საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ბრძოლას ქართველთა ხუთი გუნდი განაგრძობს

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით დადუნაშვილი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ პირველ დივიზიონში ევროპული სანაკრებო ბატალიების გამო შესვენება იყო.

სამაგიეროდ, ცხარე ბრძოლები გაიმართა მეორე დივიზიონში, სადაც პლეი ოფში მოსახვედრად ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის: "პო", "ბრივი", "ორიაკი", "ტარბი" და "ლიონი".

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი მამუკა მაგრაქველიძის "პოს" აქვს, რომელიც რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე 75 ქულით მეორე ადგილზეა.

"პომ" 24-ე ტურში შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 12:9.

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა. შეხვედრის არბიტრმა
ორი მორაგბე გაასინბინა, მათ შორის, ქართველი შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე გოდერძი შველიძემ შეცვალა. ნატრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა, მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო.

მარცხის შემდეგ "ბრივი" ექვსი ქულით ჩამორჩება "პოს" და მე-4 ადგილზეა. ბრიველებზე ოთხი ქულით ნაკლები დაუგროვდათ და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ "ორიაკი" და "ტარბი".

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა შინ გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 23:22.

მასპინძლები მე-60 წუთამდე ათი ქულის სხვაობით აგებდნენ - 9:19, თუმცა დასკვნით 20 წუთში თითქმის შეუძლებელი შეძლეს.

გამარჯვების მომტანი ლელო ორიაკელებმა შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანეს და ლიდერს მესამე მარცხი აგემეს.

ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა, დათუნაშვილმა "ბორჯღალოსანთა" რიგებში იასპარეზა.

გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" - 29:26.

პირველი ტაიმი პარიზელებმა, რომლებიც 27 ქულით აუტსაიდერები არიან, 16:13 მოიგეს. ტარბელებს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდათ საიმისოდ, რომ მატჩის ბედი სათავისოდ შემოებრუნებინათ. ისინი 57-ე წუთისთვის 13 ქულით დაწინაურდნენ - 29:16. სტუმრებმა ამ ჩამორჩენის გასაბათილებლად არაფერი დაიშურეს, თუმცა ანგარიშის მხოლოდ სამ ქულამდე შემცირება შეძლეს.

ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილი და მირცხულავა 51-ე წუთზე შეცვალეს, ორი წუთით ადრე კი მოედანზე აშვეთია გამოჩნდა, სუთიაშვილმა და ჩხაიძემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს.

საპლეიოფო ხუთეულს საგრძნობლად მიუახლოვდა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც სტუმრად ფრეს დასჯერდა "კოლომიესთან" - 19:19 და ახლა 60 ქულით მე-7 ადგილზეა. კავთიძე განაცხადში არ იყო.

სამწუხაროდ, სატურნირო ცხრილის ბოლო სამი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. "მასის" თაობაზე უკვე ვთქვით. 35 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც შინ მოუგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ლა როშელს" - 31:25.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

ლანგედოკელებზე ერთი ქულით მეტი აქვს და მე-14 ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც შინ დაამარცხა პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "კარკასონი" - 22:9.

რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი
XXIV ტური
ექსი-ნარბონი 28:22, ბეზიე-ლა როშელი 31:25, ოში-ალბი 22:10, ორიაკი-ოიონაქსი 23:22, ტარბი-მასი 29:26, დაქსი-კარკასონი 22:9, პო-ბრივი 12:9, კოლომიე-ლიონი 19:19.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ოიონქსი - 93 ქულა, 2. პო - 75, 3. ლა როშელი - 73, 4. ბრივი - 69, 5. ორიაკი - 65, 6. ტარბი - 65, 7. ლიონი - 60, 8. კარკასონი - 60, 9. ნარბონი - 57, 10. კოლომიე - 54, 11. ალბი - 49, 12. ოში - 39, 13. ექსი - 38, 14. დაქსი - 36, 15. ბეზიე - 35, 16. მასი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული