ქართული ლეგიონი: ორი სინბინი და გურამ კავთიძის ლელო

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი მირცხულავა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა. პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა საგრძნობლად გამწვავდა.

TOP 6-ში მოხვედრა ერთბაშად ათ გუნდს შეუძლია. აქედან ექვსში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და მათგან ხუთს სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური უჭირავს.

სატურნირო ცხრილს დიდი ხანია, სათავეში უდგას დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც მე-20 ტურში შინ დაუპირისპირდა ქვეყნის ჩემპიონს - ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს".

მასპინძლებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 35:16 დაამარცხეს.

ბრეგვაძე და კაკოვინი
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე ერთდროულად, 43-ე წუთზე შეცვალეს; ჩილაჩავა თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო და ოთხ წუთში სალელოვე შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო; ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

* * *
"ტულონს" ამ გამარჯვების შემდეგ 71 ქულა დაუგროვდა. მას ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" დამაჯერებლად მოუგო - 37:10.

"ვულკანებმა" თავიდანვე აგრესიული, სწრაფი რაგბობა შესთავაზეს მასპინძლებს და მე-12 წუთისთვის უკვე 17:0-ს იგებდნენ. მატჩში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

* * *
58 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც საკუთარ მოედანზე მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" დაამარცხა - 26:20.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მონპელიელთა უპირატესობით წარიმართა და 36-ე წუთამდე მასპინძლებს 14 ქულის სხვაობით უგებდნენ - 20:6.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში სტუმრებმა მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. კასტრელებმა კი კიდევ 20 ქულას მოუყარეს თავი.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი მოედანზე 53-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟღენტი ტრავმირებულია.

* * *
სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება და პირველი დივიზიონის დატოვების რეალური კანდიდატია თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომელმაც შინ წააგო "პერპინიანთან" - 17:31.

საქართველოს ნაკრების გარემარბს არ უთამაშია.

I დივიზიონი
XX ტური
ბაიონი-ბიარიცი 6:6, სტად ფრანსე-კლერმონი 10:37, კასტრი-მონპელიე 26:20, მონ დე მარსანი-პერპინიანი 17:31, მეტრო რასინგი-გრენობლი 23:3, ბორდო-აჟენი 48:17, ტულონი-ტულუზი 35:16.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ტულონი - 71 ქულა, 2. კლერმონი - 69, 3. ტულუზი - 60, 4. კასტრი - 58, 5. მონპელიე - 54, 6. მეტრო რასინგი - 54, 7. პერპინიანი - 51, 8. გრენობლი - 47, 9. ბიარიცი - 43, 10. სტად ფრანსე - 41, 11. ბაიონი - 37, 12. ბორდო - 30, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.

II დივიზიონი
საკმაოდ დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს მეორე დივიზიონში, სადაც პირველი ადგილის მფლობელის (რომელიც ავტომატურად მიიღებს პირველი დივიზიონის საგზურს) ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია.

"ოიონაქსი" უახლოეს მდევარს 20 ქულით უსწრებს და ნაკლებად სავარაუდოა, მან ეს უპირატესობა გაანიავოს.

პლეი ოფში (აქ პირველი დივიზიონის კიდევ ერთი საგზური გათამაშდება) მოხვედრისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ადგილი კი ოთხია.

ყველაზე კარგი მდგომარეობა მამუკა მაგრაქველიძის "პოს" აქვს, რომელიც 66 ქულით მესამე ადგილზეა. ჩვენებურის ეს გუნდი 22-ე ტურში სტუმრად დამარცხდა "კოლომიესთან" - 12:23. მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო.

* * *
"პოს" სამი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში მოუგო აუტსაიდერს, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" - 17:15.

ხინჩაგიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, სუთიაშვილი მოედანზე ექვსი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ნატრიაშვილი და შველიძე შეცვლაზე ერთდროულად, 58-ე წუთზე შევიდნენ, აშვეთია განაცხადში არ იყო.

* * *
61-61 ქულა აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ "ქართული გუნდები" - "ორიაკი" და "ტარბი". ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" სტუმრად წააგო "ნარბონთან"- 21:45.

დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ნაცარაშვილი მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა.

* * *
გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბმა" შინ მოუგო ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და კახა კობერიძის "ალბის" - 31:22.

ჩხაიძემ, ნემსაძემ და თოდუამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს; დადუნაშვილი, რომელიც 52-ე წუთზე გაასინბინეს, 63-ე წუთზე შეცვალეს; თეთრაშვილმა მოედანი 48-ე წუთზე დატოვა; ათ წუთში სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა მირცხულავამ; მაისურაძე 75-ე წუთზე შეცვალეს; კობერიძე და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

* * *
Sportall.Geგურამ კავთიძის "ლიონმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა "ექსი" - 50:16 და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ლიონელები ახლა 54 ქულით მე-8 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

კავთიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო და ათ წუთში ლელო გაიტანა.

* * *
ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" 30 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. ლანგედოკელებმა შინ შეძლეს "ოშის" დამარცხება - 18:11.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
"ბეზიეს" ორი ქულით უსწრებს ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერთან, "ოიონაქსთან" წააგო - 12:33.

რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო. ის არბიტრმა 52-ე წუთზე გაასინბინა და 64-ე წუთზე შეცვალეს.

XXII ტური
ბეზიე-ოში 18:11, ტარბი-ალბი 31:22, მასი-ბრივი 15:17, ნარბონი-ორიაკი 45:21, კარკასონი-ლა როშელი 23:18, დაქსი-ოიონაქსი 12:33, კოლომიე-პო 23:12, ლიონი-ექსი 50:16.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ოიონაქსი - 87 ქულა, 2. ლა როშელი - 67, 3. პო - 66, 4. ბრივი - 63, 5. ორიაკი - 61, 6. ტარბი - 61, 7. კარკასონი - 59, 8. ლიონი - 54, 9. ნარბონი - 52, 10. კოლომიე - 48, 11. ალბი - 45, 12. ოში - 35, 13. ექსი - 33, 14. დაქსი - 32, 15. ბეზიე - 30, 16. მასი - 26.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული