გიორგი ნემსაძის და ირაკლი ნატრიაშვილის წყვილი ლელო საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა.

24-ე ტურის შეხვედრებს სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია. პლეი ოფის საგზური სამ "ქართულ გუნდს" - "ტულონს", "კლერმონს" და "ტულუზს" უკვე მოპოვებული აქვს; ორიც - "კასტრი" და "მონპელიე" ბრძოლას განაგრძობს.

24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელში, "ველოდრომზე" გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერმა - დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" მეორეადგილოსანს - დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" უმასპინძლა.

სპეციალისტთა უმრავლესობა ამ მატჩს ფინალის რეპეტიციად მიიჩნევდა, თუმცა ასეთად ვერაფრით ჩავთვლით, რადგან
სხვადასხვა მიზეზის გამო "კლერმონი" სათამაშოდ სათადარიგო გუნდით გავიდა.

მიუხედავად ამისა, "ვულკანებმა" ლიდერს ტოლი არაფერში დაუდეს, პირიქით, თამაშის მსვლელობისას უგებდნენ კიდეც.

უჩვეულოდ ცუდად ურტყამდა საჯარიმოებს ტულონელთა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი. ამიტომაც 76-ე წუთზე, როცა სტუმრები 26:23-ს იგებდნენ, საჯარიმოს დარტყმა ავსტრალიელ შუამარბ მეთ გიტოს ანდეს. მან საკმაოდ ხელსაყელი პოზიციიდან ძელს გაარტყა, თუმცა იქიდან ასხლეტილმა ბურთმა მაინც ძელებს შორს გაიარა და მასპინძლები მარცხისგან იხსნა - 26:26.

შედეგად, "ტულონმა" ლიდერობა შეინარჩუნა. ჩილაჩავა მასპინძელთა გუნდის თადარიგში იყო, თუმცა არ უთამაშია; ვიქტორ კოლელიშვილი ტრავმირებული ალექსანდრ ლაპანდრის ნაცვლად მოედანზე მე-13 წუთზე შევიდა და შესანიშნავად გაისარჯა; ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონთან, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" მატჩში - 10:8.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რამდენად უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა მოედანზე. მარცხის ფასი მასპინძლებისთვის ძალიან ძვირი იყო და ამიტომ მონპელიელები უაღრესად ყურადღებით ირჯებოდნენ. სწორედ ამის შედეგია, რომ პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით - 3:0 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ, რვა წუთში "მონპელიე" უკვე შვიდ ქულას იგებდა - 10:3. ეს ანგარიში მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით შენარჩუნებული იყო.

ტულუზელებმა თამაშის მიწურულს მარცხისგან თავის დაღწევა სცადეს, ლელოს გატანა მოახერხეს, მაგრამ ვერ გარდასახეს და ორი ქულით წააგეს.

"მონპელიე" ამ გამარჯვების შემდეგ 67 ქულით მე-6 ადგილზეა და უახლოეს მდევარ "პერპინიანს" ექვსი ქულით უსწრებს. პლეი ოფში ადგილის გასანაღდებლად ჩვენებურთა ამ გუნდს დარჩენილ ორ ტურში ერთი მოგებაც ყოფნის.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი ტულუზელთა რიგებში ათი წუთით ადრე გამოჩნდა, შეცვლაზე შევიდნენ ჟღენტი და ბრეგვაძეც, შესაბამისად, 63-ე და 69-ე წუთებზე.

"მონპელიეს" ერთი ქულით უსწრებს და მე-4 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 23:23.

მონპელიელთა მსგავსად, "კასტრსაც" პლეი ოფში გასასვლელად ერთი გამარჯვება ჰყოფნის, რასაც, სავარაუდოდ, იოლად მიაღწევს მომდევნო ტურში, როცა შინ დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "მონ დე მარსანს" დაუპირისპირდება.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი, სტუმრად დაამარცხა "აჟენი" - 28:20.

ჟვანია თადარიგში იყო და მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა.

თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა", რომელმაც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი ჯერ კიდევ სამი ტურის წინათ დაიბევა, შინ წააგო "მეტრო რასინგთან" - 9:34.

მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი. XXIV ტური
კასტრი-ბორდო 23:23, მონპელიე-ტულუზი 10:8, ბაიონი-გრენობლი 31:24, აჟენი-სტად ფრანსე 20:28, მონ დე მარსანი-მეტრო რასინგი 9:34, პერპინიანი-ბიარიცი 33:28, ტულონი-კლერმონი 26:26.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულონი - 84 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულუზი - 74, 4. კასტრი - 68, 5. მეტრო რასინგი - 68, 6. მონპელიე - 67, 7. პერპინიანი - 61, 8. ბიარიცი - 52, 9. გრენობლი - 50, 10. სტად ფრანსე - 50, 11. ბაიონი - 49, 12. ბორდო - 43, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.

* * *
მეორე დივიზიონში 27-ე ტურის ყველა მატჩში მასპინძლებმა მოიგეს. შეგახსენებთ, რომ აქ პირველი დივიზიონის საგზური უკვე მოიპოვა "ოიონაქსმა", რომელსაც პირველ ადგილს ვერავინ ეცილება და, შესაბამისად, ელიტაში თამაშის უფლება ავტომატურად მიიღო.

დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი პლეი ოფი გაიმართება, სადაც მეორე-მეხუთე ადგილზე გასული გუნდები იასპარეზებენ.

საპლეიოფო ოთხი ადგილისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ესენია: "ბრივი", "პო", "ორიაკი", "ლიონი" და "ტარბი".

ჩვენებურთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს" აქვს, რომელმაც შინ დაამარცხა ლიდერი "ოიონაქსი" - 30:29.

მასპინძლები 76-ე წუთამდე 29:23-ს აგებდნენ. ლელო, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა, ირაკლი ნატრიაშვილმა გაიტანა. ის სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. ერთი წუთით ადრე კი შველიძე შეცვალეს; ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"ბრივს" 82 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა მამუკა მაგრაქველიძის "პო", რომელმაც შინ დაამარცხა მეორეადგილოსანი "ლა როშელი" - 40:25. მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო.

"პოს" 73 ქულით კვალში უდგას ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ სძლია "კარკასონს" - 32:17.

სტუმრებმა ორიაკელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც ფრედ დასრულდა - 9:9. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის ტემპს უმატეს და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს.

ასეიშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა მოედანზე 19 წუთით მეტი დაჰყო, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

71-71 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ "ლიონი" და "ტარბი". გურამ კავთიძის "ლიონმა" შინ დაამარცხა აუტსაიდერი, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" - 32:25.

პარიზელებმა მასპინძლებს ნამდვილი ბრძოლა პირველ ნახევარში გაუმართეს, თუმცა მინიმალური სხვაობით მაინც წააგეს - 12:13. მეორე ტაიმში "ლიონმა" სამი ლელოს გატანა მოახერხა, რასაც "მასი" საჯარიმოებით პასუხობდა.

სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, კავთიძე მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა და არბიტრმა ორ წუთში გაასინბინა. მასთან ერთად ათი წუთით გააძევეს აშვეთიაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და დავით დადუნაშვილის "ტარბმა" საკუთარ მოედანზე მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერს, ტარიელ რატიანიძის "დაქსს" - 44:12.

ნემსაძემ, რომელიც თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო, 79-ე წუთზე ლელო გაიტანა; ჩხაიძემ სრულად ითამაშა, დადუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავამ მოედანზე სამი წუთით მეტი დაჰყო. ძირითად შემადგენლობაში იყო რატიანიძეც, რომელიც 75-ე წუთზე გაასინბინეს.

ალექსანდრე თოდუას, ვახტან მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბი", რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი, სტუმრად დამარცხდა "ექსთან" - 12:27.

მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ახობაძე და თეთრაშვილი ერთდროულად, 41-ე წუთზე შეცვალეს, თოდუა მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, კობერიძე განაცხადში არ იყო.

დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ბექა შეყლაშვილის "ბეზიე". ლანგედოკელებმა 27-ე ტურში შინ დაამარცხეს "კოლომიე" 23:9 და ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. შეყლაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი. XXVII ტური
ორიაკი-კარკასონი 32:17, ტარბი-დაქსი 44:12, ბეზიე-კოლომიე 23:9, ლიონი-მასი 32:25, ექსი-ალბი 27:12, ნარბონი-ოში 31:15, ბრივი-ოიონაქსი 30:29, პო-ლა როშელი 40:25.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ოიონაქსი - 102 ქულა, 2. ლა როშელი - 82, 3. ბრივი - 82, 4. პო - 80, 5. ორიაკი - 73, 6. ლიონი - 71, 7. ტარბი - 71, 8. ნარბონი - 66. 9. კარკასონი - 64, 10. კოლომიე - 57, 11. ალბი - 54, 12. ოში - 45, 13. ბეზიე - 45, 14. ექსი - 42, 15. დაქსი - 41, 16. მასი - 32.

* * *
კელტთა ლიგის გათამაშების მე-20 ტურში ისევ დამარცხდა დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი". საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის გუნდმა შინ წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 24:32 და ახლა 32 ქულით მისთვის უჩვეულო, მე-10 ადგილზეა.

ბასილაია განაცხადში არ იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული