საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა.
უკვე ცნობილია პლეი ოფის სამი საგზურის მფლობელის ვინაობა. სამივე ქართველ მორაგბეთა გუნდია - "ტულონი", "კლერმონი" და "ტულუზი". დარჩენილი სამი საგზურისთვის ბრძოლას კი რეალურად ოთხი გუნდი განაგრძობს. მათ შორის ორი "ქართულია" - "კასტრი" და "მონპელიე".
გათამაშების ლიდერმა - დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამაშა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" და დამაჯერებლად სძლია - 43:11.
სტუმრებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც
ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, ქუბრიაშვილს და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ.
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ თამაშის წინა დღეს "ტულონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა - ჩვენებური ამ გუნდში კიდევ სამ სეზონს ითამაშებს.
"ტულონს" ორი ქულით ჩამორჩება უახლოესი მდევარი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "აჟენს" - 66:21.
"ვულკანებმა" მეტოქეს ათი ლელო გაუტანეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.
კლერმონელებს მომავალ უქმეებზე კიდევ ერთ ფრონტზე - "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში მოუწევთ ბრძოლა. მეტოქე ასევე "ქართული გუნდი" - მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" იქნება, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.
მონპელიელებმა სტუმრად შეძლეს აუტსაიდერის - თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანის" დამარცხება - 30:17. ისინი დასაწყისშივე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მე-17 წუთისთვის 20:0-ს იგებდნენ.
გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო. მას არბიტრმა 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოგვიანებით კი 61-ე წუთზე შეცვალეს.
ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი, რომელიც მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა. იმავდროულად, თამაშში ჩაერთო "მონ დე მარსანის" გარემარბი თამაზ მჭედლიძე. ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.
"მონპელიე" 63 ქულით მე-6 ადგილზეა. მას სამი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში მე-4 საფეხურზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში შეძლო მონპელიელთა უშუალო კონკურენტის, "პერპინიანის" დამარცხება - 21:20.
კასტრელები თამაშის დასაწყისშივე დაეუფლნენ ინიციატივას და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო. "კასტრს" შვიდი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელმაც სტუმრად ასევე დაძაბულ ბრძოლაში მოიგო "მეტრო რასინგთან" - 27:26.
არადა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა ტულუზელებზე უკეთ ითამაშეს და 11 ქულის სხვაობით - 17:6 მოიგეს. "ტულუზმა" შესვენების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, თუმცა პირველად დაწინაურება და მატჩის მოგებაც თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეძლო.
კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ბრეგვაძე მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.
I დივიზიონი
XXIII ტური
ბიარიცი-გრენობლი 33:16, სტად ფრანსე-ტულონი 11:43, პერპინიანი-კასტრი 20:21, კლერმონი-აჟენი 66:21, ბორდო-ბაიონი 39:13, მონ დე მარსანი-მონპელიე 17:30, მეტრო რასინგი-ტულუზი 26:27.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულონი - 82 ქულა, 2. კლერმონი - 80, 3. ტულუზი - 73, 4. კასტრი - 66, 5. მეტრო რასინგი - 63, 6. მონპელიე - 63, 7. პერპინიანი - 57, 8. ბიარიცი - 51, 9. გრენობლი - 49, 10. სტად ფრანსე - 46, 11. ბაიონი - 45, 12. ბორდო - 41, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.
* * *
"კელტთა ლიგაში" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა", რომელიც 32 ქულით მეათე ადგილზეა, სტუმრად დიდი გაჭირვებით მოუგო უიმედო აუტსაიდერს, იტალიურ "ზებრეს" - 9:7. ბასილაია განაცხადში არ იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"