"ბრივმა" კარლენ ასეიშვილი ოფიციალურად გაიფორმა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

ამ ეტაპზე ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია შემორჩენილი და ორივემ წარუმატებლად ითამაშა.

შერკინების ქართველი ბურჯის, ირაკლი ნინიძის "რომანი" შინ დამარცხდა "ლილთან" - 3:12.

განმეორებით შეხვედრაში ნაკლებად სავარაუდოა, რომანელებმა მეტოქეს რამე დააკლონ.

შეგახსენებთ, რომ "ლილის" ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. ნინიძე განაცხადში არ იყო.

ასევე შინ დამარცხდა "მონტობანთან" დაპირისპირებაში თედო ზიბზიბაძის "პერიგო" - 22:27.

ჩვენებურის გუნდს, ცხადია, ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი ისევ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ "მონტობანი" გათამაშების
ყველაზე რეალური ფავორიტია. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ფედერალ 1
1/4-ფინალი

რომანი-ლილი 3:12, ბურგ ან ბრესი-ტიროსი 32:18, ნევერი-ბურგუენი 21:16, პერიგო-მონტობანი 22:27.

ამასობაში საფრანგეთში სატრანსფერო ციებ-ცხელება "გახურდა". გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა", რომელმაც ელიტური მეორე დივიზიონის პლეი ოფში გააღწია, ოფიციალურად განაცხადა, რომ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა შერკინების ქართველ ბურჯ კარლენ ასეიშვილთან.

აღსანიშნავია, რომ "ბრივი" უკვე დატოვა და მომავალი სეზონიდან პარიზულ "მეტრო რასინგში" ითამაშებს საქართველოს ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი. როგორც ჩანს, ბრიველთა ხელმძღვანელები ასეიშვილს მის შემცვლელად მოიაზრებენ.

"მოხარულნი ვართ, რომ ასეიშვილთან მოლაპარაკება შედგა. ის საკმაოდ მძლავრი ახალგაზრდა შერკინების ბურჯია, რომელმაც კარგად იცის, როგორ შეუტიოს და დაცვაშიც შესანიშნავად თამაშობს.

ვფიქრობთ, კარლენს ჩვენი გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია"
- თქვა "ბრივის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა გოდინონმა.

შეგახსენებთ, რომ კარლენ ასეიშვილი წლევანდელ სეზონში მეორე დივიზიონის "ორიაკში" ასპარეზობდა და 24 შეხვედრაში ითამაშა.

დასრულდა "კელტთა ლიგის" რეგულარული გათამაშება, რომელშიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" 36 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

ბოლო ტურში შოტლანდიური რაგბის ყოფილმა ფლაგმანმა შინ მოუგო უელსურ "ნიუპორტს" - 31:24. ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია.

პლეი ოფი
ალსტერი-ჰლანეჰლი, ლენსტერი-გლაზგო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული