ქართველების ხუთი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე "ჰაინეკენის თასის" ფინალი აქვს სათამაშო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში რეგულარული გათამაშება დასრულდა.

ორივე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა კლუბებმა წარმატებით იასპარეზეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო საფრანგეთის ქართული ლეგიონისთვის.

ელიტურ, პირველ დივიზიონში პლეი ოფში ექვსი გუნდი გავიდა. აქედან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა.

"კლერმონი" და "ტულონი", როგორც პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები, პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებენ. "მონპელიეს", "კასტრს" და "ტულუზს" კი ნახევარფინალის შესარჩევი ეტაპის დაძლევა მოუწევთ.

სამწუხაროდ, გვყავს ხელმოცარულიც. თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" ბოლო ადგილი დაიკავა და დივიზიონს დაემშვიდობა.

რეგულარული გათამაშების ბოლო ტური უცნაური გამოდგა. განსაკუთრებით თვალშისაცემია დიდი ანგარიშით დასრულებული მატჩები და უხვლელოიანობა. რვა თამაშში გუნდებმა ჯამში 50 ლელო გაიტანეს, რაც საშუალოდ მატჩში 6,25 ლელოა.

ყველაზე პრინციპული დაპირისპირება პარიზში გაიმართა, სადაც "მეტრო რასინგმა" ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" უმასპინძლა.

კასტრელებმა პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩაატარეს და 16 ქულის სხვაობით 22:6 მოიგეს. მათ შანსი მიეცათ, თამაში პრემიალური ქულით მოეგოთ და მეოთხე ადგილზე გასვლით პლეი ოფის მატჩში შინ ეთამაშათ. თუმცა შესვენების შემდეგ კასტრელები გაათკეცებული მონდომებით ამოქმედდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით წაგება მოახერხეს - 28:29. შედეგად, ჩვენებურის გუნდმა, რომელიც თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ერთი პრემიალური ქულა მოიპოვა და მე-4 ადგილი დაიბევა.

"მეტრო რასინგი" კი მეექვსე ადგილს დასჯერდა, რადგან მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა "პერპინიანი" - 50:22.

მატჩის 52-ე წუთამდე მონპელიელები 29:0-ს იგებდნენ. კატალონიური გუნდისგან ასეთ სუსტ წინააღმდეგობას არავინ ელოდა და მასპინძლებმაც გაილაღეს, მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან ორი ფულბეკი მარტინ ბუსტოს მოიანოს ანგარიშზეა. ეს არგენტინელი ყველაზე უხვქულიანი აღმოჩნდა. მან ორ ლელოსთან ერთად, ექვსი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა (25 ქულა).

შედეგად, "მონპელიე" მეხუთე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში გამსვლელ მატჩში სტუმრად დაუპირისპირდება "კასტრს".

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი განაცხადში არ იყო.

მეექვსე ადგილზე გასული "მეტრო რასინგი" კი ნახევარფინალის პლეი ოფში ასევე სტუმრად დაუპირისპირდება ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს", რომელმაც შინ მოუგო "გრენობლს" - 57:7. მასპინძლებმა, რომლებსაც მესამე ადგილს ვერავინ ეცილებოდა, მატჩი სრულად მობილიზებულებმა წარმართეს და მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად მოედანზე ბრეგვაძე გამოჩნდა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" რეგულარული გათამაშება მოიგო. "ვულკანებმა" დიდი ხნის ლიდერობა "ტულონს" ბოლო ტურებში ჩამოართვეს და საბოლოოდ ერთი ქულით გაუსწრეს. 30-ე ტურში ჩვენებურთა ამ გუნდმა "ბორდო" გაანადგურა - 67:3. ზირაქაშვილი და კოლელიშვილი თამაშში ერთდროულად, 52-ე წუთიდან ჩაერთნენ.

კლერმონელები უახლოეს მატჩს 18 მაისს "ჰაინეკენის თასის" ფინალში გამართავენ. საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში საასპარეზოდ კი "კასტრსა" და "მონპელიეს" შორის გამარჯვებულს დაელოდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე "ჰაინეკენის თასის" ფინალი აქვს სათამაშო დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს". ჩვენებურთა ეს გუნდი "ტულუზსა" და "მეტრო რასინგს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ბოლო ტურში ტულონელებმა დივიზიონიდან გავარდნილ "აჟენს" უმასპინძლეს და 43:21 მოიგეს. სამი ლელო მეტოქეს გარემარბმა ალექსის პალისონმა გაუტანა.

ქუბრიაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა მოედანზე 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

ბოლო ტურებში უმოტივაციოდ დარჩენილმა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" სტუმრად ითამაშა ბასკურ "ბიარიცთან" და 17:52 წააგო. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" თავისი ბოლო მატჩი პირველ დივიზიონში შინ გამართა ბასკურ "ბაიონთან" და 33:36 წააგო. მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
XXVI ტური
მეტრო რასინგი-კასტრი 29:28, ტულონი-აჟენი 43:21, ტულუზი-გრენობლი 57:7, მონპელიე-პერპინიანი 50:22, კლერმონი-ბორდო 67:3, ბიარიცი-სტად ფრანსე 52:17, მონ დე მარსანი-ბაიონი 33:36

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 91 ქულა, 2. ტულონი - 90, 3. ტულუზი - 79, 4. კასტრი - 74, 5. მონპელიე - 73, 6. მეტრო რასინგი - 73, 7. პერპინიანი - 61, 8. ბაიონი - 57, 9. ბიარიცი - 57, 10. სტად ფრანსე - 54, 11. გრენობლი - 54, 12. ბორდო - 47, 13. აჟენი - 31, 14. მონ დე მარსანი - 16.

პლეი ოფი
კასტრი-მონპელიე
ტულუზი-მეტრო რასინგი

* * *
როგორც უკვე ვთქვით, ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა ელიტურ, მეორე დივიზიონშიც. აქ პირველი დივიზიონის ერთი საგზური უკვე მოიპოვა პირველ ადგილზე გასულმა "ოიონაქსმა". მეორე საგზურისთვის კი პლეი ოფში ოთხი გუნდი იბრძოლებს. აქედან სამი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "ბრივი", "ორიაკი" და "პო".

ბოლო ტურში დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" სტუმრად დაამარცხა "ექსი" - 30:25. შედეგად ბრიველებმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარეს, "ექსი" კი დივიზიონს გამოემშვიდობა. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად თამაშში ნატრიაშვილიც ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"ბრივის" მეტოქე ნახევარფინალში ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" იქნება, რომელმაც სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან" - 18:24.

ორიაკელები შვიდ ქულაზე ნაკლებით დამარცხდნენ და ერთი პრემიალური ქულა დაიმსახურეს, რის გამოც უახლოესი მდევრისგან, გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბისგან" მიუწვდომელნი შეიქნენ. ტარბელები ბოლო ტურის მატჩს 7 მაისს გამართავენ "ნარბონთან", თუმცა ამ შეხვედრის შედეგი სატურნირო ცხრილში ვერაფერს შეცვლის.

ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი თამაშში სამი წუთის შემდეგ ჩაერთო, დათუნაშვილსა და ასეიშვილს არ უთამაშიათ.

კიდევ ერთი ნახევარფინალისტი მამუკა მაგრაქველიძის "პოა", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია "ოიონაქსს" - 73:27. მაგრაქველიძე მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა.

"პოს" მეტოქე ნახევარფინალში "ლა როშელი" იქნება, რომელმაც სტუმრად წააგო ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და კახაბერ კობერიძის "ალბისთან" - 21:34. თეთრაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, თოდუამ მოედანი სამი წუთის შემდეგ დატოვა, მაისურაძე თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო, ახობაძე და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
XXX ტური
ექსი-ბრივი 25:30, კოლომიე-მასი 55:27, კარკასონი-ლიონი 52:12, ოში-დაქსი 15:6, ალბი-ლა როშელი 34:21, პო-ოიონაქსი 73:27, ბეზიე-ორიაკი 24:18, ნარბონი-ტარბი (8 მაისს)

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 111 ქულა, 2. ბრივი - 94, 3. პო - 93, 4. ლა როშელი - 87, 5. ორიაკი - 82, 6. ტარბი - 76, 7. კარკასონი - 74, 8. ლიონი - 72, 9. ნარბონი - 69, 10. კოლომიე - 66, 11. ალბი - 59, 12. ბეზიე - 51, 13. ოში - 50, 14. დაქსი - 49, 15. ექსი - 45, 16. მასი - 37.

პლეი ოფი
ბრივი-ორიაკი
პო-ლა როშელი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული