რამდენი ქართველი ითამაშებს საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტური დარჩა.

პლეი ოფში უკვე დაიბევეს ადგილი ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, "ტულონმა", "კლერმონმა" და "ტულუზმა". ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აქვს კიდევ ოთხ გუნდს, ამათგან ორი "ქართულია". ესენია: "კასტრი" და "მონპელიე".

პლეი ოფში გასვლისთვის ყველაზე მწვავე ბრძოლების გადატანა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" მოუწევს, რომელიც ახლა 63 ქულით მე-6 ადგილზეა.

ჩვენებურთა ეს გუნდი 24-ე ტურში შინ ეთამაშება ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს". სტუმართა გუნდს, რომელიც საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია, როგორც უკვე ვთქვით,
პლეი ოფის საგზური მოპოვებული აქვს.

მონპელიელებს ამ მატჩში ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება. სამწუხაროდ, გასულ უქმეებზე "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში დაშავდა და სამ კვირას იუქმებს მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი. ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა.

რამდენიმე თამაშის გამოტოვების შემდეგ ისევ ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი, მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლა მამუკა გორგოძემ, ჟღენტი ამჯერად სათადარიგოთა შორისაა. ასევე თადარიგში იქნებიან "ტულუზის" ქართველი მორკინალები კაკოვინი და ბრეგვაძე.

"მონპელიეს" სამი ქულით უსწრებს და მე-4 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც შინ მიიღებს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოს".

უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარ მოედანზე თითქმის დაუმარცხებელი კასტრელები მეტოქეს გაწბილებულს გაისტუმრებენ, რაც პლეი ოფთან კიდევ უფრო დააახლოებს. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორისაა.

ტურის ცენტრალურ მატჩში მეორე ადგილზე მყოფი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" გათამაშების ლიდერს, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" ეთამაშება.

ფრანგული და, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპული რაგბის ორი გიგანტის დაპირისპირება მარსელში "ველოდრომზე" გაიმართება.

ტულონელები მეტოქეს ამჟამად მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. ორივე ეს გუნდი იმავდროულად "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალისტებიც არიან.

გამორიცხული არ არის, "ტულონის" და "კლერმონის" დავა წლეულს ორი ტურნირის ფინალში ვიხილოთ.

"კლერმონმა" "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში "მონპელიე" დაამარცხა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

იმ მატჩში დაშავდნენ და "ტულონთან" ვერ ითამაშებენ ჟულიენ ბონერი, ორელიან რუჟერი და ნაპოლიონი ნალაგა. ტრავმირებულია საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც.

"ტულონს" მეტოქესთან შედარებით ლაზარეთში უკეთესი მდგომარეობა აქვს. მწყობრშია ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი. მიმდინარე სეზონში "ტულონის" მიერ მოპოვებული ქულების 45 პროცენტი სწორედ მისი გარჯის შედეგია.

ჩილაჩავა სათადარიგოთა შორისაა, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.

პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს", რომელიც ახლა 46 ქულით მე-10 ადგილზეა.

პარიზელები 24-ე ტურში სტუმრად ითამაშებენ ერთ-ერთ აუტსაიდერ "აჟენთან", რომლისთვისაც ამ შეხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჟვანია თადარიგშია.

ელიტური, პირველი დივიზიონის დატოვება მოუწევს თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანს", რომელმაც მხოლოდ 15 ქულის დაგროვება შეძლო და ბოლო ადგილზეა.

ჩვენებურის ეს გუნდი შინ მიიღებს "მეტრო რასინგს", რომელიც პლეი ოფში თამაშისთვის იბრძვის. მჭედლიძე განაცხადში არ არის.

I დივიზიონი
XXIV ტური
კასტრი-ბორდო, მონპელიე-ტულუზი, ბაიონი-გრენობლი, აჟენი-სტად ფრანსე, მონ დე მარსანი-მეტრო რასინგი, პერპიანი-ბიარიცი, ტულონი-კლერმონი.
სატურნირო მდგომაროება
1. ტულონი - 82 ქულა, 2. კლერმონი - 80, 3. ტულუზი - 73, 4. კასტრი - 66, 5. მეტრო რასინგი - 63, 6. მონპელიე - 63, 7. პერპინიანი - 57, 8. ბიარიცი - 51, 9. გრენობლი - 49, 10. სტად ფრანსე - 46, 11. ბაიონი - 45, 12. ბორდო - 41, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული