მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში ცვლილება არ მომხდარა. პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს ისევ მყარად უჭირავთ.
I დივიზიონი
უცნაური, უფრო სწორად, მოულოდნელი და არა სენსაციური შედეგით დასრულდა მატჩი ტულონში, სადაც გათამაშების ლიდერმა, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის ადგილობრივმა გუნდმა შინ დიდი ანგარიშით
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 22-ე წუთზე უკვე 13:0-ს იგებდნენ. ცხადია, "ტულონთან" ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ურთულესი საქმეა. "მონპელიესთვის" კი, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები აკლდა, შეუძლებელი აღმოჩნდა.
მატჩის არბიტრი მათ ხშირად აჯარიმებდა. ოცი წუთის განმავლობაში კი სულაც კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში.
"ტულონმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა და "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ყველაზე მეტი, 26 ქულა მასპინძელთა გუნდს ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა).
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და არბიტრმა მატჩის 30-ე წუთზე გაასინბინა; ჩილაჩავა მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა; ჟღენტი ტრავმირებულია; მიქაუტაძეს, ნარიაშვილს და ქუბრიაშვილს არ უთამაშიათ.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც 60 ქულით მეორე ადგილზეა, დიდი ანგარიშით დაამარცხა დივიზიონის აუტსაიდერი, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" - 56:3.
ასეთი დიდი სხვაობის მიუხედავად, ვერაფრით ვიტყვით, რომ მარსანელებმა უბრძოლველად დათმეს რაიმე, რის დასტურადაც მატჩის არბიტრის მიერ სინბინში ოთხი მოთამაშის გაშვებაც გამოდგება.
"ვულკანებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და აქედან ხუთი მატჩის მეორე ნახევარზე მოდის. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
"კლერმონს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ სენსაციურად წააგო "პერპინიანთან" - 18:19.
საფრანგეთის ჩემპიონს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა, თუმცა ასეთი უნიათო თამაში ტულუზელებისთვის უჩვეულოა, მით უფრო, მატჩის ბოლო წუთებზე. პერპინიანელები თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე დაწინაურდნენ.
ჩვენებურთა გუნდს საკმარისი დრო ჰქონდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ თავდადებით მოასპარეზე მეტოქესთან ვერას გახდა.
ტრავმამოშუშებული კაკოვინი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე განაცხადში არ იყო.
"ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 15:9.
მასპინძლებს 15 ქულა ხუთი საჯარიმო დარტყმით ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა მოუტანა. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელიც 41 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, შინ მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოს" - 30:14.
აღსანიშნავია, რომ პარიზელები 39-ე წუთიდან მატჩის ბოლომდე კაცნაკლულნი თამაშობდნენ. არბიტრმა წითელი ბარათი იტალიის ნაკრების კაპიტანს სერჯო პარისეს უჩვენა. ჟვანია განაცხადში არ იყო.
XVIII ტური
ტულუზი-პერპინიანი 18:19, ტულონი-მონპელიე 51:6, მეტრო რასინგი-ბაიონი 15:10, კლერმონი-მონ დე მარსანი 56:3, გრენობლი-აჟენი 27:13, სტად ფრანსე-ბორდო 30:14, ბიარიცი-კასტრი 15:9.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ტულონი - 66 ქულა, 2. კლერმონი - 60, 3. ტულუზი - 55, 4. კასტრი - 50, 5. მონპელიე - 49, 6. მეტრო რასინგი - 46, 7. გრენობლი - 46, 8. პერპინიანი - 43, 9. სტად ფრანსე - 41, 10. ბიარიცი - 41, 11. ბაიონი - 35, 12. ბორდო - 24, 13. აჟენი - 23, 14. მონ დე მარსანი - 14.
II დივიზიონი
მეორე დივიზიონში 21-ე ტურის მატჩების შემდეგ პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ინარჩუნებს. ესენია: "პო", "ორიაკი", "ბრივი" და "ტარბი".
ამათგან საუკეთესო მაჩვენებელი მამუკა მაგრაქველიძის "პოს" აქვს, რომელიც მეორე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდმა შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 15:6.
მაგრაქველიძე "პოში" თებერვლის დასაწყისში ჩაირიცხა და ამ გუნდის შემადგენლობაში მეორედ ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 36-ე წუთზე გაასინბინა. ამასთან, მაგრაქველიძემ ცხვირი გაიტეხა და საოპერაციო შეიქნა. შეყლაშვილს არ უთამაშია.
"პოს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბისთან" - 22:22.
თამაში დრამატული სცენარით განვითარდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს - 6:5.
შესვენების შემდეგ "ალბი" საგრძნობლად გააქტიურდა და 64-ე წუთისთვის ათი ქულის სხვაობით იგებდა - 22:12. ორიაკელებმა ვითარების გამოსწორება დასკვნით ექვს წუთში შეძლეს. მათ ჯერ ლელო გაიტანეს, მერე კი მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს.
ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა 38 წუთით მეტი ითამაშა, თეთრაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 43-ე წუთიდან გამოჩნდა, 18 წუთის შემდეგ თამაშში მაისურაძეც ჩაერთო. ნაცარაშვილი, ახობაძე, კობერიძე და თოდუა განაცხადში არ იყვნენ.
"ორიაკს" ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ოში" - 22:16.
სტუმრები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და მათი გამარჯვება ეჭვის ქვეშ არ დამდგარა.
ნატრიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, შველიძეს არ უთამაშია.
ბრიველებს ორი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბი", რომელმაც შინ სძლია "ექსს" - 33:16.
მასპინძლები პირველი ტაიმის 30 წუთის განმავლობაში აგებდნენ და ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს - 15:13.
შესვენების შემდეგ ტარბელები უფრო მობილიზებულად გაისარჯნენ და მეტოქე უშანსოდ დატოვეს. მატჩში ოთხივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა; მირცხულავა და დადუნაშვილი მოედანზე ერთდროულად, 56-ე წუთიდან გამოჩნდნენ; ჩხაიძე თამაშში 17 წუთის შემდეგ ჩაერთო.
ისევ დამარცხდა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებოდა.
ლიონელებმა ამჯერად ვერაფერი გააწყვეს სტუმრად "ნარბონთან" - 21:32. კავთიძე განაცხადში არ იყო.
შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი", რომელიც 25 ქულით ბოლო ადგილზეა, შინ ფრეს დასჯერდა უშუალო კონკურენტ ტარიელ რატიანიძის "დაქსთან" დაპირისპირებაში - 20:20.
დაქსელები თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდნენ - 10:0, თუმცა მასპინძლებმა ტაიმის ფრედ დასრულება მაინც შეძლეს - 10:10.
შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. წინ მუდმივად "დაქსი" იყო და პარიზულმა გუნდმა ფრეს მიღწევა თამაშის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე შეძლო.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, რატიანიძე 54-ე წუთზე შეცვალეს, აშვეთია განაცხადში არ იყო.
XXI ტური
ტარბი-ექსი 33:16, ორიაკი-ალბი 22:22, ოში-ბრივი 16:22, პო-ბეზიე 15:6, მასი-დაქსი 20:20, ნარბონი-ლიონი 32:21, ლა როშელი-კოლომიე 21:17, ოიონაქსი-კარკასონი 32:5.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ოიონაქსი - 82 ქულა, 2. პო - 66, 3. ლა როშელი - 66, 4. ორიაკი - 61, 5. ბრივი - 59, 6. ტარბი - 57, 7. კარკასონი - 55, 8. ლიონი - 49, 9. ნარბონი - 48, 10. ალბი - 45, 11. კოლომიე - 44, 12. ოში - 34, 13. ექსი - 33, 14. დაქსი - 32, 15. ბეზიე - 26, 16. მასი - 25.
კელტთა ლიგა
კელტთა ლიგაში ისევ წარუმატებლად თამაშობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი". ეს შოტლანდიური კლუბი ამჯერად შინ დამარცხდა უელსურ "კარდიფთან" - 16:17.
ბასილაიას არ უთამაშია. წლევანდელი შედეგებით გუნდის ხელმძღვანელები, ცხადია, უკმაყოფილონი არიან და მთავარ მწვრთნელს მაიკ ბრედლის ხელშეკრულებას არ უგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრედლი, სანამ "ედინბურგში" მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტი იყო.
XV ტური
ნიუპორტი-გლაზგო 3:60, ალსტერი-ზებრე 26:3, ედინბურგი-კარდიფი 16:17, ქონოთი-ოსფრიზი 22:10, ლენსტერი-ბენეტონი 40:5, ჰლანეჰლი-მანსტერი 18:10.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ალსტერი - 58 ქულა, 2. გლაზგო - 51, 3. ლენსტერი - 49, 4. ჰლანეჰლი - 46, 5. მანსტერი - 41, 6. ოსფრიზი - 39, 7. კარდიფი - 32, 8. ბენეტონი - 27, 9. ქონოთი - 24, 10. ედინბურგი - 23, 11. ნიუპორტი - 18, 12. ზებრე - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"