ცუდი ამბავი საფრანგეთიდან - ბრეგვაძე და კაკოვინი "ბორჯღალოსნებს" დააკლდებიან

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე ტურის მატჩები უიღბლო გამოდგა საქართველოს ნაკრების ორი მორაგბისათვის.

ფრანგული რაგბის გრანდის, "ტულუზის" პირველხაზელები - ჯაბა ბრეგვაძე და ვასილ კაკოვინი მძიმედ დაშავდნენ და თამაშს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

ჩვენი მორკინალების გუნდი პირველ ტურში სტუმრად გამართულ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ შინ ეთამაშა ბასკურ "ბაიონს" და 40:3 დაამარცხა.

შეხვედრა ორი წუთის დაწყებული იყო, როცა ვასილ კაკოვინმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

ჯაბა ბრეგვაძე თადარიგში იყო და თამაშში 53-ე
წუთიდან ჩაერთო, მან მოედანზე მხოლოდ 17 წუთი დაჰყო.

ერთ-ერთ ეპიზოდში ბასკების მესამეხაზელმა ჟან-ჟო მარმოიეტმა მას მუხლი ჩაარტყა. მატჩის არბიტრმა მეტოქისთვის განზრახ ტრავმის მიყენებისთვის ბასკს წითელი ბარათი უჩვენა და, სავარაუდოდ, ერთთვიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მსაჯებმა ხუთ მოთამაშეს უჩვენეს წითელი ბარათი, რაც პირველი დივიზიონის რეკორდია.

ეს ტულუზელებისთვის და, მით უფრო, ჩვენთვის, დიდი ნუგეში არ არის. საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს გასამართი. ძნელი სათქმელია, იქამდე მოასწრებენ თუ არა გამოჯანმრთელებას ჩვენი მორაგბეები.

სენსაციურად დასრულდა მატჩი ოიონაქსში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა, რომელიც პირველი დივიზიონის დებიუტანტია, გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" დაამარცხა - 30:19.

ოიონაქსელებმა პირველ ტაიმში მრისხანე მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მშრალი ანგარიშით მოუგეს - 20:0.

ასეთი ალიყური "ვულკანებს" არავისგან მოხვედრიათ. ძნელი გასახსენებელია, "კლერმონი" ბოლოს როდის აგებდა ასე მწარედ.

ჩვენებურის გუნდმა თავის მონაგარს პირველი ქულები 43-ე წუთზე შესძინა. ნელ-ნელა თამაშის დალაგებაც შეძლო, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერაფრით მოახერხა.

პირველი დივიზიონის ახალბედა "ოიონაქსი" მუდამ სახლის გუნდად მიიჩნეოდა და "ვულკანებთან" მისმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შინ იოლად არავის არაფერს დაუთმობს.

ასე რომ, "ოიონაქსის" წინასწარ გასავარდნად განწირვა დიდი შეცდომაა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

სატურნირო ცხრილს, როგორც მოსალოდნელი იყო, სათავეში ჩაუდგა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დამაჯერებლად სძლია წლეულს საგრძნობლად მოღონიერებულ დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" - 41:14.

ამ მატჩში წითელი ბარათი უჩვენეს "ტულონის" შერკინების ბურჯს მარტინ კასტროჯოვანის. ამდენად, მომდევნო მატჩებში თამაშის შანსი ქართველ მორკინალს ლევან ჩილაჩავას გაუჩნდება. აღნიშნულ დაპირისპირებაში არც მიქაუტაძესა და ხინჩაგიშვილს უთამაშიათ.

პირველი გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა". ჩვენებურის გუნდმა შინ დაამარცხა "გრენობლი" - 34:6. მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხი მცირედი გაუგებრობა იყო.

გუნდი უწინდებურად მობილურად და მძლავრად ირჯება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ტიტულს იოლად არავის დაუთმობს. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-40 წუთიდან გამოჩნდა.

"სასტიკი" ბრძოლა გაიმართა პერპინიანში, სადაც გიორგი ჟღენტის ადგილობრივმა გუნდმა მინიმალური სხვაობით წააგო დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" - 27:28. თამაში მართლაც ძალიან დაძაბული გამოდგა.

ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებას ვერცერთი ახერხებდა. ყველაზე დიდი სხვაობა 55-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა "სტად ფრანსე" ხუთი ქულით იგებდა - 25:20. ბოლო წუთისთვის მასპინძლები ორი ქულით იყვნენ წინ, მაგრამ პარიზელებს გამარჯვება მგეზავმა ჟულ პლისონმა არეკნით მოუტანა.

არბიტრმა მატჩის მსვლელობისას სამი მორაგბე გაასინბინა, აქედან ორი სტუმართა გუნდიდან.

ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და მატჩში 69-ე წუთიდან ჩაერთო, ჟღენტს და ჟვანიას არ უთამაშიათ.

საუკეთესოთა შორის დაბრუნების შემდეგ საშინაო შეხვედრაში პირველი მოგება მიითვალა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა", რომელმაც ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" სძლია - 25:12.

ბრიველებმა, როგორც სჩვევიათ, საკუთარ მოედანზე აღმავლობით ითამაშეს და მეტოქეს გამარჯვების მოპოვების იოტისოდენა შანსიც არ მისცეს.

შესანიშნავ ფორმაშია 34 წლის ქართველი პირველხაზელი გოდერძი შველიძე, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 52-ე წუთზე შეცვალეს. ასეიშვილი და ნავროზაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

სტუმრად ბასკურ "ბიარიცთან" დამარცხდა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 12:19.

შედეგად, ორი ტურის შემდეგ ჩვენებურთა გუნდი თავისთვის უჩვეულო, ბოლო ადგილზეა. გორგოძე ტრავმირებულია, ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
II ტური
ტულონი-მეტრო რასინგი 41:14, ოიონაქსი-კლერმონი 30:19, ბიარიცი-მონპელიე 19:12, კასტრი-გრენობლი 34:6, პერპინიანი-სტად ფრანსე 27:28, ტულუზი-ბაიონი 40:3, ბრივი-ბორდო 25:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 7 ქულა, 2. ტულუზი - 6, 3. კასტრი - 6, 4. ბრივი - 5, 5. ბიარიცი - 5, 6. პერპინიანი - 5, 7. სტად ფრანსე - 5, 8. ბაიონი - 5, 9. კლერმონი - 4, 10. ბორდო - 4, 11. ოიონაქსი - 4, 12. მეტრო რასინგი - 4, 13. გრენობლი - 4, 14. მონპელიე - 3.

III ტური
სტად ფრანსე-ბიარიცი, კლერმონი-ტულუზი, ბორდო-კასტრი, მონპელიე-ბრივი, მეტრო რასინგი-ოიონაქსი, ბაიონი-პერპინიანი, გრენობლი-ტულონი.

ბოლო საკონტროლო შეხვედრები გამართეს მეორე დივიზიონის ბინადარმა "ქართულმა გუნდებმა". გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა" თანადივიზიონელი "პო" დაამარცხა მინიმალური სხვაობით - 13:12.

ორივე ქართველმა მორაგბემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ლანგედოკურ დერბიში ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 27:31.

შეყლაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. თამაზ მჭედლიშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" კი ასევე სტუმრად დამარცხდა "მონ დე მარსანთან" - 15:24.

შეგახსენებთ, რომ მეორე დივიზიონში გათამაშება მომავალ უქმეებზე დაიწყება.

საკონტროლო მატჩები
მონ დე მარსანი-ბურგ ან ბრესი 24:15, ლიონი-პო 13:12, ნარბონი-ბეზიე 31:27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოგესალმებიტ, იქნებ ვინმემ რაგბის წესები ამიხსნატ, წინასწარ დიდი მადლობა
lika
12:15 26-08-2013
0
მოგესალმებიტ იქნებ ვინმემ ამიხსნას რაგბის წესები, წინასწარ დიდი მადლობა
Lika
12:16 26-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული