ლეგიონი საფრანგეთში: ხუთი პლეი ოფში, ოთხი ქვედა დივიზიონში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა.

პლეი ოფის მერვედფინალში ქართველ მორაგბეთა ხუთმა გუნდმა გააღწია და ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ესენია: "მაკონი", "რომანი", "სენ ნაზერი", "პერიგო" და "სენტ ეტიენი". ამასთან ერთად, დივიზიონის დატოვება ოთხ "ქართულ გუნდს": "სტრასბურს", "შატორენარს", "მარმანდს" და "სენ ჟუნიენს" მოუწევს.

A ჯგუფში წარმატებას ორმა "ქართულმა გუნდმა" მიაღწია - "მაკონმა" და "სენტ ეტიენმა".

რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რევაზ ჟღენტისა და გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენს" შინ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა შოთა
მელიქიძისა
და ავთანდილ კოპალიანის "მაკონისთან" მატჩში.

მასპინძლებმა ეს მოახერხეს კიდეც - 34:26. არადა, 47-ე წუთისთვის 26:6-ს აგებდნენ.

გარდატეხას სენტეტიენელებმა დასკვნით 20 წუთში მიაღწიეს. მათ ზედიზედ სამი ლელო გაიტანეს და პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდეს.

კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, გაბელია თამაშში მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჩაერთო, მელიქიძე და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.

მერვედფინალში "მაკონის" მეტოქე "ნევერი" იქნება, "სენტ ეტიენი" კი გათამაშების ფავორიტს, "მონტობანს" დაუპირისპირდება.

A ჯგუფში პლეი ოფს მიღმა დარჩნენ "მონლუსონი" და "შალონი", რომლებმაც შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმა" ბოლო ტურში გიორგი სულუაშვილის "სტრასბურს" უმასპინძლა და 32:5 მოუგო.

გიგაურმა სრულად ითამაშა, ყუფარაძე 64-ე წუთზე შეცვალეს, სულუაშვილი განაცხადში არ იყო. "სტრასბური", ისე, რომ ერთი მატჩიც არ მოუგია, დივიზიონიდან გავარდა.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" სტუმრად დამარცხდა პირველადგილოსან "ლილთან" - 12:22.

შეგახსენებთ, რომ "ლილის" ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. ჯაშიტაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 44-ე წუთიდან გამოჩნდა.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-ბობინი 52:3, დიჟონი-ვიენი 9:6, მონლუსონი-სტრასბური 32:5, ლილი-შალონი 22:12, სენტ ეტიენი-მაკონი 34:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 74 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 72, 3. მაკონი - 48, 4. სენტ ეტიენი - 44, 5. მონლუსონი - 39, 6. შალონი - 38, 7. ბობინი - 36, 8. დიჟონი - 35, 9. ვიენი - 33, 10. სტრასბური - 2.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან პლეი ოფში მხოლოდ ერთმა, ირაკლი ნინიძის "რომანმა" გააღწია, რომელმაც საბოლოოდ 49 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

რომანელებმა ბოლო ტურში სტუმრად ფრედ ითამაშეს "აგდისთან" - 34:34. ნინიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

"რომანი" მერვედფინალში შინ მიიღებს შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს", რომელიც C ჯგუფის ბინადარი იყო. დივიზიონის დატოვება მოუწევს გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს", რომელმაც 26 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ჩვენებურის ამ გუნდმა ბოლო ტურში სტუმრად წააგო თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენასთან" - 14:42.

გელანტია 41-ე წუთზე შეცვალეს, კუთარაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ექვსი წუთის შემდეგ მოედანზე ურჯუკაშვილიც გამოჩნდა.

"ობენა" 44 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა და ერთი ქულით ჩამორჩა პლეი ოფში გასულ მეოთხეადგილოსან "ლა სეინს".

კიდევ ერთი ქართველის, დავით კაჭარავას "როდეზმა" შინ წააგო პირველადგილოსან "ბურგუენთან" - 12:35. კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

B ჯგუფი
ბლანიაკი-ვალანსი 19:17, ობენა-შატორენარი 42:14, აგდი-რომანი 34:34, როდეზი-ბურგუენი 12:35, ლავორი-ლა სეინი 19:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 79 ქულა, 2. ვალანსი - 51, 3. რომანი - 49, 4. ლა სეინი - 45, 5. ობენა - 44, 6. ბლანიაკი - 39, 7. ლავორი - 36, 8. როდეზი - 33, 9. აგდი - 30, 10. შატორენარი - 26.

C ჯგუფში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლეი ოფში "სენ ნაზერმა" გააღწია. ამ გუნდთან ერთად მეორე დივიზიონში აღზევებისთვის განაგრძობს ბრძოლას თედო ზიბზიბაძის "პერიგოც", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა "ლანჟონი" 34:26 და 62 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

ზიბზიბაძე თადარიგში იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

პერიგოელთა მეტოქე მერვედფინალში "ვალანსი" იქნება. "სენ ნაზერის" მომავალ მეტოქეზე უკვე ვთქვით.

ამ გუნდმა ბოლო ტურში შინ დიდი ანგარიშით მოუგო "ნუარს" - 56:7. გუჯარაიძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 79-ე წუთზე ლელო გაიტანა, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.

ბოლო ადგილზე გავიდა და ფედერალ 1 დივიზიონის დატოვება მოუწევს ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდს", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად წააგო "სენ ჟან დე ლუზთან" - 14:40. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

C ჯგუფი
ლანჟონი-პერიგო 26:34, სენ ნაზერი-ნუარი 56:7, სენ ჟან დანჟელი-ვანი 19:19, სენ ჟან დე ლუზი-მარმანდი 40:14, ტიროსი-აგეტმო 28:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 72 ქულა, 2. სენ ნაზერი - 66, 3. პერიგო - 62, 4. სენ ჟან დე ლუზი - 45, 5. ვანი - 41, 6. ლანჟონი - 38, 7. სენ ჟან დანჟელი - 29, 8. აგეტმო - 28, 9. ნუარი - 26, 10. მარმანდი - 20.

დივიზიონის დატოვება მოუწევს D ჯგუფში მოასპარეზე კიდევ ერთ "ქართულ გუნდს". მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად წააგო "სენ მედართან" 19:28, საბოლოოდ 23 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზე გავიდა.

რვა ქულით მეტი დააგროვა და გათამაშება მე-8 ადგილზე დაასრულა სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერემ", რომელმაც ბოლო ტურში შინ წააგო "ნევერთან" - 14:31.

D ჯგუფი
მონტობანი-ოლორონი 57:26, კასტანე-ლანამეზანი 46:10, ლიმოჟი-ლურდი 23:27, ბაგნერე-ნევერი 14:31, სენ მედარი-სენ ჟუნიენი 28:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 74 ქულა, 2. ნევერი - 65, 3. კასტანე - 47, 4. ოლორონი - 44, 5. ლიმოჟი - 40, 6. ლურდი - 38, 7. ლანამეზანი - 37, 8. ბაგნერე - 31, 9. სენ მედარი - 30, 10. სენ ჟუნიენი - 23.

მერვედფინალი
დიჟონი-ლილი, რომანი-სენ ნაზერი, კასტანე-ბურგ ან ბრესი, ლა სეინი-ტიროსი, მაკონი-ნევერი, სენ ჟან და ლუზი-ბურგუენი, პერიგო-ვალანსი, სენტ ეტიენი-მონტობანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული