ზირაქაშვილი VS ქუბრიაშვილი - ქართული ფინალი "ჰაინეკენის თასზე"

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას ქართველ მორაგბეთა ფრანგული კლუბები. "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" ტურნირების ფინალში ოთხი გუნდიდან სამი ფრანგულია და სამივეში ქართველები ასპარეზობენ.

ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ფინალში "ტულონი" და "კლერმონი" ითამაშებენ. "ემლინ ჩელენჯ კაპზე" კი "სტად ფრანსეს" ირლანდიური "ლენსტერი" დაუპირისპირდება.

* * *
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" ნახევარფინალში ირლანდიურ "მანსტერს" უმასპინძლა და 16:10 მოუგო. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა.

"ვულკანები" მაქსიმალურად მობილიზებულად ირჯებოდნენ და მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდნენ. შედეგად, "კლერმონმა"
შინ ზედიზედ მე-60 მატჩი მოიგო.

ზირაქაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

"კლერმონის" მეტოქე ფინალში, რომელიც დუბლინში "ავივა სთედიუმზე" 18 მაისს გაიმართება, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" იქნება.

მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის ვარსკვლავურმა გუნდმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის საუკეთესო კლუბი "სარასენზი" - 24:12.

ფრანგულ კლუბს ყველა, 24 ქულა ინგლისელმა მგეზავმა, თანამედროვე რაგბის მეგავარსკვლავმა ჯონი ვილკინსონმა მოუტანა. "ვილკო" არა მარტო კარში დარტყმებით გამოირჩეოდა, ის ძველებურად უნარიანად გეზავდა გუნდის თამაშს. მურად ბურჯელალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ის "როლინგ სტოუნზს" შეადარა - ორივე უბერებელია და მუდამ აქტუალურიო.

ქუბრიაშვილი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

ჰაინეკენის თასი
ნახ
ვარფინალი
სარასენზი-ტულონი 12:24
კლერმონი-მანსტერი 16:10

ფინალი
კლერმონი-ტულონი

* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ნახევარფინალში ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" სტუმრად დაამარცხა კატალონიური "პერპინიანი" - 25:22. ჟვანია განაცხადში არ იყო.

პარიზელების მეტოქე, როგორც უკვე ვთქვით, ირლანდიური "ლენსტერი" იქნება, რომელმაც შინ დამაჯერებლად მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 44:16. ფინალი დუბლინში, "RDS სთედიუმზე" 17 მაისს გაიმართება.

ემლინ ჩელენჯ კაპი
ნახევარფინალი
პერპინიანი-სტად ფრანსე 22:25
ლენსტერი-ბიარიცი 44:16

ფინალი
სტად ფრანსე-ლენსტერი

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტური დარჩა.

პირველი დივიზიონის ერთი საგზური უკვე ავტომატურად მიიღო პირველადგილოსანმა "ოიონაქსმა", რომელიც მეტოქეთათვის დიდი ხანია, მიუწვდომელია. დარჩენილი ერთი ადგილისთვის კი მომდევნო ოთხი გუნდი იბრძოლებს.

პლეი ოფში თამაშის უფლება სამმა გუნდმა რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ამათგან ორი ქართველი მორაგბეებისაა, "ბრივი" და "პო". პლეი ოფის კიდევ ერთი საგზურისთვის კი კიდევ ორი "ქართული გუნდი" - "ორიაკი" და "ტარბი" იბრძვის.

ჩვენებურთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელმაც შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ლა როშელი" - 31:10 და ახლა 90 ქულით მეორე ადგილზეა.

შველიძემ, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს, მეორე წუთზე ლელო გაიტანა, 47-ე წუთზე კი არბიტრმა გაასინბინა; ნატრიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"ბრივს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა მამუკა მაგრაქველიძის "პო", რომელმაც სტუმრად დაამარცხა გურამ კავთიძის "პო" - 26:19. ამ მარცხის შედეგად ლიონელებმა პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს.

კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა იქამდე, 24-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა. მაგრაქველიძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" 81 ქულით მეხუთე ადგილზეა და შესანიშნავი შანსი აქვს, პლეი ოფში მოხვდეს. ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში შინ დაამარცხა "ოში" - 12:6.

დათუნაშვილმა და ნაცარაშვილმა სრულად ითამაშეს. ეს უკანასკნელი მატჩის არბიტრმა 71-ე წუთზე მოედნიდან ათი წუთით გააძევა; ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

ორიაკელებს კვალში უდგას გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით მოუგო "კოლომიეს" - 41:14. ნემსაძემ და ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, დადუნაშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ნარბონი" - 39:37. მიუხედავად ამისა, პარიზელებს დივიზიონის დატოვება მაინც მოუწევთ. აშვეთია თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, სუთიაშვილი განაცხადში არ იყო.

მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელიც 43 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ლანგედოკელები 29-ე ტურში სტუმრად დამარცხდნენ "ოიონაქსთან" - 3:38. ბოლო ტურში კი, შინ მიიღებენ პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "ორიაკს". მარცხის შემთხვევაში "ბეზიე" დივიზიონს დატოვებს. შეყლაშვილს არ უთამაშია.

დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა ტარიელ რატიანიძის "დაქსმა", რომელმაც შინ დაამარცხა უმოტივაციოდ დარჩენილი ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბი" - 30:18. რატიანიძე და თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ; თოდუას, მაისურაძეს, ახობაძესა და კობერიძეს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი
XXIX ტური
ორიაკი-ოში 12:6, კარკასონი-ექსი 16:15, ოიონაქსი-ბეზიე 38:3, დაქსი-ალბი 30:18, ტარბი-კოლომიე 41:14, მასი-ნარბონი 39:37, ბრივი-ლა როშელი 31:10, ლიონი-პო 19:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 111 ქულა, 2. ბრივი - 90, 3. პო - 88, 4. ლა როშელი - 87, 5. ორიაკი - 81, 6. ტარბი - 76, 7. ლიონი - 72, 8. ნარბონი - 69, 9. კარკასონი - 69, 10. კოლომიე - 61, 11. ალბი - 55, 12. დაქსი - 49, 13. ოში - 46, 14. ექსი - 44, 15. ბეზიე - 43, 16. მასი - 37.

XXX ტური
ექსი-ბრივი, კოლომიე-მასი, ნარბონი-ტარბი, კარკასონი-ლიონი, ოში-დაქსი, ალბი-ლა როშელი, პო-ოიონაქსი, ბეზიე-ორიაკი.

* * *
ფედერალ 1 დივიზიონში მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ეს ეტაპი წარმატებით გადალახა და ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "სენ ნაზერი" და "პერიგო".

ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერმა" ორი მატჩის ჯამში გათამაშებას ირაკლი ნინიძის "რომანი" გამოთიშა. სენნაზერელებს პირველი შეხვედრა სტუმრად ორი ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული და განმეორებით მატჩში, შინ სრული რევანში აიღეს - 39:15. "სენ ნაზერი" მეოთხედფინალში "ლილს" დაუპირისპირდება. გუჯარაიძემ სრულად ითამაშა, ცხოვრებაშვილი და ნინიძე განაცხადში არ იყვნენ.

თედო ზიბზიბაძის "პერიგოს" შედარებით გაუჭირდა. პერიგოელებმა პირველი შეხვედრა შინ ორი ქულის სხვაობით მოუგეს "ვალანსს", სტუმრად კი ასევე ორი ქულით წააგეს - 16:18. ვინაიდან ჩვენებურის გუნდმა მეტოქეზე მეტი ლელოს გატანა მოახერხა, მეოთხედფინალში სწორედ ის გავიდა. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

"პერიგოს" მეტოქე მეოთხედფინალში გათამაშების ფავორიტი "მონტობანი" იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში იოლად სძლია გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "სენტ ეტიენს".

ფედერალ 1
1/8-ფინალი
დიჟონი-ლილი 0:60 (16:0), რომანი-სენ ნაზერი 15:39 (27:25), კასტანე-ბურგ ან ბრესი 6:23 (11:18), ლა სეინი-ტიროსი 11:39 (16:13), მაკონი-ნევერი 0:16 (14:27), სენ ჟან დე ლუზი-ბურგუენი 8:52 (22:22), პერიგო-ვალანსი 16:18 (25:23), სენტ ეტიენი-მონტობანი 54:3 (9:15).

1/4-ფინალი
ლილი-სენ ნაზერი, ბურგ ან ბრესი-ტიროსი, ნევერი-ბურგუენი, პერიგო-მონტობანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული