ლეგიონი: ქართველები საფრანგეთის ჩემპიონობისთვის რბოლაში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში პირველობისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. აქედან ორი, "ტულონი" და "კლერმონი" პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებს.

სამს კი, ნახევარფინალში გასასვლელ პლეი ოფში უწევს ასპარეზობა. ესენია: "მონპელიე", "კასტრი" და "ტულუზი".

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე", რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში მეხუთე ადგილი დაიკავა, სტუმრად ეთამაშება მეოთხეადგილოსან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ანალოგიურ ეტაპზე უკვე მესამედ უწევთ დაპირისპირება. კასტრელები ბოლო წლებში შესანიშნავად ასპარეზობენ. ისინი ზედიზედ სამჯერ გავიდნენ პლეი ოფში, თუმცა ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ გააღწიეს.

"მონპელიე" საფრანგეთში ავანტიურისტულ გუნდადაა
"მონათლული" და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "კასტრმა" წლეულს შინ მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ისიც შორეულ დეკემბერში "ტულუზთან" - 16:18.

შესაბამისად, ამ გუნდის ძლევა მონპელიელთათვის ურთულესი საქმე იქნება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გამარჯვებული დამრტყმელების ორთაბრძოლაში გამოვლინდება.

მიმდინარე ჩემპიონატში "მონპელიემ" პირველ წრეში შინ 19:12 მოიგო, სტუმრად კი 20:26 დამარცხდა. ნარიაშვილი და გორგოძე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, ჟღენტი და ფეიქრიშვილი განაცხადში არ არიან.

მეორე წყვილში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" შინ ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს".

ტულუზელები 1994 წლიდან მოყოლებული მუდამ აღწევენ ნახევარფინალურ სტადიას და ამჟამად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან.

წლეულს ჩვენებურთა ეს გუნდი საჩემპიონო თამაშს ვეღარ აჩვენებს. "ტულუზმა" მიმდინარე გათამაშებაში 9 თამაში წააგო, რაც მისთვის აბსოლუტურად უჩვეულოა.

ტულუზელთა აღმასვლა მთავარი მწვრთნელის გი ნოვეს სახელთანაა დაკავშირებული. მან საფრანგეთის ჩემპიონატი თორმეტჯერ მოიგო, აქედან ორჯერ როგორც მოთამაშემ და ათჯერ, როგორც მწვრთნელმა. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "ტულუზს" რეგრესი დაეწყო და მისი მზე მალე ჩაესვენება.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ბრეგვაძე სათადარიგოთა შორისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული