სასიხარულოა, რომ ამ ტიტულისთვის ქართველ მორაგბეთა ქართული გუნდები, "ტულონი" და "კლერმონი" იბრძოლებენ.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" "ჰაინეკენის თასის" წლევანდელი გათამაშება დღემდე დაუმარცხებლად განვლო.
"ვულკანები" ყველაზე შედეგიანები არიან. ისინი საშუალოდ მატჩში 33 ქულას აგროვებდნენ.
ჩვენებურთა ეს გუნდი სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე დაბალანსებულად. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ სერიოზული ჰყავს, სპეციალისტები ფავორიტად მაინც "კლერმონს" მიიჩნევენ.
"ტულონი" ვარსკვლავური გუნდია. მისი მთავარი დამრტყმელი ძალა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონია. თუმცა "ჰაინეკენის თასის" წლევანდელ გათამაშებაში მოპოვებული ქულების რაოდენობით მას სწორედ კლერმონელი მორგან პარა უსწრებს.
საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერმა გუნდს 108 ქულა მოუტანა, თერთმეტით მეტი, ვიდრე ვილკინსონმა.
ერთი სამწუხარო დეტალი. ფინალი დუბლინში გაიმართება, სადაც "კლერმონისა" და "ტულონის" ფანების უმრავლესობა ჩასვლას ვერ ახერხებს.
ორივე გუნდმა საკუთარი ბიუჯეტიდანაც კი გამოჰყო თანხა, რათა ქომაგებს ფინანსურად დახმარებოდა. შედეგად, "ვულკანებს" "ავივა სთედიუმზე" დაახლოებით 6 ათასი ქომაგი დაუჭერს მხარს. მასპინძლები დაახლოებით ამდენივე ტულონელს ელოდებიან.
ორივე ქალაქში დიდი აჟიოტაჟია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი ეკრანი დამონტაჟდა. ქომაგები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან. აკი "ტულუზის" თავკაცმა გი ნოვემ ორიოდ დღის წინათ თქვა:
"ჰაინეკენის თასის ფინალში "კლერმონისა" და "ტულონის" დაპირისპირება იგივეა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალისა" და "ბარსელონას" ორთაბრძოლაო".
სარაგბო სამყაროსთვის ეს მართლაც ასეა. ევროპის ორი უძლიერესი გუნდი 19 მაისს საუკეთესოს გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ "ჰაინეკენის თასის" მფლობელი აქამდე მხოლოდ ორი ფრანგული გუნდი იყო.
ესენია: "ტულუზი" და "ბრივი". ხვალ ეს თასი მესამე კლუბის ალაფათა მუზეუმს დაამშვენებს.
დავით ზირაქაშვილი "კლერმონის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, დავით ქუბრიაშვილი კი ტულონელთა თადარიგში იქნება, ჩილაჩავა, მიქაუტაძე და კოლელიშვილი განაცხადში არ არიან.
"ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველის, შერკინების პირველხაზელის ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე". პარიზული გუნდი, ამ შემთხვევაში, მეტოქესთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაშია, რადგან ირლანდიურ "ლენსტერს" მისსავე მოედანზე დაუპირისპირდება.
ლენსტერელებმა "ემლინ ჩელენჯ კაპზე" "ჰაინეკენის თასის" გათამაშებიდან გადაინაცვლეს. მაშინ, როცა "სტად ფრანსემ" პირველი ტურიდან ბოლომდე წაუგებლად განვლო ეს გათამაშება. ფავორიტი, ცხადია, ერთმნიშვნელოვნად მასპინძელთა გუნდია, რომელმაც შარშან "ჰაინეკენის თასის" მოგება შეძლო.
ზურაბ ჟვანია ფინალურ მატჩში არ ითამაშებს.
ჰაინეკენის თასი
ფინალი
კლერმონი-ტულონი
ემლინ ჩელენჯ კაპი
ფინალი
სტად ფრანსე-ლენსტერი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ფინალური მატჩი გაიმართება.
დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" მამუკა მაგრაქველიძის "პოს" დაუპირისპირდება.
ამ მატჩში გამარჯვებული პირველი დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. ცხადია, ქართველი ქომაგების საგულშემატკივრო ობიექტი "ბრივი" იქნება.
ხინჩაგიშვილი მომავალ სეზონში, ყველა შემთხვევაში, პირველ დივიზიონში ითამაშებს, რადგან პარიზულ "მეტრო რასინგთან" უკვე გააფორმა ხელშეკრულება. "ბრივში" კი, მიუხედავად ამისა, ისევ ქართული სამეული იქნება, რადგან შველიძესა და ნატრიაშვილს "ორიაკიდან" გადაბარგებული კარლენ ასეიშვილი დაემატება.
ამასობაში სერიოზული სკანდალია აგორებული "პოს" ირგვლივ. ნახევარფინალში "ლა როშელთან" დაპირისპირებისას ორჯერ ატყდა გუნდური ჩხუბი, რის გამოც არბიტრმა უხვად არიგა წითელი ბარათები.
შედეგად, "პოს" რამდენიმე მორაგბეს მკაცრი სანქციები ელის. გამორიცხული არ არის, მათ ფინალში თამაშის უფლებაც არ მისცენ, რაც "ბრივის" გამარჯვების შანსს საგრძნობლად გაზრდის.
"ბრივისა" და "პოს" დაპირისპირება ბორდოში გაიმართება. შველიძე ძირითად შემადგენლობაშია, ნატრიაშვილი თადარიგში იქნება, ხინჩაგიშვილი და მაგრაქველიძე განაცხადში არ არიან.
II დივიზიონი
ფინალი
ბრივი-პო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონში ამჟამად ნახევარფინალური ეტაპია.
სამწუხაროდ პლეი ოფის ამ სტადიაზე ქართველ მორაგებთა გუნდებმა ვერ გააღწიეს. თუმცა ნახევარფინალში ითამაშებს ქართველი მწვრთნელის დავით ბოლღაშვილის მიერ გაწვრთნილი "ლილი", რომლის მეტოქეც "ბურგ ან ბრესია".
ფინალში გასვლის შემთხვევაში "ლილი" მეორე დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. "ლილი" მეორე გუნდი იქნება, რომელმაც ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მსგავს წარმატებას მიაღწია.
შარშან მეორე დივიზიონის საგზური ვიქტორ დიდებულიძის პარიზულმა "მასიმ" მოიპოვა.
ფედერალ 1
1/2 ფინალი
ლილი-ბურგ ან ბრესი, მონტობანი-ბურგუენი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"