბილურად ითამაშეს და პოზიციები ოდნავ დათმეს.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის ჩემპიონის თამაშის ხარისხიც საგრძნობლად გაუარესდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი ასახსნელია აუტსაიდერთან ასეთი გაჭირვებით გამარჯვება. მატჩში გადამწყვეტი მე-12 წუთზე რაგბიში მობრუნებული მოთამაშე-მწვრთნელის, ვილიამ სერვას მიერ გატანილი ლელო აღმოჩნდა.

კაკოვინი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე და მჭედლიძე განაცხადში არ იყვნენ.

ტულუზელებს 50 ქულა დაუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან. მათ ექვსი ქულით ჩამორჩება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლთან" - 12:14.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 14 ქულას თავი ჯერ კიდევ 44 წუთისთვის მოუყარეს, როცა მეტოქეს ცხრა ქულით უსწრებდნენ - 14:5.

"ალპელებმა" თამაშის დასრულებამდე მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. ჩვენებურის გუნდმა ანგარიშის ორ ქულამდე შემცირება მხოლოდ 70-ე წუთზე შეძლო.

მასპინძლებმა მატჩის დასრულებამდე დარჩენილი 10 წუთი მაქსიმალური ყურადღებით, უშეცდომოდ ჩაატარეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

"გრენობლი" ამ გამარჯვებით 42 ქულით მეხუთე ადგილზე გადაბარგდა და "კასტრს" ორი ქულით ჩამორჩება.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელიც სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-10 ადგილზეა, შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 21:13. პარიზელებს ყველა ქულა ფულბეკმა ჟერომ პორიკალმა მოუტანა. ჟვანიას არ უთამაშია.

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის "ბორდომ" კი სტუმრად წააგო "პერპინიანთან" - 16:26.

ჩვენებური განაცხადში არ იყო. "ბორდოს" ახლა 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

I დივიზიონი

XV ტური
ბიარიცი-აჟენი 16:11, კლერმონი-მონპელიე 36:18, გრენობლი-კასტრი 14:12, პერპინიანი-ბორდო 26:16, სტად ფრანსე-ბაინი 21:13, მონ დე მარსანი-ტულუზი 12:16, ტულონი-მეტრო რასინგი 15:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 57 ქულა, 2. კლერმონი - 53, 3. ტულუზი - 50, 4. კასტრი - 44, 5. გრენობლი - 42, 6. მონპელიე - 41, 7. ბიარიცი - 36, 8. მეტრო რასინგი - 34, 9. პერპინიანი - 34, 10. სტად ფრანსე - 32, 11. ბაიონი - 26, 12. ბორდო - 18, 13. აჟენი - 18, 14. მონ დე მარსანი - 8.

XVI ტური
პერპინიანი-კლერმონი, ტულუზი-ბიარიცი, ბაიონი-კასტრი, სტად ფრანსე-გრენობლი, აჟენი-მონპელიე, ტულონი-მონ დე მარსანი, ბორდო-მეტრო რასინგი.

* * *

კელტთა ლიგაში მორიგი მარცხი იწვნია საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა".

ჩვენებურის ამ გუნდმა ამჯერად შინ წააგო ევროპული რაგბის ერთ-ერთ გრანდთან, ირლანდიურ "ლენსტერთან" - 16:31. აღსანიშნავია, რომ სტუმართა ეს გუნდი "სამყურების", ანუ ირლანდიის ნაკრების საბაზო გუნდია.

ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და ცუდად არ გამოიყურებოდა. მეტიც, მატჩის დასაწყისში დაცვაში თამაშისას ჯერ მეტოქის მგეზავი ჯონათან სექსტონი შებოჭა, რომელსაც მერე დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ასულიერებდნენ, მოგვიანებით კი "ლენსტერისა" და მსოფლიოს რაგბის ლეგენდას, ბრაიან ოდრისკოლს ბოჭვისას ბურთი ხელიდან გააგდებინა.

ბასილაია 55-ე წუთზე შეცვალეს. "ედინბურგი" ახლა 22 ქულით მე-9 ადგილზეა. ტურის ცენტრალურ მატჩში კი ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ დიდი ანგარიშით - 47:15 დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი". ეს უკანასკნელი ამ მარცხის შედეგად მეორედან მეოთხე საფეხურზე დაქვეითდა.

მისი ადგილი კი შოტლანდიურმა "გლაზგომ" დაიკავა, რომელმაც ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება შეძლო. გლაზგოელებმა ამჯერად შინ დაამარცხეს იტალიური "ბენეტონი" - 41:7.

კელტთა ლიგა
XIII ტური
ალსტერი-ჰლანეჰლი 47:15, ოსფრიზი-ზებრე 16:15, გლაზგო-ბენეტონი 41:7, ედინბურგი-ლენსტერი 16:31, ქონოთი-ნიუპორტი 30:11, მანსტერი-კარდიფი 6:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 52 ქულა, 2. გლაზგო - 41, 3. ლენსტერი - 40, 4. ჰლანეჰლი - 38, 5. მანსტერი - 37, 6. ოსფრიზი - 35, 7. კარდიფი - 28, 8. ბენეტონი - 27, 9. ედინბურგი - 22, 10. ქონოთი - 20, 11. ნიუპოტი - 14, 12. ზებრე - 6.

XIV ტური
მანსტერი-ედინბურგი, კარდიფი-ლენსტერი, ჰლანეჰლი-ქონოთი, ნიუპორტ-ბენეტონი, ალსტერი-ოსფრიზი, ზებრე-გლაზგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული