ლეგიონი საფრანგეთში: მწვავე ბრძოლა მასპინძლობისთვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლო, 26-ე ტური გაიმართება.

პლეი ოფის ყველა მონაწილის ვინაობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაირკვა. დასადგენი ახლა ისღაა, ვინ იქნება მასპინძელი. ცნობილია პირველი დივიზიონის ორი ხელმოცარული გუნდიც. ესენია: "აჟენი" და თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი".

საფრანგეთის ჩემპიონობისთვის პლეი ოფში ექვსი გუნდი იბრძოლებს. აქედან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა: "კლერმონი", "ტულონი", "ტულუზი", "კასტრი" და "მონპელიე".

ერთადერთი "არაქართული გუნდი" ვინც მოწინავეთა შორის გაერია, პარიზული "მეტრო რასინგია". თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდთან უკვე კონტრაქტი გააფორმა და ახალი
სეზონიდან პარიზელთა ღირსებას დაიცავს საქართველოს ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც ამჟამად მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" თამაშობს.

უკვე ცნობილია, რომ "კლერმონი" და "ტულონი", როგორც საუკეთესო ორი გუნდი, პირდაპირ ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ნახევარფინალის შესარჩევი მატჩების მასპინძლობისთვის კი გაცხარებული ბრძოლაა გაჩაღებული. ამის უფლებას ის გუნდები მიიღებენ, ვინც მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულებენ რეგულარულ გათამაშებას. ბოლო ტურისთვის შანსი ოთხივე პრეტენდენტს აქვს.

ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ქვეყნის ჩემპიონი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზია", რომელიც 74 ქულით მესამე ადგილზეა.

ტულუზელები ბოლო ტურში შინ მიიღებენ უმოტივაციოდ დარჩენილ "გრენობლს" და სავარაუდოდ, დაამარცხებენ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი ოფში სტუმრად მოუწევთ თამაში.

საინტერესო ბრძოლა გაიმართება პარიზში, სადაც მეხუთეადგილოსანი "მეტრო რასინგი" უშუალო კონკურენტს, მეოთხეადგილოსან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" უმასპინძლებს. ორივეს გამარჯვება სჭირდება, თანაც აუცილებლად პრემიალური ქულით. პარიზელები, მარცხის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, მეექვსე ადგილზე აღმოჩნდნენ, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პლეი ოფში მეხუთეადგილოსანსაც სტუმრად უწევს თამაში.

"კასტრმა", რომელიც "მეტრო რასინგს" ოთხი ქულით უსწრებს, მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ უნდა მისცეს.

ხოლო თუ იმავეს თვითონ მოახერხებს, შესაძლებელია მესამე ადგილსაც გამოჰკრას ხელი.

ფეიქრიშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს და, სავარაუდოდ, ითამაშებს კიდეც.

ამ გუნდების დავაში ჩარევა რეალურად შეუძლია მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს", რომელიც უახლოეს მდევარს, თუმცა უმოტივაციოდ დარჩენილ "პერპინიანს" მასპინძლობს.

ჩვენებურთა ამ გუნდს, რომელიც 68 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო შემთხვევაში მეოთხე ადგილის დაკავება შეუძლია, რაც პლეი ოფში შინ თამაშის უფლებას მისცემს.

გორგოძე და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ჟღენტი განაცხადში არ არის.

გათამაშების ლიდერი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ბოლო ტურში შინ ეთამაშება "ბორდოს", რომელიც ბოლოდან მესამე ადგილზეა.

"ვულკანები", ცხადია, პირველი ადგილის შენარჩუნებას შეეცდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ძირითადის მოთამაშეებს დაასვენებენ, რადგან პლეი ოფის მატჩების გარდა, 18 მაისს "ჰაინეკენის თასის" ფინალი აქვთ სათამაშო.

ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა აქვს დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს", რომელიც დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "აჟენს" უმასპინძლებს.

ცხადია, ამ მატჩში ტულონელთა გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, თუმცა ძალების დაზოგვა მათაც მართებთ, რადგან "ჰაინეკენის თასის" ფინალში "კლერმონის" მეტოქეები სწორედ ისინი არიან.

გაფართოებულ შემადგენლობაში ქუბრიაშვილი და ჩილაჩავა მოხვდნენ, მიქაუტაძე განაცხადში არ იქნება.

სრულიად უსარგებლო მატჩებს გამართავენ ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" და თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომლებიც შესაბამისად ბასკურ გუნდებს, "ბიარიცს" და "ბაიონს" დაუპირისპირდებიან.

I დივიზიონი
XXVI ტური
მეტრო რასინგი-კასტრი, ტულონი-აჟენი, ტულუზი-გრენობლი, მონპელიე-პერპინიანი, კლერმონი-ბორდო, ბიარიცი-სტად ფრანსე, მონ დე მარსანი-ბაიონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 86 ქულა, 2. ტულონი - 85, 3. ტულუზი - 74, 4. კასტრი - 73, 5. მეტრო რასინგი - 69, 6. მონპელიე - 68, 7. პერპინიანი - 61, 8. გრენობლი - 54, 9. სტად ფრანსე - 54, 10. ბაიონი - 53, 11. ბიარიცი - 52, 12. ბორდო - 47, 13. აჟენი - 31, 14. მონ დე მარსანი - 15.

ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართება ელიტურ, მეორე დივიზიონშიც. აქ პირველი დივიზიონის ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა გარკვეულია. ეს პირველ ადგილზე გასული "ოიონაქსია".

დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლა ოთხმა გუნდმა უნდა განაგრძოს. სამის ვინაობა უკვე ცნობილია. მათგან ორი ქართველი მორაგბეებისაა, "ბრივი" და "პო". კიდევ ერთი საგზურისთვის ასევე ორი "ქართული გუნდი" იბრძვის. ესენია: "ორიაკი" და "ტარბი".

ამ ორ გუნდს შორის უკეთესი პოზიცია ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 81 ქულით მეხუთე ადგილზეა და გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბს" ხუთი ქულით უსწრებს.

ორიაკელებმა ბოლო ტურში სტუმრად "ბეზიესთან" მინიმუმ ერთი პემიალური ქულის აღება მაინც უნდა შეძლონ, რათა პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვონ.

"ტარბი" ამ დროს ასევე სტუმრად ეთამაშება უმოტივაციოდ დარჩენილ "ნარბონს" და უნდა ეცადოს პრემიალური ქულით მოიგოს.

II დივიზიონი
XXX ტური
ექსი-ბრივი, კოლომიე-მასი, კარკასონი-ლიონი, ოში-დაქსი, ალბი-ლა როშელი, პო-ოიონაქსი, ბეზიე-ორიაკი, ნარბონი-ტარბი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 111 ქულა, 2. ბრივი - 90, 3. პო - 88, 4. ლა როშელი - 87, 5. ორიაკი - 81, 6. ტარბი - 76, 7. ლიონი - 72, 8. ნარბონი - 69, 9. კარკასონი - 69, 10. კოლომიე - 61, 11. ალბი - 55, 12. დაქსი - 49, 13. ბეზიე - 47, 14. ოში - 46, 15. ექსი - 44, 16. მასი - 37.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული