შედეგად, ამ ქვეყნის ელიტურ, პირველ დივიზიონს ახალი ლიდერი ეყოლება.
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონთან" დამარცხდა - 9:24.
აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებულებს წინააღმდეგობა მხოლოდ 54-ე წუთამდე გაუწიეს. მეტიც, მინიმალური სხვაობით იგებდნენ კიდეც - 9:8, თუმცა თამაშის დასრულებამდე მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.
ტულონელებმა მატჩის დასკვნით ნაწილში მეტოქე საგრძნობლად შეავიწროვეს. მათ ერთი გარდასახული ლელო, ამდენივე არეკნი და ორი საჯარიმო გაიტანეს,
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩილაჩავამ ის 70-ე წუთზე შეცვალა. იმავდროულად, თამაშში ბრეგვაძეც ჩაერთო; კაკოვინი პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე შეცვალეს.
მოულოდნელი შედეგით, შეიძლება ითქვას, რომ სენსაციურად დასრულდა მეორე ნახევარფინალური მატჩი.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" უმძიმეს ბრძოლაში აჯობა წლევანდელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებულ, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" - 25:9.
კასტრელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მრისხანე მეტოქეს, რომელიც წლევანდელი გათამაშების ყველაზე რეალური ფავორიტი იყო, გამარჯვების მოპოვების იოტისოდენა შანსიც არ მისცეს.
კასტრელების შემადგენლობაში ისევ გამორჩეული იყო სამხრეთაფრიკელი დამრტყმელი რორი კოკოთი, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ფინალში "კასტრი" და "ტულონი" ითამაშებენ. მატჩი პირველ ივნისს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.
I დივიზიონი
ნახევარფინალი
კლერმონი-კასტრი 9:25
ტულონი-ტულუზი 24:9
ფინალი
ტულონი-კასტრი
ფედერალ 1 დივიზიონში ნახევარფინალური მატჩების შემდეგ ორი ფინალისტი გამოვლინდა, რომლებმაც ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური ავტომატურად მიიღეს.
სამწუხაროდ, ორი შეხვედრიდან ორივე წააგო საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელის, დავით ბოლღაშვილის "ლილმა".
ჩვენებურის დამოძღვრილმა გუნდმა სტუმრად "ბურგ ან ბრესთან" 6:25 წააგო. საპასუხო მატჩში ლილელებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდნენ - 7:8.
ფედერალ 1
ბურგ ან ბრესი-ლილი 8:7 (25:6)
მონტობანი-ბურგუენი 9:22 (18:10)
ფინალი
ბურგ ან ბრესი-ბურგუენი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"