ლეგიო: საფრანგეთის ჩემპიონატში შეიძლება ლიდერი შეიცვალოს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა.

პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი ერთბაშად ათ გუნდს აქვს, აქედან ექვსი ქართველი მორაგბეებისაა.

ამათგან ხუთს კი, სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური უჭირავს. ესენია: "ტულონი", "კლერმონი", "ტულუზი", "კასტრი" და "მონპელიე".

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც 67 ქულით პირველ ადგიზლეა, შინ ეთამაშება საფრანგეთის ჩემპიონს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს".

ტულონელებმა წინა ტურში სტუმრად წააგეს "კასტრთან" და ახლა ლიდერობის დაკარგვის საფრთის წინაშე დგანან.

"ტულუზმა", მართალია, ბოლო
ხანს დათმო პოზიციები, თუმცა გი ნოვეს და კომპანიას იმდენად დიდი ადამიანური რესურსი აქვთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოუმატონ და მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ.

ტულონის შემადგენლობაში მხოლოდ პირველხაზელი ჩილაჩავა ითამაშებს, მიქაუტაძე და ქუბრიაშვილი განაცხადში არ არიან. სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ კაკოვინი და ბრეგვაძე.

"ტულონს" მარცხის შემთხვევაში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" გაასწრებს, ოღონდ "ვულკანებმა" თავის მხრივ სტუმრად უნდა მოუგონ ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს".

კლერმონელები ლიდერს სამი ქულით ჩამორჩებიან და წარმატების შემთხვევაში წლეულს პირველად გალიდერდებიან.

"სტად ფრანსე" შინაურ კედლებში განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტუმრებს დიდი ჯაფა დაადგებათ.

მით უფრო, რომ პარიზელებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვთ და მრისხანე "კლერმონის" დამარცხების შემთხვევაში პოზიციას საგრძნობლად გაიმყარებენ.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც წინა ტურში შინ ლიდერის დამარცხება შეძლო, ამჯერად მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" უმასპინძლებს.

შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ გუნდებს სატურნირო ცხრილში ერთი ქულა აშორებთ და შესაბამისად მეოთხე და მეხუთე ადგილები უკავიათ.

კასტრელები შინ უძლეველნი არიან და მეტოქეს ბევრ პრობლემას შეუქმნიან. "მონპელიემ" განვლილ ტურში შინ გაჭირვებით დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბორდო", თუმცა მაშინ გუნდს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებში მივლენილი მოთამაშეები აკლდა.

ახლა ყველა მათგანი კლუბის განკარგულებაშია და, ცხადია, ქომაგები უკეთეს თამაშს ელიან.

გათამაშების აუტსაიდერი თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" შინ მიიღებს ბოლო ჟამს ისევ მოღონიერებულ "პერპინიანს", რომელიც 47 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში სურს.

მათგან განსხვავებული მიზნები აქვთ მარსანელებს. ჩვენებურის გუნდი 15 ქულით ბოლო ადგილზეა და ათი ქულით ჩამორჩება ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ბორდოს".

I დივიზიონი
XX ტური
ბაიონი-ბიარიცი, სტად ფრანსე-კლერმონი, კასტრი-მონპელიე, მონ დე მარსანი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-გრენობლი, ბორდო-აჟენი, ტულონი-ტულუზი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 67 ქულა, 2. კლერმონი - 64, 3. ტულუზი - 60, 4. კასტრი - 54, 5. მონპელიე - 53, 6. მეტრო რასინგი - 50, 7. პერპინიანი - 47, 8. გრენობლი - 47, 9. სტად ფრანსე - 41, 10. ბიარიცი - 41, 11. ბაიონი - 35, 12. აჟენი - 27, 13. ბორდო - 25, 14. მონ დე მარსანი - 15.

* * *

კელტთა ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" თამაშს თამაშზე აგებს და ახლა 23 ქულით მე-10 ადგილზეა.

ჩვენებურის გუნდი მე-17 ტურში სტუმრად დაუპირისპირდება უელსურ "ჰლანეჰლის". მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრედლიმ აქცენტი ამჯერადაც ახალგაზრდა მორაგბეებზე გააკეთა, თუმცა მათ შორის ბასილაია ვერ მოხვდა.

წლეულს "ედინბურგს" ფატალურად არ უმართლებს, რადგან ტრავმირებულნი არიან და გუნდს ვერაფრით ეხმარებიან ჯიმი ფემდალი, როდი გრანტი, რობინ ხისლიპი, ჯეიმზ კინგი, ლუის ნივენი, როს რენი, სტივენ ტურუნბული, ჯორჯ ტერნერი, ალან უოკერი და ისაკ ფან დერ ვესტჰოიზენი.

ამასთან ერთად, ახლახან კელტთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ედინბურგელთა შუამარბი ნიკ დე ლუკა 13-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

კელტთა ლიგა
XVII ტური
ნიუპორტი-ლენსტერი, ჰლანეჰლი-ედინბურგი, ალსტერი-ბენეტონი, გლაზგო-კარდიფი, ქონოთი-ზებრე, მანსტერი-ოსფრიზი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 59 ქულა, 2. გლაზგო - 56, 3. ლენსტერი - 54, 4. ოსფრიზი - 47, 5. ჰლანეჰლი - 46, 6. მანსტერი - 41, 7. კარდიფი - 33, 8. ბენეტონი - 32, 9. ქონოთი - 28, 10. ედინბურგი - 23, 11. ნიუპორტი - 22, 12. ზებრე - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული