ჩვენებურთა გუნდებიდან დღესდღეობით საუკეთესო მაჩვენებელი დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს" აქვს, რომელიც 78 ქულით მესამე ადგილზეა.
ბრიველებმა 26-ე ტურში სტუმრად დაამარცხეს "კოლომიე" - 18:16. ყველა ქულა სტუმართა გუნდს გარემარბმა ჟულიენ კამინატიმ მოუტანა (ექვსი საჯარიმო).
შველიძე და ნატრიაშვილი მოედანზე ერთდროულად, 54-ე წუთიდან გამოჩნდნენ, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაში დაძაბული გამოვიდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა.
ასეიშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ნაცარაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილი - 69-ეზე.
66-66 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ "ქართული გუნდები": "ლიონი" და "ტარბი". გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმად წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 20:23. ქართველი განაცხადში არ იყო.
გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ჩხაიძის "ტარბი" შინ დამარცხდა "ოშთან" - 14:16.
ნემსაძემ და ჩხაიძემ სრულად ითამაშეს. ნემსაძე არბიტრმა 41-ე წუთზე გაასინბინა, მირცხულავა და დადუნაშვილი მოედანზე ერთდროულად, 50-ე წუთიდან გამოჩნდნენ.
სულ უფრო უარესდება ალექსანდრე თოდუას, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "ალბის" სატურნირო მდგომარეობა. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 11:14.
თეთრაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძე მე-60 წუთზე შეცვალეს, თოდუამ მოედანზე 12 წუთით მეტი დაჰყო, კობერიძე და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.
31 ქულით ბოლო ადგილზეა და დივიზიონის დატოვების საფრთხე რეალურად ემუქრება შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის".
პარიზელებმა 26-ე ტურში სტუმრად წააგეს მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 27:44. აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, სამ წუთში კი თამაშში სუთიაშვილი ჩაერთო.
"მასის" ცხრა ქულით უსწრებს და მე-14 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 8:12.
ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ლანგედოკელებს ერთი ქულით უსწრებს და ერთი საფეხურით წინ არის ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც შინ შეძლო "ექსის" დამარცხება - 25:15.
რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
II დივიზიონი
XXVI ტური
ტარბი-ოში 14:16, დაქსი-ექსი 25:15, კარკასონი-ბეზიე 12:8, ორიაკი-პო 21:18, ალბი-ნარბონი 11:14, ლა როშელი-მასი 44:27, ოიონაქსი-ლიონი 23:20, კოლომიე-ბრივი 16:18.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ოიონაქსი - 101 ქულა, 2. ლა როშელი - 82, 3. ბრივი - 78, 4. პო - 76, 5. ორიაკი - 69, 6. ლიონი - 66, 7. ტარბი - 66, 8. კარკასონი - 64, 9. ნარბონი - 62, 10. კოლომიე - 57, 11. ალბი - 54, 12. ოში - 45, 13. დაქსი - 41, 14. ბეზიე - 40, 15. ექსი - 38, 16. მასი - 31.
* * *
კელტთა ლიგაში გასულ უქმეებზე შესვენება იყო. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" ტრადიციულ შვიდკაცა ტურნირზე იასპარეზა, რომელშიც საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ედინბურგელთა შვიდკაცა რაგბის გუნდში ბასილაიამაც ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"