მამუკა გორგოძე ორ თვეს ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიეს" ქართველი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე 30 ივლისს ვარჯიშზე დაშავდა. მან ფეხის კუნთი გაიწყვიტა და ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

"მონპელიეს" ხელმძღვანელებმა წლეულს სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენეს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გუნდი პლეი ოფში არა მარტო გასასვლელად, არამედ იქ წარმატების მისაღწევად იბრძოლებს.

შარშან, ჩემპიონატის დაწყების წინ, მონპელიელებს ოთხი ერის გათამაშებაში მივლინებული არგენტინელი მორაგბეები დააკლდათ. ამჯერად კი დანაკლისი კიდევ უფრო მეტად საგრძნობი იქნება.

მამუკა გორგოძე დაახლოებით შვიდი-რვა ტურის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს. მასთან ერთად
სერიოზულად დაშავდა შერკინების კვაჭი ტომას ბიანკი, რომელიც "მონპელიეში" ერთი თვის წინათ პარიზული "მეტრო რასინგიდან" გადავიდა.

ამასობაში, მორიგი საწვრთნელი მატჩი გამართა ფრანგული რაგბის გრანდმა, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა".

ჩვენებურთა გუნდი მეორე დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ლა როშელს" დაუპირისპირდა და 33:7 მოუგო. ტულუზელებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, აქედან ორი უკანახაზელის, მაქსიმ მედარის ანგარიშზეა.

3 აგვისტოს კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გაიმართება. მათ შორის ყველაზე საინტერესო საგრძნობლდად მოღონიერებული, დავით ხინჩაგიშვილის პარიზული "მეტრო რასინგისა" დაპირისპირებაა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონთან".

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ტულონელებმა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" მოუგეს - 34:23. ჩილაჩავამ ამ შეხვედრაში მეტოქეს 65-ე წუთზე ლელო გაუტანა.

საკონტროლო მატჩები
ორიაკი-ბრივი, ბიარიცი-ოიონაქსი, პერპინიანი-კლერმონი, ტულონი-მეტრონ რასინგი, ტარბი-აჟენი, ბაიონი-სტად ფრანსე, კასტრი-ალბი, ოში-მონ დე მარსანი, ბურგ ან ბრესი-ნანტი, გრენობლი-მონპელიე, ბეზიე-ზებრე, კარკასონი-კოლომიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული