წლეულს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა არნახულად წარმატებით იასპარეზეს და მთავარი ჯილდოების უმთავრესი პრეტენდენტები არიან.
თავად განსაჯეთ, ყველაზე პრესტიჟულ ჰაინეკენის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალში სამი "ქართული გუნდი" ითამაშებს. ესენია: "კლერმონი", "მონპელიე" და "ტულონი".
ამათგან რეალურად ნახევარფინალში გასვლის შანსი ორს აქვს, რადგან დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" შინ ეთამაშება მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს". შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ ხვდებიან.
"ვულკანებს" დიდი შანსი აქვთ, საკუთარი მოედნის
მონპელიელები, რომლებისთვისაც "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში მეოთხედფინალში გასვლა უკვე მიღწევაა, ცხადია, მაქსიმალურად გაირჯებიან, რათა კიდევ უფრო წინ წავიდნენ.
ზირაქაშვილი და გორგოძე ძირითად შემადგენლობაში არიან, კოლელიშვილი, ჟღენტი და ნარიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდნენ.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მიმდინარე გათამაშების 15 საუკეთესო მორაგბეთა სიაში მოხვდა, რომელთაგან სეზონის მიწურულს ყველაზე უკეთესს დაასახელებენ.
ამდენად, "მონპელიეს" მიერ კლერმონში ნაჩვენებ შედეგზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, გახდება თუ არა გორგოძე 2013 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბე.
ქართველ მორაგბეთა კიდევ ერთი გუნდი, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" შინ მიიღებს ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს".
ჩვენებურთა ეს გუნდი საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდება ლესტერელებს და, სავარაუდოდ, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.
"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ განაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად, "ჰაინეკენის თასსაც" უმიზნებს.
ტულონელები "აბეზარი პატრონის" გულისწადილს ნელ-ნელა, მიზანმიმართულად ახორციელებენ.
საინტერესოა, რომ "ტულონისა" და "ლესტერ ტაიგერზის" მატჩში ინგლისელი მგეზავების ჯონი ვილკინსონისა და ტობი ფლუდის დუელი შედგება. ისინი წლების განმავლობაში ერთად იცავდნენ "პომების" ღირსებას. ტობი მეტწილად "ვილკოს" დუბლიორი იყო.
ქართველი მორაგბეებიდან მატჩში მხოლოდ ჩილაჩავა ითამაშებს, ის სათადარიგოთა შორისაა, მიქაუტაძე და ქუბრიაშვილი განაცხადში არ არიან.
ჰაინეკენის თასი
მეოთხედფინალი
კლერმონი-მონპელიე, სარასენზი-ალსტერი, ჰარლიქვინზი-მანსტერი, ტულონი-ლესტერი
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და ორივეს თამაში სტუმრად უწევს.
საფრანგეთის ჩემპიონმა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" "ჰაინეკენის თასის" ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში გადაერთო.
ტულუზელებისთვის წლეულს მთავარი ამოცანა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაა და ამიტომ "პერპინიანთან" საასპარეზოდ გუნდის თავკაცმა გი ნოვემ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა.
ბრეგვაძე და კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში არიან.
საფრანგეთის ჩემპიონატში პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელმაც "ემლინ ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ტურნირი უდანაკარგოდ განვლო და ეცდება, პარიზში ეს თასი მაინც ჩაიტანოს.
ჩვენებურის გუნდს მეოთხედფინალში სტუმრად უწევს თამაში ინგლისურ "ბასისთან". ჟვანია სათადარიგოთა შორისაა.
ემლინ ჩელენჯ კაპი
მეოთხედფინალი
გლოსტერი-ბიარიცი, ლონდონ ვოსფსი-ლენსტერი, პერპინიანი-ტულუზი, ბასი-სტად ფრანსე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"