ევროთასების პლეი ოფში ქართველ მორაგებთა ოთხი გუნდი გავიდა

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში ოთხმა გააღწია.

ამათგან სამი "კლერმონი", "ტულონი" და "მონპელიე" ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასის გათამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებენ, "სტად ფრანსე" კი "ემლინ ჩელენჯ კაპზე" განაგრძობს ბრძოლას.

A ჯგუფში ექვსი თამაშიდან ექვსივე წააგო საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიურმა "ედინბურგმა".

ჩვენებურის ამ გუნდმა ბოლო ტურში სტუმრად ითამაშა ჯგუფის ლიდერთან, ინგლისის ჩემპიონ "სარასენზთან" და 7:40 დამარცხდა. ბასილაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამავე ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ირლანდიურმა "მანსტერმა" შინ დაამარცხა ფრანგული "მეტრო რასინგი" - 29:6.

ბოლო
ტურში დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი B ჯგუფში მოასპარეზე ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტთან, ინგლისურ "ლესტერ ტრაიგერზთან" - 5:9.

კაკოვინი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე განაცხადში არ იყო.
ამავე ჯგუფში იტალიურმა "ბენეტონმა" შინ დაამარცხა უელსური "ოსფრიზი" 17:14, თუმცა ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია.

D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" ჯგუფურ ტურნირში მესამე ადგილს დასჯერდა და პლეი ოფის მიღმა დარჩა. კასტრელებმა ბოლო ტურში შინ მიიღეს ლიდერი ირლანდიური "ალსტერი" და მინიმალური სხვაობით 8:9 წააგეს.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" სტუმრად წააგო აუტსაიდერთან, შოტლანდიურ "გლაზგოსთან" 20:27 და 15 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოსახვედრად.

E ჯგუფში ტრიუმფალურად იასპარეზა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც ექვსიდან ექვსივე თამაშში გაიმარჯვა და პირველობა არავის დაუთმო.

"ვულკანებმა" ბოლო ტურში სტუმრად მშრალი ანგარიშით დაამარცხეს უელსური "ჰლანეჰლი" - 29:0.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილს არ უთამაშია.

ამავე ჯგუფში "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელმა მფლობელმა ირლანდიურმა "ლენსტერმა" სტუმრად სძლია ინგლისურ "ექსეტერს" 29:20 და 20 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

F ჯგუფში ბოლო ტურში ერთმანეთის პირისპირ "ქართული გუნდები" დადგნენ. მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" უმასპინძლა, რომელსაც პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჰქონდა მოპოვებული.

რაგბის ქართველი ქომაგები ახლახან გხსნილ რაგბის პაბ "სინბინში" შეიკრიბნენ ჩვენი ნაკრების მოთამაშეების მხარდასაჭერად.

აქვე ტაიმებს შორის შესვენებაზე რაგბის კავშირის თანამშრომლებმა ვიქტორინა გამართეს, სადაც პრიზად ზაზა ბურჭულაძის დიზაინით სარაგბო თემატიკაზე შექმნილი ორი მაისურა გათამაშდა.

მატჩის დაწყების წინ სტადიონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "მონპელიეს" მწვრთნელის ერიკ ბეშუს ხსოვნას, რომელიც სამშაბათს დილას ერთ-ერთ ფრანგულ კლინიკაში გარდაიცვალა.

მონპელიელებისთვის ამ მატჩს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში "მონპელიე" პირველად გააღწევდა "ჰაინეკენის თასის" პლეი ოფში.

გუნდის კაპიტანი ამ მატჩში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე იყო. მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტულონელთა საკმაოდ ძლიერ გუნდს შანსი არ დაუტოვეს.

"მონპელიემ" მეტოქეს 23:3 მოუგო, ჯგუფში 22 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა მოედანზე 16
წუთით მეტი დაყო, გორგოძეს, რომელმაც სრულად ითამაშა, ერთ-ერთ ეპიზოდში წარბი გაუსკდა და ათი წუთით შეცვალეს.

მანამდე კი "ბორჯღალოსანთა" ლიდერი დინამიკურ თამაშშიც დომინირებდა და დერეფანშიც რამდენჯერმე აჯობა მეტოქეს. ჟღენტი ტრავმირებულია, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.

ამრიგად მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ. მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" სტუმრად დაუპირისპირდება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს".

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" კი შინ მიიღებს ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს".

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
მანსტერი-მეტრო რასინგი, სარასენზი-ედინბურგი
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 23 ქულა, 2. მანსტერი - 20, 3. მეტრო რასინგი - 12, 4. ედინბურგი - 0.

B ჯგუფი
ლესტერ ტაიგერზი-ტულუზი 9:5, ბენეტონი-ოსფრიზი 17:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ლესტერ ტაიგერზი - 20, 2. ტულუზი - 19 ქულა, 3. ოსფრიზი - 12, 4. ბენეტონი - 5.

C ჯგუფი
ბიარიცი-ჰარლიქვინზი 9:16, ქონოთი-ზებრე 25:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 28 ქულა, 2. ბიარიცი - 15, 3. ქონოთი - 12, 4. ზებრე - 1.

D ჯგუფი
გლაზგო-ნორსჰემპთონი 27:20, კასტრი-ალსტერი 8:9
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 23 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 15, 3. კასტრი - 14, 4. გლაზგო - 6.

E ჯგუფი
ჰლანეჰლი-კლერმონი 0:29, ექსეტერი-ლენსტერი 20:29
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 28 ქულა, 2. ლენსტერი - 20, 3. ექსეტერი - 9, 4. ჰლანეჰლი - 2.

F ჯგუფი
მონპელიე-ტულონი 23:3, კარდიფი-სეილ შარქსი 26:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 22, 3. კარდიფი - 6, 4. სეილ შარქსი - 4.

მეოთხედფინალი
ჰარლიქვინზი-მანსტერი, კლერმონი-მონპელიე, ტულონი-ლესტერ ტაიგერზი, სარასენზი-ალსტერი.

* * *

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში წარმატებულად იასპარეზა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელმაც E ჯგუფში ექვსი თამაშიდან ხუთში გაიმარჯვა და 25 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

პარიზელებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა შინ გამართეს ინგლისურ "ლონდონ ველშთან" და 39:17 მოიგეს. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ფრანგულმა "გრენობლმა" სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო იტალიურ "პრატოს" - 47:0.
წარუმატებლად ითამაშა A ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა", რომელიც 10 ქულით საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ჩვენებურის გუნდმა ბოლო ტურში სტუმრად წააგო ლიდერთან, ინგლისურ "გლოსტერთან" - 16:36. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამავე ჰგუფში ორი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელმაც მეექვსე ტურში სტუმრად წააგო ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" - 7:17. ნავროზაშვილს არ უთამაშია.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გლოსტერი-მონ დე მარსანი 36:16, ლონდონ აირიში-ბორდო 17:7
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 27 ქულა, 2. ლონდინ აირიში - 19, 3. მონ დე მარსანი - 10, 4. ბორდო - 2.

B ჯგუფი
პერპინიანი-როვიგო 40:22, ვორსტერი-გერნიკა 71:9
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 25 ქულა, 2. პერპინიანი - 25, 3. გერნიკა - 8, 4. როვიგო - 1.

C ჯგუფი
ნიუპორტი-ვოსფსი 19:20, მოლიანო-ბაიონი 0:54
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 25 ქულა, 2. ბაიონი - 20 1, 3. ნიუპორტი - 13, 4. მოლიანო - 0.

D ჯგუფი
აჟენი-კალვიზანო 19:9, ბასი-ბუქარესტი 53:8
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 29 ქულა, 2. აჟენი - 117, 3. ბუქარესტი - 9, 4. კალვიზანო - 7.

E ჯგუფი
პრატო-გრენობლი 0:47, სტად ფრანსე-ლონდონ ველში 39:17
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 25 ქულა, 2. გრენობლი - 20, 3. ლონდონ ველში - 9, 4. პრატო - 2.

* * *

ამასობაში საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში კვლავ წარმატებულად ასპარეზობს ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც მე-18 ტურში შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "კოლომიე" - 13:11 და ახლა 57 ქულით მეორე ადგილზე არიან.

დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი თამაშში სამი წუთით ადრე ჩაერთო.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 18:21. ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილი და მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ერთდროულად, 51-ე წუთზე შეცვალეს.

ტარიელ რატიანიძის "დაქსმა", რომელიც 28 ქულით მე-14 ადგილზეა, შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 25:14. ლანგედოკელებს ახლა 21 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე არიან.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძეს არ უთამაშია.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" მატჩი შინ "კარკასონთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო. პარიზელები 18 ქულით ბოლო ადგლზე არიან.

II დივიზიონი
XVIII ტური
ლა როშელი-ნარბონი 21:15, ოიონაქსი-ტარბი 21:18, დაქსი-ბეზიე 25:14, ოში-ექსი 6:9, მასი-კარკასონი (გადაიდო), ორიაკი-კოლომიე 13:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 73 ქულა, 2. ორიაკი - 57, 3. ლა როშელი - 54, 4. პო - 52, 5. ბრივი - 49, 6. კარკასონი - 48, 7. ტარბი - 47, 8. ლიონი - 42, 9. ალბი - 38, 10. ნარბონი - 36, 11. კოლომიე - 35, 12. ოში - 32, 13. ექსი - 29, 14. დაქსი - 28, 15. ბეზიე - 21, 16. მასი - 18.

XIX ტური
ოში-ლა როშელი, კოლომიე-დაქსი, ოიონაქსი-ექსი, კარკასონი-პო, ლიონი-ალბი, ნარბონი-ბრივი, ბეზიე-მასი, ტარბი-ორიაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული